| From : | Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge> |
| To : | etikaradze@moh.gov.ge |
| Subject : | ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი |
| Cc : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge> |
| Received On : | 06.08.2020 16:50 |
სასწრაფოდ!
ქალბატონო ეკატერინე,
მოგახსენებთ, რომ ცენტრისთვის გადაუდებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები იმას ნიშნავს, რომ ეს სამუშაოები ცენტრს გადაუდებლად სჭირდება და არა ერთი თვის ან ექვსი თვის შემდეგ.
ამჟამად კვლავ გვიწევს საქმიანობა კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში და თან სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, რაშიც ვფიქრობ სამინისტროს რეგულირების სამსახურიც დარწმუნდა. COVID-19-ით ან აივ/შიდსით ჟანგბად დამოკიდებული პაციენტი ჟანგბადის ვერმიწოდების გამო რომ დაგვეღუპოს (რაც ძალიან რეალურია) ან კიდევ ვენტილაციის არქონის გამო COVID-19-ის ან სხვა ინფექციების გავრცელება მოხდეს (რაც ასევე ძალიან რეალურია), ალბათ ისევ ჩვენ დაგვიჭერენ, რაც უდიდესი უსამართლობა იქნება. გაჭედილ კანალიზაციასა და სხვა არადამიანურ პირობებზე არაფერს ვამბობ.
ერთი წელია, განსაკუთრებით ბოლო ექვსი თვეა, გამწარებული ვითხოვთ დახმარებას, მაგრამ უშედეგოდ. სამინისტრომ უარი თქვა საკუთარი რესურსით დახმარებაზე და შეგვპირდა, რომ დაგვეხმარებოდა ჩვენივე დივიდენდის გამოყენების უფლების მიღებაში, ეს უარესი ვარიანტია, მაგრამ ჯერ აქაც არაფერი სჩანს. დივიდენდის გამოყენების უფლებას სჭირდება ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი კომიტეტის და ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებები, რომლებიც შეიძლება გაკეთდეს ერთ კვირაშიც და ერთ წელიწადშიც, გააჩნია მონდომებას. რატომ არ შეიძლება ეს ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა გატანილ იქნეს COVID-19-ის სამთავრობო საკოორდინაციო საბჭოზე და გადაწყდეს ისევე ოპერატიულად, როგორც COVID-19-თან დაკავშირებული სხვა საკითები წყდება, რამაც საქართველო გადაარჩინა, მაგრამ ეს ჩვენს ცენტრს არანაირად არ შეხებია.
სარემონტო თანხის გამოყოფის გარდა უამრავი სხვა პრობლემაც გვაქვს. მაგალითად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან მიღებული გვქონდა წერილობითი ნებართვა, პრობლემის სიმწვავის გათვალისწინებით, სარემონტო სამუშაოები შეგვესრულებინა უტენდეროდ. ვინაიდან სამინისტრომ თანხმობა არ გვაღირსა, ამ ნებართვას ვადა გაუვიდა. ახლა ხელახლა უნდა მოვიპოვოთ, ისევ მისაღები გვაქვს ბ-ნ კურტანიძის ნებართვა და კიდევ უამრავი თავსატეხი გვაქვს. რა უბედურებაა ეს? თუ სახელმწიფოსთვის სასარგებლო საქმეს ვაკეთებთ, არ შეიძლება რომ რაღაცაში მაინც ცოტა ხელი შეგვიწყონ?
დაბეჯითებით გთხოვთ, მაქსიმალურად დააჩქაროთ ცენტრის მიერ სარემონტო სამუშოებისათვის დივიდენდის გამოყენების ნებართვის საკითხის გადაწყვეტა. თუ ეს უმოკლეს დროში ვერ მოხერხდა, ჩვენ იძულებული ვიქნებით შევაჩეროთ საქმიანობა, როგორც მინიმუმი შევწყვიტოთ COVID-19-ით და აივ/შიდსით ავადმყოფების მიღება.
პატივისცემით,
თენგიზ ცერცვაძე
P.S. თავს უხერხულად არ გრძნობთ, რომ ბ-ნი პანტიკო თორდია, რომელსაც ცენტრთან არაფერი აკავშირებს და მას არც კი ვიცნობთ, მიხვდა, რომ სახელმწიფო საქმეს ვაკეთებთ, ძალიან გვიჭირს და დახმარება გვჭირდება. ხოლო ჯანდაცვის სამინისტრო, რომელსაც პირდაპირ ევალება ცენტრის გამართული საქმიანობის უზრუნველყოფა, მითუმეტეს COVID-19-ის პანდემიის პირობებში, ამას ვერ ხვდება, ან ბატონი სერგეენკოს პრინციპით მოქმედებს.