• არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ჩვენს მოქალაქეებს შევუქმნათ ცხოვრების თანაბარი პირობები და როგორც დიდ ქალაქებში, ისე რეგიონებსა და სოფლებში ყველას ჰქონდეს საბაზისო სერვისზე წვდომა.
• ამისათვის აუცილებელია არსებული სისტემური ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ხშირ შემთხვევაში, სრულიად ახლის აშენება, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეტაპობრივად და გეგმაზომიერად ხორციელდება.
• მათ შორის, მოგეხსენებათ, ვახორციელებთ ქვეყნის გაზიფიცირების 3-წლიან სამთავრობო გეგმას, რომლის ფარგლებშიც 2019-2021 წლებში საქართველოს მასშტაბით 384 სოფელში მოხდება გაზის შეყვანა. აქედან 92 დასახლებული პუნქტი სამეგრელოს რეგიონშია.
• შარშან, როდესაც ამ პროექტს ვიწყებდით, წალენჯიხელებს პირობა მივეცით, რომ სოფლების გაზიფიცირება მალე დასრულდებოდა და ეს პირობა პირნათლად შესრულდა. პანდემიის ფონზეც კი, გეგმის განხორციელება არ შეწყვეტილა.
• მუნიციპალიტეტში ძალიან დიდი სამუშაოები ჩატარდა, მოეწყო 130 ათასამდე მეტრის გაზსადენი და დღეიდან წალენჯიხის 2 900-მდე ოჯახს უკვე ბუნებრივი გაზით სარგებლობის საშუალება აქვს. მართლაც დიდი მიღწევაა, რომ ბუნებრივი აირი წალენჯიხის ისეთ სოფლებში შევა, სადაც ის აქამდე არასოდეს ყოფილა.
• 3-წლიანი გეგმის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით სამუშაოები უკვე დასრულდა 187 დასახლებულ პუნქტში, საბოლოოდ კი, ქვეყანის მასშტაბით 1 მლნ სამასი ათას ოჯახს შეეძლება ისარგებლოს ბუნებრივი არით, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტს ექნება ბუნებრივ აირზე სისტემური წვდომა - ეს მაჩვენებელი ჩვენნაირი ლანდშაფტის მქონე ევროპის ქვეყნებს შორისაც კი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. ამ მიმართულებით 2013 წლიდან 2021 წლამდე, ჯამში, 659 მლნ ლარამდე დაიხარჯება, თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. ჩვენ ვაპირებთ 2022-2024 წლებში გაზიფიცირების ახალი სამწლიანი გეგმის წამოწყებას, რომლის ფარგლებშიც კიდევ 211-მდე სოფლისა და 33,000-მდე ოჯახის გაზიფიცირება მოხდება.
• ეს პროექტი უმნიშვნელოვანესია არამხოლოდ მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად, არამედ რეგიონებში ბიზნეს-აქტივობების გააქტიურების კუთხითაც - ბუნებრივი აირის შეყვანა დამატებითი სტიმული იქნება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების შესაქმნელად.