| From : | Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge> |
| To : | etikaradze@moh.gov.ge |
| Subject : | ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრი |
| Cc : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge> |
| Received On : | 12.08.2020 13:38 |
სასწრაფო!
ქალბატონო ეკატერინე,
მოგახსენებთ, რომ ჩვენი არაერთგზის წერილობითი, მყარად დასაბუთებული და სასოწარკვეთილი თხოვნის მიუხედავად ცენტრს კვლავ უწევს საქმიანობა კრიტიკულად მძიმე, არაადამიანურ პირობებში და თან სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, რაც ყველასთვის ცნობილია და დადასტურებულია სამინისტროს რეგულირების სამსახურის მიერ.
ჩვენს ბოლო. ა.წ 6 აგვისტოს წერილში ჩვენ გწერდით, რომ ცენტრისთვის გადაუდებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაოები იმას ნიშნავს, რომ ეს სამუშაოები ცენტრს გადაუდებლად სჭირდება და არა ერთი თვის ან ექვსი თვის შემდეგ და რომ COVID-19-ით ან აივ/შიდსით ჟანგბადდამოკიდებული პაციენტი ჟანგბადის ვერმიწოდების გამო რომ დაგვეღუპოს (რაც ძალიან რეალურია) ან კიდევ ვენტილაციის არქონის გამო COVID-19-ის ან სხვა საშიში ინფექციების გავრცელება მოხდეს (რაც ასევე ძალიან რეალურია), ალბათ ისევ ჩვენ დაგვიჭერენ, რაც უდიდესი უსამართლობა იქნება. გაჭედილ კანალიზაციასა და სხვა არადამიანურ პირობებზე აღარაფერს ვამბობ. მაგრამ არათუ რაიმე დახმარება, სამინისტროდან ელემენტარული სიტყვიერი კომუნიკაციაც კი არ ყოფილა, თუ რას გვიპირებენ და როგორ უნდა მოვიქცეთ.
ჩვენ იძულებული ვართ ა.წ. 20 აგვისტოდან შევაჩეროთ COVID-19-ით და აივ/შიდსით სტაციონარული ავადმყოფების მიღება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ ზემოთაღნიშნული და მისცეთ მითითება სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებს, აღარ გამოგზავნონ ა.წ. 20 აგვისტოს შემდეგ ჩვენს ცენტრში COVID-19-ით ავადმყოფები, აგრეთვე სასწრაფოდ გვაცნობოთ, თუ რომელ კლინიკაში გადავამისამართოთ აივ/შიდსით ავადმყოფები, რომლებიც აუცილებლად საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში ცენტრი იხსნის ყველა პასუხისმგებლობას მოსალოდნელ უმძიმეს შედეგებზე.
პატივისცემით,
თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის
გენერალური დირექტორი
პროფესორი
P.S. ცნობისთვის, ჩვენს ცენტრს უკიდურესად მძიმე, არაადამიანურ პირობებში მუშაობის, სამინისტროდან სრული იგნორირების და შპს „ავერსი-ფარმასგან“ მაქსიმალური შევიწროვების მიუხედავად, ა.წ. თებერვლიდან დღემდე გატარებული ჰყავს COVID-19-ით 317 ავადმყოფი - გაცილებით მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა COVID კლინიკას. ჰყავს ყველაზე მეტი (265) გამოჯანმრთელებული და მხოლოდ ერთი გარდაცვლილი ავადმყოფი. ამასთან არა ჰყავს არცერთი დაინფიცირებული მედპერსონალი. გარდა ამისა, ცენტრს გატარებული ჰყავს განსაკუთრებით საშიში ინფექციით - ყირიმ-კონგოს ცხელებით 12 ავადმყოფი, რომელთაგან მხოლოდ ერთი გარდაიცვალა (8%), რაც ამ დაავადებით გამოწვეული ლეტალობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპაში. ცნობისთვის ქვეყნის სხვა კლინიკებში მოთავსებული იყო ყირიმ-კონგოს ცხელებით 5 ავადმყოფი, რომელთაგან 3 გარდაიცვალა. ცენტრი უზრუნველყოფს აგრეთვე აივ/შიდსით ავადმყოფებში 2.5 ჯერ ნაკლებ სიკვდილობას, ვიდრე საშუალოდ მსოფლიოში და 2-ჯერ ნაკლებ სიკვდილობას, ვიდრე აშშ-ში. ცენტრს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით გატარებული და განკურნებული ჰყავს 20 ათასამდე ავადმყოფი.
ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ასეთი სამედიცინო დაწესებულებისადმი ყოვლად აუხსნელი, ბარბაროსული დამოკიდებულება არის არამარტო მცდელობა ბოლომდე მიიყვანოს ბ-ნი სერგეენკოს მიერ დაწყებული ცენტრის განადგურების პროცესი, არამედ ეს არის ცალსახა და სერიოზული საბოტაჟი ქვეყნის მიმართ და რატომ აკეთებს ამას სამინისტრო, გაუგებარია.
P.P.S. შეგახსენებთ, რომ ლაპარაკია სულ რაღაც 300 ათასი ლარის გადაუდებლად ჩასატარებელ სარემონტო სამუშაოებზე, რომელიც სამინისტროს ძალიან იოლად შეეძლო გამოეყო საკუთარი რეაბილიტაციის და აღჭურვის პროგრამიდან, ან უკიდურეს შემთხვევაში ეშუამდგომლა ჩვენი საკუთარი დივიდენდის გამოყენების უფლების მიღებაზე. მითუმეტეს, იმ ფონზე როცა სამინისტრო და მთავრობა მყისიერად იღებენ გადაწყვეტილებებს COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის ყველა სხვა საკითხში, მათ შორის ისეთ ღონისძიებებში, რაც დაკავშირებულია სერიოზულ ხარჯებთან.
წინამდებარე წერილის ორიგინალი ჩაბარდა სამინისტროს კანცელარიას ა.წ. 12 ივლისს.