სახელმწიფო მინისტრის აპარატი მიესალმება ეუთოს 27-ე მინისტერიალზე საქართველოს მეგობართა ჯგუფის, მიერ გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებას, რომელსაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს რეგიონების მიმდინარე ოკუპაციის კიდევ ერთხელ დაგმობისა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერის კუთხით.
საქართველოს მეგობართა ჯგუფი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები, უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, უზრუნველყოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდება და ხელი არ შეუშალოს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას.
ამ განცხადებით საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის ფედერაციის პროვოკაციულ ქმედებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის აფხაზეთის რეგიონთან საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ ”პროგრამის” დამტკიცებას, როგორც დე-ფაქტო ანექსიის მიმართულებით გადადგმულ კიდევ ერთი ნაბიჯს; ასევე ე.წ. მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვას და ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვას, რამაც კოვიდ პანდემიის ფონზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ისედაც მძიმე მდგომარეობა, კიდევ უფრო დაამძიმა და ადამიანების დაღუპვა გამოიწვია.
ამასთან, მეგობართა ჯგუფი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ოკუპირებულ რეგიონებში ქართველების მიმართ ეთნიკური დისკრიმინაციისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო; მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში ნებაყოფლობით, უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნებას.
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები გმობენ საქართველოს მოქალაქეების როგორც მკვლელობის, ისე გატაცების ფაქტებს და მოითხოვენ უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის დაუყოვნებლივ უპირობო გათავისუფლებას, ასევე არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა, დავით ბაშარულის და ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებაში დამნაშავეთა მართლმსაჯულების წინაშე წარდგენას.
განცხადება ხაზს უსვამს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მნიშვნელობას და ამ მხრივ, გალში შეხვედრების განახლების აუცილებლობას.
სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის მნიშვნელოვანია მეგობართა ჯგუფის მიერ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მხარდაჭერა, რომელიც გამყოფი ხაზების მიღმა მცხოვრებთათვის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას და დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. განცხადებაში ასევე დადებითადაა შეფასებული მშვიდობის ფონდის შექმნა დ საგრანტო პროგრამა “აწარმოე უკეთესი მომავლისთვის", რაც სამშვიდობო ინიციატივის ფინანსური მექანიზმებია. ეუთო მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ძალისხმევასა და ინიციატივებს, რომლებიც ნდობის აღდგენისკენაა მიმართული.
განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ნაწილის ოკუპაცია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე მდგომარეობა დასავლელი პარტნიორებისთვის პრიორიტეტული საკითხია.
საქართველოს მეგობართა ჯგუფში ბულგარეთი, კანადა, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და აშშ შედიან.
Sent from my iPhone