From : Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge>
To : etikaradze@moh.gov.ge
Subject : ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი
Cc : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge>; Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge>
Received On : 18.08.2020 17:52

ქალბატონო ეკატერინე,   

 

მოგახსენებთ, რომ შპს „ავერსი-ფარმასთან“ საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებასა და ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრისთვის (შემდგომში ცენტრი) გადაუდებელი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით სულ შესაძლებელი იყო ორი განსხვავებული სცენარი:

 

სცენარი 1:

 

შპს „ავერსი-ფარმასთან“ საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება 2020 წლის იანვარში და ცენტრისთვის 300 ათასი ლარის ღირებულების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, გადაუდებელი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება.  

 

სცენარი 2:

 

შპს „ავერსი-ფარმასთან“ საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება დიდი დაგვიანებით, 2020 წლის ივლისში და ცენტრისთვის 300 ათასი ლარის ღირებულების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, გადაუდებელი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების არგაკეთება.

 

შენიშვნა: საიჯარო ხელშეკრულების იანვარში და ივლისში გაფორმება სამინისტროს ზუსტად ერთი და იგივე თანხა უჯდება, რამეთუ ხელშეკრულების ივლისში გაფორმების შემთხვევაშიც სამინისტრო შპს „ავერსი-ფარმას“ უხდის მთელი წლის (და არა ნახევარი წლის) იჯარას.  ასე, რომ იჯარის დიდი დაგვიანებით გაფორმებით სამინისტროს არაფერი არ მოუგია, ზიანი კი დიდი მოგვაყენა.  

 

სამწუხაროდ, სამინისტრომ/სახელმწიფომ აირჩია მეორე სცენარი.

 

შევეცდებით შევაფასოთ რას მიიღებდა და დაკარგავდა სახელმწიფო პირველ და მეორე სცენარის შემთხვევაში.

 

პირველი სცენარი - სამინისტრო/სახელმწიფო დახარჯავდა:

 

·         407 820 ლარს 2020 წლის საიჯარო ხელშეკრულების ღირებულებას.

 

·         300 000 ლარს ცენტრისთვის გადაუდებელი სარემონტო-სარებილიტაციო სამუშაოებისთვის.

 

სახელმწიფო/სამინისტრო მიიღებდა:

 

ცენტრის პრაქტიკულად გამართულ ფუნქციონირებას 2021 წლის ბოლომდე ან ახალ შენობაში გადასვლამდე, კერძოდ:

 

·         შპს „ავერსი-ფარმა“ არ გადახდიდა ცენტრის ადმინისტრაციულ შენობას ჭერს და ადმინისტრაციას არ მოუწევდა წვიმის ქვეშ ყოფნა. თქვენთვის ეს შეიძლება არაფერს ნიშნავს, მაგრამ ჩვენ მაინც ადამიანები ვართ და არა ამფიბიები.

 

·         შპს „ავერსი-ფარმა“ არ დაანგრევდა სამრეცხაოს შენობას და ცენტრს ექნებოდა სამრეცხაო, რაც მას ძალიან სჭირდება.

 

·         სამინისტრო/სახელმწიფო მიიღებდა გარანტირებულ 50 საწოლს COVID-19-ით ავადმყოფებისათვის, აგრეთვე მიიღებდა ქვეყანაში ერთადერთ ბოქსირებულ განყოფილებას და COVID-19-ის მაღალპროფესიულ მენეჯმენტს - ცენტრს სადღეისოდ გატარებული ჰყავს COVID-19-ით ყველაზე მეტი, 328 პაციენტი და მათგან მხოლოდ ერთი გარდაიცვალა - ლეტალობის ძალიან დაბალი მაჩვენებელი (0,3%).   

 

·         უზრუნველყოფილ იქნებოდა აივ/შიდსით ამბულატორიული და სტაციონარული ავადმყოფების გარანტირებული და ხარისხიანი მომსახურება და სახელმწიფოს როგორც ფაქტობრივად აქამდე არ გაუგია, ისე ვერ გაიგებდა აივ/შიდსით ავადმყოფების არსებობას.

