From : Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge>
To : etikaradze@moh.gov.ge
Subject : ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი
Cc : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge>
Received On : 09.07.2020 11:02

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ქ-ნ ეკატერინე ტიკარაძეს

 

 

 

ქალბატონო ეკატერინე,

 

ბოლო პერიოდში ორჯერ მოგმართეთ თხოვნით შეხვედრის თაობაზე ცენტრის ფუნქციონირებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი, ყველაზე გადაუდებელი პრობლემების, აგრეთვე ქვეყანაში აივ/შიდსის მართვაში არსებული პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, პასუხი არ მიგვიღია.

 

თქვენთან შეხვედრა არ არის ჩვენი თვითმიზანი, არამედ ნაკარნახევია დარგისთვის და ქვეყნისთვის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრის აუცილებლობით.

 

იძულებული ვართ, კიდევ ერთხელ გავიმეორო ის, რაც ადრე არაერთგზის მოგახსენეთ:

 

ბოლო ერთ წლის მანძილზე, მათ შორის COVID-19-ის პანდემიის პერიოდში სამინისტროს არ გადაუდგამს არცერთი სულ პატარა ნაბიჯიც კი ცენტრის უკიდურესად მძიმე მდგომარეობის თუნდაც ნაწილობრივ შესამსუბუქებლად. იჯარაც კი არ გააფორმა. ერთი თეთრიც კი არ გამოუყვია ყველაზე გადაუდებელი სარემონტო სამუშაოებისთვის და/ან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი (მათ შორის COVID-19-ის მართვისთვის საჭირო) აპარატურისა და აღჭურვილობის შესაძენად. მხოლოდ შეპირებები, რომლებიც, ალბათ შემდეგ ცხოვრებაში შესრულდება. არადა, როგორც არაერთგზის მოგახსენეთ, ცენტრის ფუნქციონირებისთვის მინიმალურად აუცილებელი პირობების უზრუნველსაყოფად საკმარისი იყო შპს „ავერსი-ფარმასთან“ საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება და სულ 300-400 ათასი ლარის ღირებულების სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები, რისი გაკეთებაც ძალიან იოლად შეიძლებოდა. 

 

შედეგად, სადღეისოდ მდგომარეობა ასეთია:

 

ისევ არ არის გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება შპს „ავერსი-ფარმასთან“?! (რა გახდა?) რის გამოც ეს უკანასკნელი ცენტრის „მის კუთვნილ“ ტერიტორიაზე ყოფნას თვლის არალეგიტიმურად და გვიზღუდავს ყველანაირ აქტივობას, მათ შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაუდებელი ღონისძიებების განხორციელებასაც კი. შედეგად:   

 

·         ცენტრის ინფრასტრუქტურა მთლიანად ამორტიზებულია. ცენტრს არა აქვს სანებართვი პირობებით და სავალდებული ნორმატივებით გათვალისწინებული ფართები

 

·         ცენტრის ადმინისტრაციას მუშაობა უწევს ჭერგადახდილ (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) შენობაში წვიმის ქვეშ - სრულიად სერიოზულად, ბატონმა პრემიერმა პირადად ნახა.

 

·         ცენტრს არა აქვს გადაუდებელი დახმარების ბლოკი .. „ემერჯენსი.

 

·         ცენტრს არა აქვს აუცილებელი სავენტილაციო სისტემა (რის გამოც, როგორც გახსოვთ, სამინისტრომ სასამართლოშიც კი გვიჩივლა) - არ უნდა გავაკეთოთ? ვენტილაციის გარეშე გვყავდეს COVID-19-ით ავადმყოფები, რომელზეც ძალიან სერიოზული ვარაუდია, რომ ჰაეროვანი გზით გადადის - ეს ხომ დასაჭერი საქმეა?

 

·         ცენტრს არა აქვს გამწმენდი ნაგებობა, რის გამოც დაბინძურებული სითხეები და ფეკალური მასები პიდაპირ ჩაედინება ქალაქის კოლექტორში, რაც მთელ ქალაქს უქმნის ეპიდემიების (მათ შორის COVID-19-ის) საფრთხეს - ესეც დასაჭერი საქმეა.

 

·         ცენტრს არა აქვს პალატებში ჟანგბადის მიწოდების სისტემა (მწყობრიდან გამოვიდა), რაც იმის გათვალისწინებით, რომ COVID-19-ით ავადმყოფების მნიშვნელოვანი ნაწილი ჟანგბადდამოკიდებულია - სრული კოშმარია.

 

·         ცენტრს არა აქვს სასტერილიზაციო (რომლის შენობა შპს „ავერსი-ფარმამ“ დაანგრია)

 

·         ცენტრს არა აქვს სამრეცხაო (რომლის შენობა შპს „ავერსი-ფარმამ“ დაანგრია), რის გამოც იძულებულები ვართ კლინიკის თეთრეული, ეპიდრეჟიმის მოთხოვნების დარღვევით, გასარეცხად ვატაროთ სხვა დაწესებულებაში.

