· მოგეხსენებათ, დღეს ინტერნეტი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს საფუძველს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის და განათლების ხელმისაწვდომობის ასამაღლებლად. სწორედ ამიტომ, 2020 წლის იანვარში, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ ხელი მოეწერა ფართოზოლოვანი ინტერნეტქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნულ სტრატეგიას.
· სტრატეგიის ფარგლებში საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით შეიმუშავა პროექტი „ლოგ ინ ჯორჯია, რომელიც გულისხმობს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაზრდას მთელი ქვეყნის მასშტაბით“. ამასთან, მსოფლიო ბანკმა პროექტისთვის 35.7 მლნ ევრო (40 მლნ აშშ დოლარი) გამოყო.
· პროექტის განხორციელების შედეგად ათასამდე დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ ნახევარ მილიონ მოსახლეს ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს მაღალი ხარისხის ინტერნეტით და ისეთი სერვისებით, როგორებიცაა ელექტრონული ჯანდაცვა, განათლება, მმართველობა და ა.შ.
· „ლოგ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში უკვე დაიწყო საპილოტე პროექტი გურიის რეგიონის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება და ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდება 49 დასახლებული პუნქტისთვის და 29 ათასამდე მოსახლისთვის.
· აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ინტერნეტიზაციის პროცესში უდიდესი წვლილი მიუძღვის ფონდ „ქართუს“, რომელმაც ამ მიმართულებით მილიონობით ლარის ქველმოქმედება გასწია და რომ არა ფონდის მხარდაჭერა, ამ პროექტის განხორციელება დღეს შეუძლებელი იქნებოდა. თუმცა, როდესაც უკვე არსებობს რესურსი, ფონდის დახმარების საჭიროება ამ ეტაპზე აღარ დგას.
· მოგეხსენებათ, ფონდი ქართუ ყოველთვის გამოხატავდა მზადყოფნას მასშტაბური და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებაზე, რისთვისაც გვინდა კიდევ ერთხელ გადავუხადოთ მადლობა.
· აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მხარდაჭერა, რომელსაც ვიღებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორი ორგანიზაციებისგან, ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში მიმდინარე რეფორმების და პროგრამების განხორციელებაში, უდიდესი მნიშვნელობისაა. მათ შორის, განსაკუთრებით გამორჩეულია, მსოფლიო ბანკის მხრიდან საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა კრიზისის კონტექსტში.