From : Tinatin Khardziani </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=DF85F02F2C1346A0A03F665F92C51F0A-TINATIN>
To : Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>
Subject : Fwd: შეხვედრა
Received On : 28.09.2020 13:20



Sent from my iPhone

Begin forwarded message:

From: Tengiz Tsertsvadze
Date: 27 September 2020 at 23:49:56 GMT+4
To: Ekaterine Tikaradze
Cc: Tamar Gabunia , Tinatin Khardziani
Subject: შეხვედრა



სასწრაფოდ! 

 

ქალბატონო ეკატერინე,

 

როგორც მოგეხსენებათ, ბოლო ორი კვირის მანძილზე ქვეყანაში აღნიშნება COVID-19-ის შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება, რამაც ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე დააყენა მთლიანად ქვეყანა და პირველ რიგში ის სამსახურები, რომლებიც პასუხიმგებელნი არიან COVID-19-ის მართვაზე. ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგა კლინიკური სექტორიც. ამ ეტაპზე შესაბამისი სამსახურების (საკოორდინაციო საბჭო, ჯანდაცვის სამინისტრო და სხვ.) ყურადღება ძირითადად მიმართულია პაციენტების მზარდი ნაკადის განთავსების პრობლემაზე, რაც მეტნაკლებად წარმატებით ხერხდება. მაგრამ ძალიან სერიოზული პრობლემები და გამოწვევებია ავადმყოფების სულ უფრო მზარდი ნაკადის კლინიკური მართვის ნაწილში და მერწმუნეთ, თუ ამ მიმართულებით სასწრაფოდ არ გადაიდგმება სერიოზული და ეფექტიანი ნაბიჯები, უმოკლეს დროში შეიძლება მივიღოთ ძალიან მძიმე შედეგები, კერძოდ - COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევების მკვეთრი მატება, რაც ძალიან ცუდად აისახება (განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში) ჯანდაცვის სამინისტროს და ქვეყნის ხელმძღვანელობის იმიჯზე და მთლიანად ქვეყანაზე, ვინაიდან გარდაცვალების შემთხვევების მკვეთრი მატება გაცილებით უფრო მტკივნეულად ასატანი იქნება მოსახლეობისათვის, ვიდრე საკუთრივ COVID-19-ის შემთხვევების მატება. ის, რომ მიუხედავად აქტიური COVID-19-ის ინფექციით ავადმყოფების და მძიმე და კრიტიკულად მძიმე ავადმყოფების რაოდენობის ზრდისა, ჯერ კიდევ ვინარჩუნებთ სიკვდილობის ძალიან დაბალ მაჩვენებელს, დიდწილად განაპირობებს იმას, რომ მოსახლეობა მაინც პოზიტიურად აფასებს ქვეყნის და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის საქმიანობას ამ მიმართულებით. მაგრამ ეს ძალიან მყიფეა და შეიძლება დიამეტრალურად შეიცვალოს, თუ დაფიქსირდება სიკვდილობის მკვეთრი მატება.

 

მინდა დაგარწმუნოთ, რომ სამინისტროს ხელმძღვანელობისა და ჩვენი (როგორც კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელის) მჭიდრო კომუნიკაციისა და რეალური კოორდინირების გარეშე (რომელიც ამჟამად ფაქტობრივად ნულოვან ნიშნულზეა), ზემოთაღნიშნული ამოცანა ვერ მიიღწევა.  

 

ამის დასაბუთებას ამ წერილში არ შევუდგები, მაგრამ დამიჯერეთ, რომ ეს ნამდვილად ასეა. ამიტომ ძალიან გთხოვთ დროებით მაინც გადავდოთ ჩვენს შორის არსებული უთანხმოება და უმოკლეს დროში, სასწრაფოდ შევხვდეთ ერთმანეთს, რათა დავსახოთ მთელი რიგი აუცილებელი და გადაუდებელი ღონისძიებები, რასაც სამწუხაროდ, ცალ-ცალკე ძალისხმევით ვერ შევძლებთ. თუ ასე არ მოვიქცევით, ჩვენ დავაღალატებთ (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) ქვეყნის ხელმძღვანელობას და რაც მთავარია ქვეყნის მოსახლეობას. ამიტომ კიდევ ერთხელ ძალიან გთხოვთ, შევხვდეთ უმოკლეს დროში.  

 

პატივისცემით,

 

თენგიზ ცერცვაძე

 

P.S. სამწუხაროდ, ჩვენი სიტუაცია გარკვეულწილად მაგონებს იმას, რასაც ადგილი ჰქონდა 27 წლის წინ აფხაზეთის დაკარგვის პერიოდში, როცა ორ ბანაკად გაყოფილი (შევარდნაძის და გამსახურდიას მომხრეები) ქართველობა იმის მაგივრად, რომ საერთო მტერთან საბრძოლველად გაერთიანებულიყვნენ, ვერ შესძლეს დაეძლიათ ერთმანეთთან დაპირისპირება, რასაც მთლიანად ქვეყნისთვის და მოსახლეობის ცალკეული ჯგუფებისთვის უკიდურესად მძიმე, ტრაგიკული შედეგები მოჰყვა, რაც, ალბათ თქვენი ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, მაინც კარგად გემახსოვრებათ.