 

·         უზრუნველყოფილ იქნებოდა განსაკუთრებით საშიში ინფექციების - ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების და სხვ. ხარისხიანი კლინიკური მენეჯმენტი, ლეტალობის ევროპაში ყველაზე დაბალი მაჩვენებლით - 2020 წელს 12 გატარებული პაციენტი და მხოლოდ ერთი გარდაცვლილი (8%).

 

·         უზრუნველყოფილ იქნებოდა C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამით 5 ათასზე მეტი ავადმყოფის მკურნალობა/განკურნება.

 

·         და სხვ.

 

მეორე სცენარი - სამინისტრო/სახელმწიფო დახარჯავს:

 

·         407,820 ლარს 2020 წლის საიჯარო ხელშეკრულების ღირებულებას. ეს თანხა ზუსტად იგივეა, რაც პირველი სცენარის დროს.  

 

·         არ დახარჯავს (დაზოგავს) გადაუდებელი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო 300 ათას ლარს. 

 

სამაგიეროდ სახელმწიფო/სამინისტრო მოისაკლისებს:  

(სულ რაღაც 300 ათასი ლარის ვერგამეტების გამო)

 

·         გარანტირებულ, საიმედო 50 საწოლს COVID-19-ით ავადმყოფებისათვის.  

 

·         ქვეყანა დარჩება ერთადერთი ბოქსირებული განყოფილების გარეშე, რაც განსაკუთრებით მტკივნეული იქნება რომელიმე ახალი განსაკუთრებით საშიში ინფექციის გაჩენის შემთხვევაში, რისი ალბათობაც მუდმივად არსებობს.

 

·         მკურნალობისა და მოვლის გარეშე დარჩება 3 ათასზე მეტი აივ/შიდსით ავადმყოფი (კიდევ 2 ათასი აივ/შიდსით ავადმყოფები რეგიონებშია), რაც ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის სახელმწიფოს, რამეთუ ქ. თბილისის არცერთ სხვა კლინიკას არ აქვს ასეთი პაციენტების მართვის გამოცდილება.  შეუცვლელი არავინაა, მაგრამ ძალიან გაჭირდება.

 

·         კომპიუტერული ტომოგრაფის არქონის გამო ცენტრს უწევს COVID-19-ით, აივ/შიდსით და სხვა მძიმე ინფექციებით ავადმყოფების, მათ შორის მართვით სუნთქავზე მყოფი ავადმყოფების ტარება CT გამოკვლევისთვის ქალაქის სხვა კლინიკებში (არ გვგონია, ასეთი რამ სხვაგან კიდევ სადმე ხდებოდეს).  

 

·         ცენტრს უწევს COVID-19-ით და სხვა ინფექციებით დაბინძურებული თეთრეულის გასარეცხად ტარება კერძო სამრეცხაოებში, რაც ეპიდრეჟიმის მოთხოვნების თვალსაზრისით დაუშვებელია.

 

·         ცენტრის ადმინისტრაციას კიდევ დიდხანს მოუწევს გადახდილ ჭერიან შენობაში წვიმის ქვეშ მუშაობა, რაც ასევე უპრეცედენტო შემთხვევაა.

 

·         და სხვ.

 

ვფიქრობ, დიდი მიხვედრა არ სჭირდება იმას, თუ რომელი სცენარი სჯობდა  სახელმწიფოსთვის და კვალიფიცირდება თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს ქმედება, როგორც სახელმწიფოს მიმართ საბოტაჟი. 

 

პატივისცემით,

 

თენგიზ ცერცვაძე   

 

P.S. საქართველოს მთავრობას და საკოორდინაციო საბჭოს სხვა მიმართულებითაც ასე რომ ემოქმედა, ქვეყანა ახლა დაქცეული იქნებოდა.