| From : | Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge> |
| To : | etikaradze@moh.gov.ge |
| Subject : | COVID-19 |
| Cc : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge> |
| Received On : | 04.10.2020 17:43 |
ქალბატონო ეკატერინე,
მოგახსენებთ, რომ დღეს მე და ჩვენი წამყვანი ექიმების ხუთკაციანი გუნდი ვაპირებდით ბათუმში ჩასვლას (ეს თქვენს ინტერვიუშიც ახსენეთ), რათა დავხმარებოდით რესპუბლიკურ საავადმყოფოს (სადაც ყველაზე მძიმე მდგომარეობაა), როგორც მეთოდურად, ორგანიზაციულად და აკადემიურად, ისე ექიმების მძიმე ავადმყოფებთან პირდაპირი მუშაობით, 1-2 კვირის მანძილზე ან შეიძლება მეტიც. მაგრამ ამ დილით აჭარის მინისტრმა ქ-ნმა ნინო ნიჟარაძემ ტელეფონით გვაცნობა, რომ მათთან ამ საავადმყოფოში უკვე ჩავიდა ბ-ნ ლევან რატიანის ასევე 4 თუ 5-კაციანი გუნდი და უკვე შეუდგნენ მუშაობას. ბუნებრივია, დუბლირების თავიდან ასაცილებლად ჩვენ ჩვენი ბათუმში ვიზიტი გავაუქმეთ. ვფიქრობთ, სამინისტრომ კარგი არჩევანი გააკეთა, რადგან ბათუმის რესპუბლიკურ საავდმყოფოში 16 გარდაცვლილი ჰყავთ, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში - 9 გარდაცვლილი და ალბათ, კარგად გაუგებენ ერთმანეთს.
რა თქმა უნდა, სამინისტროს გადასაწყვეტია თუ ვის სად გაუშვებს სამუშაოდ და დასახმარებლად, მაგრამ თუ სამინისტრო ჩვენ მართლა გვთვლის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელად, მაშინ მას ალბათ უნდა შეეთანხმებინა ჩვენთან ბ-ნი ლევანის გუნდის ბათუმში ვიზიტი, ან უკიდურეს შემთხვევაში საქმის კურსში მაინც უნდა ჩავეყენებინეთ, რათა არ დაგვეგეგმა იგივე დღეებში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩასვლა და სხვაგვარად გადაგვენაწილებინა ჩვენი დრო და ჩვენი ძალები. მე აგრეთვე უკვე აღარ ვიცი, თუ ვინ არის რეალურად კლინიკური ჯგუფის წევრი, რამდენადაც სამინისტრო ხან ერთ შემადგენლობას ეძახის, ხან სხვას. ამასთან, ხშირად არ ეძახის მათ, ვინც ბრძანებით კლინიკური ჯგუფის წევრები არიან და ეძახის მათ, ვინც ამ ჯგუფის წევრები არ არ არიან.
ჩვენ არაერთგზის შევთავაზეთ სამინისტროს ხელმძღვანელობას, გავეთავისუფლებინეთ კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელობისგან, მითუმეტეს, რომ ამ მიმართულებით მთელი საქმიანობა გვიწევს არაფორმალურად და თითქმის პარტიზანულად, სამინისტროსთან ყოველგვარი კოორდინაციისა და მხარდაჭერის გარეშე. ეს ეხება ჩვენს კონსულტაციებს და დახმარებას COVID კლინიკებთან, განსაკუთრებით ახლად ჩართულ კლინიკებთან, რომელთაც ამ დარგში არავითარი გამოცდილება არა აქვთ და ბოლო პერიოდის სიკვდილობის უმეტესობა სწორედ მათზე მოდის. აგრეთვე ტრენინგებს, მათ შორის, როგორც კლინიკის ექიმების, ისე ოჯახის ექიმების ტრენინგებს, რომელთაც ამ დარგში ასევე არავითარი გამოცდილება არა აქვთ და მოუმზადებლად ჩაერთვნენ COVID-19-ით ავადმყოფების კლინიკურ მართვაში, მათ შორის ბინაზე და სასტუმროებში მართვაში. ეს ეხება აგრეთვე ქვეყნის მასშტაბით COVID კლინიკებში ახალი და/ან აუცილებელი სადიაგნოსტიკო მეთოდების და სამკურნალო პროცედურების დანერგვას, კლინიკებიდან მონაცემების შეგროვებას და მათ ანალიზს და სხვ.
ბოლოს და ბოლოს, სამინისტროს ის მაინც ხომ შეუძლია, რომ ან მოახდინოს ჩვენი საქმიანობის ფორმალიზაცია და მხარდაჭერა. ან გვითხრან, რომ ამ საქმეში ჩვენი გამოცდილება და მონაწილეობა არ სჭირდებათ. საგულისხმოა, რომ გასულ პერიოდში რამოდენიმე ათეულ ქვეყანაში, მათ შორის წამყვან ქვეყნებში, დაინტერესდნენ და თან სერიოზულად, ჩვენი გამოცდილებით და რეკომენდაციებით, მაშინ როდესაც სამინისტროდან ერთხელ არ უკითხავს ვინმეს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს COVID-19-ით ავადმყოფების კლინიკური მართვის გასაუმჯობესებლად და მითუმეტეს არ დაგვხმარებია რაიმე აქტივობის და/ან ინიციატივის განხორციელებაში.
პატივისცემით,
თენგიზ ცერცვაძე