| From : | Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge> |
| To : | etikaradze@moh.gov.ge |
| Subject : | ხელოვნური სუნთქვის აპარატები |
| Cc : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge> |
| Received On : | 27.08.2020 10:48 |
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრს, ქ-ნ ე. ტიკარაძეს
ქალბატონო ეკატერინე,
მოგახსენებთ, რომ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრს (შემდგომში ცენტრს) სადღეისოდ გატარებული ჰყავს ქვეყანაში ყველაზე მეტი - 338 COVID-19-ით პაციენტი, მათ შორის კრიტიკულად მძიმე და ჟანგბადდამოკიდებული ავადმყოფები. გარდა ამისა, ცენტრი ქვეყანაში ერთადაერთი სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც მომსახურებას უწევს აივ/შიდსით, სხვა მძიმე და განსაკუთრებით საშიში ინფექციებით ავადმყოფებს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი საჭიროებს მკურნალობას ინტენსიური თერაპიის ბლოკში.
ცნობილი მიზეზების გამო ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მთლიანად ამორტიზებულია, ხოლო აპარატურა და აღჭურვილობა, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატები მოძველებულია და არასაკმარისი რაოდენობის.
COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ ცენტრს, რომელიც 100%-ით სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი სააქციო საზოგადოებაა, სახელმწიფოსგან არანაირი აპარატურა და აღჭურვილობა არ მიუღია.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, გერმანიის მთავრობა COVID-19-თან ბრძოლის გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, ქვეყნის კლინიკებისათვის ჰუმანიტარული დახმარების სახით გადმოსცემს „Draeger“-ის ფირმის 6 ცალ თანამედროვე ხელოვნური სუნთქვის აპარატს - Evita V 600-ს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ ყოველივე ზემოთაღნიშნული და გადმოსცეთ ცენტრს ზემოთდასახელებული 6 ხელოვნური სუნთქვის აპარატი. ისინი გამოყენებულ იქნება ცენტრის მიერ კრიტიკულად მძიმე ავადმყოფების სამკურნალოდ, ხოლო ცენტრის ახალ შენობაში გადასვლის შემდეგ, მათ გადავიტანთ ახალ შენობაში.
უმორჩილესად გთხოვთ კონკრეტულად ზემოთაღნიშნული აპარატების გადმოცემას, რამდენადაც მათი პარამეტრები და ფუნქციური შესაძლებლობები ყველაზე უკეთ შეესაბამება ცენტრის საჭიროებებს.
აღნიშნული აპარატების ცენტრისთვის გადმოცემა სერიოზულად გააძლიერებს ცენტრის პოტენციალს COVID-19-ით, აივ/შიდსით და განსაკუთრებით საშიში ინფექციებით კრიტიკულად მძიმე ავადმყოფების მკურნალობისა და მართვის და გამოსავლების გაუმჯობესების თვალსაზრისით.
წინასწარ გიხდით მადლობას თანაშრომლობისათვის.
პატივისცემით,
თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და
კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის
გენერალური დირექტორი
პროფესორი