| From : | Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge> |
| To : | etikaradze@moh.gov.ge |
| Subject : | ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი |
| Cc : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge> |
| Received On : | 20.08.2020 17:57 |
ქალბატონო ეკატერინე,
გავეცანით თქვენს პასუხს პირველი არხის ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელთანაც ჩვენ არანაირი შეხება არ გვქონია და არ ვიცით, საიდან ჰქონდა ინფორმაცია. საერთოდ ჩვენ გვინდოდა ეს უმწვავესი პრობლემა სამინისტროს შიგნით გადაგვეწყვიტა და არ გაგვესაჯაროვებინა, მაგრამ არ გამოვიდა. უფრო მეტიც - მთელი დღის მანძილზე მასმედიის უპრეცედენტო მცდელობების მიუხედავად, ჩვენ მხოლოდ იგივე პირველი არხის ჟურნალისტს მივეცით ინტერვიუ, ისიც მხოლოდ აუდიო და არა ტელეინტერვიუ, თან ძალიან ზომიერი და თავშეკავებული.
თქვენმა პასუხმა პირადად ჩემი და მთელი კოლექტივის დიდი აღშფოთება გამოიწვია, ვინადიან იქ ერთი სიტყვაც კი არ იყო მართალი, ხოლო თქვენი გამოღმა შემოდავების მცდელობა სულ ცოტა მკრეხელობაა და მეტი არაფერი და ეს თქვენც ძალიან კარგად იცით. ხაზგასმით ვამბობ - ჩვენ პროგრამას კი არ ვტოვებთ, არამედ თქვენ გვაიძულეთ, რომ პაციენტების ნაწილის მიღება შეგვეწყვიტა. მაშინ როდესაც ყველაფრის მოგვარება სულ იოლად, ძალიან იოლად შეგეძლოთ, ან ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი პროგრამის ხარჯზე, ან თუნდაც ჩვენივე დივიდენდის ხარჯზე, მაგრამ ამისთვის საჭირო იყო თქვენი შუამდგლომლობა ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროებთან და შესაბამისი ოფიციალური გადაწყვეტილებების მიღება და არა ის ლიტონი სიტყვები, რომ ყველა სამინისტრო მზადაა, რომ ჩვენ ჩვენივე დივიდენდი გამოვიყენოთ. თქვენ კარგად იცით, რომ დივიდენდი სახელმწიფოს საკუთრებაა და მისი გამოყენება ასე იოლად არ ხდება. საჭიროა მაღალი დონის წერილობითი გადაწყვეტილებები, რაზეც მინიშნებაც კი არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მთელი წელია გეხვეწებით (განსაკუთრებით ბოლო პერიოდში), რომ როგორმე ხელი შეგვიწყოთ მართლაც რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშოების ჩასატარებლად, მაგრამ უშედეგოდ.
ვითომ ვერ ხვდებით, რომ COVID-19-ით ან აივ/შიდსით ჟანგბადდამოკიდებული ავადმყოფი ჟანგბადის ვერმიწოდების გამო რომ დაგვეღუპოს (რაც ძალიან რეალურია) ან კიდევ ვენტილაციის და/ან გამწმენდი ნაგებობის არქონის გამო COVID-19-ის ან სხვა საშიში ინფექციების გავრცელება მოხდეს (რაც ასევე ძალიან რეალურია), ან კიდევ დამიწების არქონის გამო პაციენტს დენმა დაარტყას, ეს სისხლის სამართლის დანაშაული იქნება და ალბათ ისევ ჩვენ დაგვიჭერენ და არა თქვენ, რაც უდიდესი უსამართლობა იქნება. ამიტომ გადაუდებელი სარემონტო სამუშოები სწორედ დღესვეა ჩასატარებელი (უფრო სწორად გუშინ იყო) და არა ერთი თვის ან ექვსი თვის შემდეგ. არაფერს ვამბობ იმაზე, შპს „ავერსი-ფარმასთან“ საიჯარო ხელშეკრულება დროზე (იანვარში) რომ დაგედოთ და არა დიდი დაგვიანებით - შპს „ავერსი-ფარმა“ სამრეცხაოს არ დაგვინგრევდა , ან კიდევ ცენტრის ადმინისტრაციის შენობას ჭერს არ გადახდიდა და დირექციას და პერსონალს წვიმის ქვეშ არ მოუწევდათ ყოფნა, თქვენ ეს ყველაფერი არ გაღელვებთ, ან შეიძლება გიხარიათ კიდეც, მაგრამ სინამდვილეში ეს ყველაფერი ძალიან მძიმე მოსათმენია., რადგან ჩვენც ადამიანები ვართ. თქვენ კიდევ იმაზე ღიზიანდებით, თუ რატომ შევაჩერეთ პაციენტების მიღება და აქეთ გვადანაშაულებთ, რაც მკრეხელობაა.
ჩვენ უკვე შესანიშნავად ვიცით, თუ რატომ იქცევით ასე არაადექვატურად და რატომ აგრძელებთ ბ-ნ სერგეენკოს დაწყებულ კურსს ცენტრის განადგურებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენსავით გულით და კომპეტენტურად ქვეყნის საქმეს არავინ აკეთებს (თუ არ გჯერათ, ამაზე შედეგები მეტყველებს), მაგრამ მაინც გვეგონა, რომ მეტ პრაგმატიზმს გამოიჩენდით და არ წახვიდოდოთ საქმისთვის და ქვეყნისთვის (ისევე როგორც პირადად თქვენთვის და ჩვენთვის) დამღუპველ ნაბიჯებზე.
უზარმაზარი ტყუილია აგრეთვე, რომ თქვენ თითქოს არ იყავით ინფორმირებული, რომ ჩვენ იძულებული ვიყავით პაციენტების ნაწილის მიღება შეგვეჩერებინა (და არა პროგრამიდან გავსულიყავით). ჩვენ ამის შესახებ სულ ცოტა 10-ჯერ მაინც ოიციალურად მოგმართეთ წერილობით, მაგრამ უშედეგოდ - პასუხის ღირსადაც კი არ გვთვლიდით.
ყველაფრის გათვალისწინებით კიდევ ერთხელ გთხოვთ (სანამ ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია) საღად შეაფასოთ შექმნილი სიტუაცია, სასწრაფოდ შეგვხვდეთ და გადავწყვიტოთ ცენტრისთვის და რაც მთავარია ქვეყნისთვის მართლაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და გადაუდებელი პრობლემები, რომელთა გადაწყვეტა ძალია იოლია. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ იძულებული ვიქნებით, გადავდგათ საპასუხო რადიკალური ნაბიჯები, რომელიც გარწმუნებთ, პირადად თქვენთვის, საქმისთვის და ქვეყნისთვის მომგებიანი ნამდვილად არ იქნება. რამდენადაც ჩვენს ცენტრთან მიმართებაში უკიდურესად ტენდენციურ და დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას რომ თავი დავანებოთ, უამრავი ჩავარდნა და ხარვეზი გაქვთ აივ/შიდსში, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში და თვით COVID-19-ის კლინიკურ მენეჯმენტში და ამ სერიოზული ხარვეზების გამოსწორება ჩვენი ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი და არა დაპირისპირებით.
გთხოვთ, დღესვე ან უკიდურეს შემთხვევაში ხვალ დღის პირველ ნახევარში შეგვატყობინოთ თქვენი გადაწყვეტილების თაობაზე, ვინაიდან ჩვენც ცენტრის მთელი კოლექტივის, პაციენტების და მასმედიის უზარმაზარი წნეხის ქვეშ ვიმყოფებით.
პატივისცემით,
თენგიზ ცერცვაძე