| From : | Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge> |
| To : | etikaradze@moh.gov.ge |
| Subject : | ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი |
| Cc : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge> |
| Received On : | 18.07.2020 18:54 |
სასწრაფოდ!
ქალბატონო ეკატერინე,
ბოლო შეხვედრის შემდეგ რამოდენიმეჯერ მოგმართეთ თხოვნით კიდევ ერთხელ შევხვედროდით და როგორმე ყველაზე გადაუდებელი პრობლემები გადაგვეწყვიტა, მაგრამ უშედეგოდ.
როგორ ფიქრობთ, რატომ მიაღწია საქართველომ COVID-19-თან ბრძოლაში ასეთ უპრეცედენტო წარმატებას? იმიტომ, რომ ბ-ნი გახარია ყურადღებით უსმენდა ყველა კომპეტენტურ პირებს, მათ შორის თქვენც, მყისიერად იღებდა სწორ გადაწყვეტილებებს და ოპერატიულად ახორციელებდა მათ. ამასთან, როცა საჭირო იყო არც სერიოზული თანხების ხარჯვას ერიდებოდა და არც არაპოპულარულ გადაწყვეტილებებს. მარტო NCDC-ის, რომელიც ისედაც იდეალურ პირობებში მუშაობდა, დამატებით რამდენი რამე შეუძინეს და შედეგიც სახეზეა.
დიამეტრალურად საპირისპირო სიტუაციია კლინიკურ სექტორში და განსაკუთრებით ჩვენს ცენტრში, სადაც სამინისტროს მხრიდან აბსოლუტური იგნორირება და უმოქმედობაა და წარმატებებს მხოლოდ ცალკეული ენთუზიასტების თავგანწირვით, არაორდინარული, ხშირად არალეგიტიმური ნაბიჯებით და ქმედებებით და ასევე ხშირად რეგულაციების სერიოზული დარღვევების ხარჯზე ვაღწევთ. ეს სიტუაცია ძალიან მყიფეა და ყოველ წუთს შეიძლება ჩამოიშალოს. ექიმებს დღეს გმირებს გვეძახიან, მაგრამ სერიოზულად რომ მოგვიდგნენ, უკეთეს შემთხვევაში ლიცენზიებს ჩამოგვართმევენ, ხოლო უარეს შემთხვევაში ციხეში მოვხვდებით. ვერაფრით ვერ გამიგია, რატომ აკეთებთ ამას და რაში გაწყობთ ეს.
კიდევ ერთხელ არ ვიცი, რა სიტყვებით აგიხსნათ, რომ:
· არ შეიძლება ასეთი მნიშვნელობის ცენტრი მუშაობდეს იჯარის გარეშე არალეგიტიმურად.
· არ შეიძლება ამხელა ცენტრის ადმინისტრაცია მუშაობდეს შენობაში, რომელსაც გადახურვა გადახდილი აქვს და თავზე აწვიმთ.
· არ შეიძლება ავადმყოფების ყოფნა იმ პალატებში, სადაც კედლები და იატაკი დამპალია და კანალიზაცია არ მუშაობს.
· არ შეიძლება აივ/შიდსით უმძიმესი ავადმყოფები, რომელთა სულ ცოტა 1/3 ჟანგბად დამოკიდებულია, აგრეთვე COVID-19-ით და სხვა მძიმე ჟანგბადდამოკიდებული ავადმყოფები, ჟანბადის მიწოდების გარეშე გყავდეს. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.
· არ შეიძლება აივ/შიდსით (მათ შორის ტუბერკულოზით კოინფექციით), COVID-19-ით და განსაკუთრებით საშიში ინფექციებით (ყირიმ-კონგოს ცხელება) ავადმყოფები გყავდეს პალატებში, სადაც არანაირი ვენტილაცია არ არის. ესეც სისხლის სამართლის დანაშაულია (თქვენ თვითონ არ გვიჩივლეთ?).
· არ შეიძლება COVID-19-ით და სხვა მძიმე ინფექციებით ავადმყოფების ფეკალური მასები და ნარეცხი წყლები ქალაქის კოლექტორში გამწმენდი ნაგებობის გარეშე ჩაედინებოდეს. ესეც სისხლის სამართლის დანაშაულია.
· არ შეიძლება მართვით სუნთქვაზე მყოფი COVID-19-ით, აივ/შიდსით, ყირიმ-კონგოს ცხელებით, მენინგიტებით და სხვა მძიმე და გადამდები ინფექციებით ავადმყოფები კომპიუტერული ტომოგრაფიისათვის სხვა სამედიცინო დაწესებულებაში დაგყავდეს.
· არ შეიძლება კორპუსები, სადაც პაციენტები და მედპერსონალი იმყოფებიან დამიწების გარეშე იყოს და/ან ავარიულ შენობებში იყვნენ განთავსებული.
· არ შეიძლება, ჩვენი არაერთგზის თხოვნის მიუხედავად, ელემენტარული გულგრილობის გამო ერთი წლის მანძილზე აივ/შიდსის სამი ამბულატორიული სერვის-ცენტრი ვერ მოაწყოთ (თელავი, გორი, ახალციხე) და საგანგებო მდგომარეობის დროს მთელი აღმოსავლეთ საქართველოს (თბილისის გამოკლებით) აივ/შიდსით ავადმყოფები მედიკამენტების გარეშე დატოვოთ და ამით პრაქტიკულად სასიკვდილოდ გაწიროთ.
