სკოლებში სწავლება:
· 15 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. მე-5 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება. ამასთან, მშობლებს კვლავაც ექნებათ შესაძლებლობა, აირჩიონ დასწრებით ან დისტანციურ სწავლების ფორმებს შორის.
· სკოლები საქართველოს მასშტაბით ყველა საჭირო რესურსით აღიჭურვა. მოსწავლეების მისაღებად სკოლები სრულად არიან მზად.
(ინფორმაციისთვის: 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობდა: აშენდა 30 სკოლა; 60 სკოლის მშენებლობა წელს დასრულდება; 800-მდე სკოლაში სრულად მოწესრიგდა სველი წერტილები; სრულად განახლდა 9 საჯარო სკოლა, ხოლო ნაწილობრივ – 150-ზე მეტი; დაიწყო 100-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია)
წერტილოვანი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა:
· დადებითობის მაჩვენებლის 4%-ის ფარგლებში შენარჩუნების შემთხვევაში, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა გაგრძელდება. ამასთან, მნიშვნელოვანია, შეზღუდვების შემსუბუქების კუთხით გადადგმული თითოეული ნაბიჯი იყოს ფრთხილი, გონივრული და მდგრადი, რათა ეს უარყოფითად არ აისახოს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე და საჭირო არ გახდეს მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესება.
· პარალელურად, შენარჩუნდება ინტენსიური ტესტირება, რათა რაც შეიძლება სწრაფად გამოვლინდეს ინფიცირების შემთხვევები.
· პირბადეების მაქსიმალურად გამოყენება, ინტენსიური ტესტირება და ვაქცინაცია იმ უმნიშვნელოვანესი ღონისძიებების ერთობლიობაა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის გახსნას, სწრაფ აღდგენას და ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას. გარდა ამისა, აღნიშნული ღონისძიებების ერთობლიობა ქვეყანას ზაფხულის ტურისტული სეზონის გადარჩენის და უცხოელი ვიზიტორების უსაფრთხო გარემოში მასპინძლობის შესაძლებლობას მისცემს, რაც ეკონომიკისთვის დამატებითი ჟანგბადი იქნება.
ვაქცინაცია:
· ვაქცინაციის პროცესისთვის მზადება როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე მედპერსონალის გადამზადების თვალსაზრისით ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით ინტენსიურად მიმდინარეობს.
· საქართველო თებერვლის ბოლომდე მიიღებს Pfizer-ის ვაქცინის პირველ დოზებს. ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალით დაიწყება. პირველ ეტაპზე, აცრები მხოლოდ ჰოსპიტალურ სექტორში ჩატარდება.
· ამასთან, გრძელდება ინტენსიური მუშაობა, რათა ქვეყანაში ვაქცინის მომდევნო დოზები რაც შეიძლება მალე შემოვიდეს, ამის უმთავრესი წინაპირობა კი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია და ვაქცინის საერთაშორისო აღიარებაა.
ვაქცინის შემოტანაში კერძო სექტორის ჩართულობაზე:
· გლობალურ ბაზარზე ვაქცინის გაყიდვა არაერთი მექანიზმით მკაცრადაა რეგულირებული. და ეს პროცესი სახელმწიფო დონეზე მიმდინარეობს.
· ერთი მექანიზმია კოვაქსის პლატფორმის რეგულაციები, რომელიც პლატფორმის წევრ ყველა სახელმწიფოს შორის შეთანხმებებითაა განმტკიცებული. ასევე სახელმწიფო დონეზე რეგულირდება ბილატერალური - ქვეყნებსა და მწარმოებლებს შორის შეთანხმებები. მესამე მექანიზმია სამმხრივი მოლაპარკება მწარმოებელს, ევროკავშირის ქვეყნებსა და საქართველოს შორის იმის თაობაზე, რომ მათ თავიანთი კუთვნილი ვაქცინის წილი გაგვიზიარონ.
· ამ ეტაპზე, ამ მექანიზმებში კომერციული, კერძო სექტორი ვერ იქნება ჩართული.
· სამომავლოდ, როდესაც მსოფლიოში გაიზრდება წარმოება, მოიმატებს მიწოდება - შესაძლებელია კერძო სექტორიც ჩაერთოს.
· მოცემულ ეტაპზე ამ საკითხით მანიპულირება, თითქოს კერძო სექტორს არ ეძლევა შესაძლებლობა ქვეყანაში ვაქცინა შემოიტანოს, მხოლოდ პოლიტიკური მიზნებით ხორციელდება და ყველანაირ საფუძველს მოკლებულია.