 

·         ცენტრს არა აქვს თანამედროვე რადიოლოგიური აპარატურა (მათ შორის კომპიუტერული ტომოგრაფი, რომლის დადგმის უფლებასაც შპს „ავერსი-ფარმა“ საიჯარო ხელშეკრულების არქონის გამო არ გვაძლევს), რის გამოც იძულებული ვართ COVID-19-ით, აივ/შიდსით და სხვა მძიმე და გადამდები ინფექციებით, მათ შორის მართვით სუნთქვაზე მყოფი ავადმყოფები, გამოსაკვლევად ატაროთ ქალაქის სხვა სამედიცინო დაწესებულებებში, რაც დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან და ინფექციის გავრცელების საფრთხესთან - თუ გაგიგიათ, რომ კიდევ სადმე ასეთი რამ ხდება? და როგორი სატარებელია მართვით სუნთქვაზე მყოფი COVID-19-ით (ან სხვა მძიმე ინფექციით) ავადმყოფები სხვა დაწესებულებებში?

 

·         ცენტრის პალატებში, ადმინისტრაციაში, ლაბორატორიებსა და აფთიაქში დაზიანებული ჭერიდან ჩამოდის წყალი, აყრილია იატაკი, კედლები ლპება, მოშლილია კანალიზაცია და სხვ. რის გამოც პაციენტებს და მედ.პერსონალს ყოფნა უწევთ არაადამიანურ, ღირსებისშემლახავ პირობებში.

 

·         რენტგენის კაბინეტი, არქივი, ვირუსული ჰეპატიტების დისპანსერი და სხვა მნიშვნელოვანი სტრუქტურები მთლიანად ამორტიზებულ კორპუსშია განთავსებული, რომელიც სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე არის ავარიული და იქ პაციენტების და მომსახურე პერსონალის ყოფნა სერიოზული საფრთხის შემცველია.

 

·         ცენტრი მუდმივად განიცდის ზეწოლას და შევიწროებას შპს „ავერსი-ფარმას“ მხრიდან, რომელიც კატეგორიულად ითხოვს ტერიტორიის და შენობა-ნაგებობების დაუყოვნებლივ დაცლას და იჯარის არქონის გამო არ იძლევა უფლებას შესრულდეს გადაუდებლად აუცილებელი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშოებიც კი.

 

ცენტრისთვის ახალი შენობის გამოყოფაზე დაპირებები, რომელიც შვიდი წელია გვესმის, ვერაფერს გვშველის, ვინაიდან ახალ შენობაში გადასვლას (თუ ასეთი მართლა გვეღირსა) ყველაზე უკეთეს შემთხვევაშიც კი სულ ცოტა ერთი წელი დასჭირდება, მაშინ როდესაც დღევანდელ პირობებში საქმიანობის გაგრძელება ერთი კვირითაც კი შეუძლებელია.

 

ჩვენ ადრე არაერთგზის მოგმართეთ წერილობით, ან რაღაც გეღონათ, ან ოფიციალურად გაგეცხადებინათ, რომ სახელმწიფოს ჩვენი ცენტრი არ სჭირდება და მიგეღოთ გადაწყვეტილება ცენტრის ფუნქციონირების შეჩერებაზე, მაგრამ თქვენ არც ერთს აკეთებთ და არც მეორეს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ როგორ მოვიქცეთ? თქვენ ჩვენს ადგილზე რას გააკეთებდით? თქვენ ხომ ადრე საავადმყოფოს ხელმძღვანელობდით, გთხოვთ გულწრფელად გვიპასუხოთ ამ ერთადერთ კითხვაზე.

 

ჩვენ არ ვიცით, რა მზაკვრულ ექსპერიმენტებს ატარებს სამინისტრო და სახელმწიფო ჩვენს ცენტრზე, მაგრამ გარწმუნებთ, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება - იმაზე ბევრად უარესად, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ.

 

კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, სასწრაფოდ შეგვხვდეთ, სასურველია ქ-ნ თამარ გაბუნიასთან და ბ-ნ გიორგი წოწკოლაურთან ერთად, ცენტრის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ყველაზე გადაუდებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების (მაგ. ჟანგბადი, ვენტილაცია, კანალიზაცია და სხვ.) გადაჭრის მიზნით და თან თუ სახელმწიფო რაიმეს გაკეთებას აპირებს, ეს დაუყოვნებლივ, უახლოეს დღეებში უნდა მოხდეს, სანამ COVID-19-ით ავადმყოფების რაოდენობა მინიმალურია.  

 

პატივისცემით,

 

 

თენგიზ ცერცვაძე

გენერალური დირექტორი

პროფესორი