From : Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge>
To : etikaradze@moh.gov.ge
Subject : ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი
Cc : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge>
Received On : 04.08.2020 14:36

ქალბატონო ეკატერინე,   

 

რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, თქვენ უარი სთქვით ცენტრის გადაუდებელი, სასიცოცხლო მნიშვნელობის სარემონტო სამუშაოები გაკეთდეს ჯანდაცვის სამინისტროს სახსრებით და ამის ნაცვლად თანხმობა განაცხადეთ ისინი გაკეთდეს ცენტრის დივიდენდის ხარჯზე. ეს თქვენგან ფაქტობრივი უარია, რადგან დივიდენდის ხარჯზე სარემონტო სამუშაოების გაკეთებას თქვენი თანხმობა არ სჭირდება და ეს ისედაც შეგვეძლო გაგვეკეთებინა (საიჯარო ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში), მაგრამ ცენტრის უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გამო გვინდოდა და ასე ვიყავით შეთანხმებული ეკონომიკის სამინისტროსთან, რომ დივიდენდი სხვა მიზნებისთვის გამოგვეყენებინა (აუცილებელი აპარატურის და აღჭურვილობის შეძენა, ახალ შენობასთან დაკავშირებული ხარჯები და სხვ.). კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, რომ არც ჯანდაცვის სამინისტროს და არც სხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურებს არც მანამდე და არც COVID-19-ის ეპიდემიის დაწყების შემდეგ ჩვენი ცენტრისთვის აბსოლუტურად არანაირი დახმარება არ გაუწევიათ. 

 

ჩვენ უკვე ერთი წელია სისტემატურად მოგმართავთ წერილობით ჩვენი უმძიმესი და უმწვავესი პრობლემების თაობაზე და გთხოვთ დახმარებას, მაგრამ უშედეგოდ. მიგვაჩნია, რომ გადაუდებელი სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო თანხა (სულ რაღაც 250 ათასი ლარი) თავისუფლად შეგეძლოთ გაგეთვალისწინებიათ სამინისტროს რეაბილიტაციის და აღჭურვის პროგრამის 2020 წლის ბიუჯეტში, რადგან არ გვგონია, რომ ამ ბიუჯეტში გათვალისწინებული სამუშაოები და ხარჯები ქვეყნისთვის უფრო მწვავე და გადაუდებელი იყოს, ვიდრე ჩვენი ცენტრის პრობლემებია, ისევე როგორც სულ იოლად შეგეძლოთ დიდი ხნის წინ და ჩვენი მხრიდან სერიოზული დემარშის გარეშე, გაგეფორმებიათ საიჯარო ხელშეკრულება შპს „ავერსი-ფარმასთან“, რაც დაგვეხმარებოდა, რომ ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში არ აღმოვჩენილიყავით. ეს ხომ ყველაფერი პირველ რიგში ქვეყნისთვის იყო აუცილებელი და არა ჩვენთვის. 

 

ჩვენ ასევე სერიოზული შენიშვნები გვაქვს COVID-19-ისთვის კლინიკური სექტორის მზადყოფნასთან დაკავშირებით, ასევე სერიოზული შენიშვნები გვაქვს C ჰეპატიტის და განსაკუთრებით აივ/შიდსის საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმართ სამინისტროს დამოკიდებულებასთან დაკავშირებით.

 

ძალიან ვწუხვართ, რომ თქვენდამი უდიდესი პატივისცემისა და სიმპატიის მიუხედავად სამინისტროსთან ჩვენი ცენტრის კონსტრუქციული თანამშრომლობა ვერაფრით ვერ ხერხდება და სამინისტრო ჩვენთან, ისევე როგორც აივ/შიდსის და C ჰეპატიტის პრობლემებთან დაკავშირებით თითქმის უცვლელად აგრძელებს წინა მინისტრის ბ-ნ დავით სერგეენკოს უკიდურესად დესტრუქციულ ხაზს. 

 

პატივისცემით,

 

თენგიზ ცერცვაძე