· არ შეიძლება, ასევე ჩვენი არაერთგზის თხოვნის მიუხედავად, აივ/შიდსით ავადმყოფებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) მედიკამენტების - საინფუზიო ტრიმეტოპრიმ- სულფამეტოქსაზოლი, ამფოტერიცინი, რიფაბუტინი, პირიმეტამინი, საინფუზიო განციკლოვირი და სხვ. ქვეყანაში შემოტანაზე არ იზრუნოთ და ამით აივ/შიდსით ავადმყოფები ისევ სასიკვდილოდ გაწიროთ.
· არ არის სწორი COVID კლინიკების შერჩევა ისე, რომ ჩვენ არაფერი გვკითხოთ. არც ის გაინტერესებდეთ, თუ COVID-19-ით ავადმყოფების ოპტიმალური მართვისთვის კვლევის და მკურნალობის რა მეთოდები და მიდგომებია საჭირო. თქვენ როგორ ფიქრობთ ევროპის 49 ქვეყანას შორის COVID-19-ით ყველაზე დაბალი სიკვდილობა თავისით მოვიდა? თქვენ კარგად იცნობთ გერმანიის ჯანდაცვას, რომელიც COVID-19-თან ბრძოლაში ერთ-ერთ სამაგალითოდ ითვლება. როგორ ფიქრობთ, საიდან გვაქვს ჩვენი მათხოვრული რესურსებით თვით გერმანიაზე (სხვა ქვეყნების ხსენებაც კი არ ღირს) სამჯერ დაბალი სიკვდილობა გარდაცვლილთა პროცენტული მაჩვენებლით (4,5% გერმანიას, 1,5% - ჩვენ) და 30-ჯერ უფრო ნაკლები გარდაცვლილი 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით. თქვენთვის ეს იმისთვის საკმარისი არგუმენტიც კი არაა, რომ ერთი იჯარა გააფორმოთ და ცენტრის ყველაზე უფრო გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებზე 300 ათასი ლარი დახარჯოთ. ასეთ რამეს ხომ თვით ბ-ნი სერგეენკოც კი არ შვრებოდა.
· არ შეიძლება სამინისტროს იაპონიის მთავრობისგან ერთი თვის წინ მიღებული COVID-19 -ის სამკურნალო მედიკამენტი ფავიპირავირი (ავიგანი) დღემდე არ ჰქონდეს მიწოდებული COVID კლინიკებისთვის.
· და ა.შ. და ა.შ.
ქალბატონო ეკა. კიდევ ერთხელ მოგმართავთ, რომ თქვენ მინისტრი ბრძანდებით, ქვეყნის ბედი გაბარიათ და ყველაფერი ზემოთაღნიშნულის გაკეთება თქვენი ვალდებულებაა და არა კეთილი ნება. თუ თქვენ ასეთ მდგომარეობაში იმიტომ გვამყოფებთ, რომ „ჩვენი აშენებული ქვეყანა არ გინდათ“, შეგიძლიათ ჩვენ და/ან ჩვენი ცენტრი საქმეს ჩამოგვაშოროთ და „ქვეყანა უჩვენოდ ააშენოთ“.
უმორჩილესად გთხოვთ, სასწრაფოდ უმოკლეს დროში:
· შეგვხვდეთ და გადაწყვიტოთ ცენტრის და მისი ავადმყოფების ყველაზე უფრო გადაუდებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემები
ან
· დაუყოვნებლივ გადამაყენოთ დაკავებული თანამდებობიდან (გაძლევთ პირობას, არანაირ პრეტენზიას არ განვაცხადებ).
თუ არც ერთს გააკეთებთ და არც მეორეს, ჩვენ სხვა გზა არ დაგვრჩება და იძულებული ვიქნებით შევწყვიტოთ ავადმყოფების მიღება ა.წ. 27 ივლისიდან. ასეთ შემთხვევაში გთხოვთ, წინასწარ მიიღოთ ზომები ჩვენი ცენტრის ავადმყოფების, პირველ რიგში აივ/შიდსით, განსაკუთრებით საშიში ინფექციებით და COVID-19-ით ავადმყოფების სხვა კლინიკებში გადასანაწილებლად.
პატივისცემით,
თენგიზ ცერცვაძე
P.S. ისე, ყველაფერი ამის, რაც ხდება, დაჯერებაც კი მიჭირს. ჩვენ ხომ აბსოლუტურად ყველა წინაპირობა გვქონდა იმისთვის, რომ ყოველგვარი პრობლემების გარეშე და ძალიან დიდი წარმატებით გვეთანამშრომლა. ჩვენ ხომ ჩვენის მხრივ მუდმივად და გულწრფელად ვაფიქსირებდით თქვენს მიმართ უდიდეს პატივისცემას და სიმპატიას და უკმაყოფილებისთვის არც სიტყვით, არც საქმით არასდროს სულ მცირე საბაბიც კი არ მოგვიცია.