• ბოლო დღეების განმავლობაში მსოფლიოში დაფიქსირდა ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლები - გუშინ იყო 381 000-მდე შემთხვევა. უახლოეს დღეებში, მოსალოდნელია, რომ საქართველოშიც 1000-ზე მეტი შემთხვევა გვექნება.
• მსოფლიოში არ არსებობს ეპიდემიის სწრაფი შეჩერების გზა გარდა მკაცრი შეზღუდვების და ე.წ. „ლოქდაუნების“, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ვირუსის შესაკავებლად ჩვენც შეგვიძლია წავიდეთ ან მკაცრი შეზღუდვების გზით, ან ვირუსთან ადაპტაციის გზით გავაგრძელოთ თანაცხოვრება ეფექტური მართვის პირობებში.
• ცხადია, რომ ჩვენი ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს მორიგ საყოველთაო შეზღუდვებს.
• თუმცა ჩვენ გვაქვს ვირუსის მართვის და ადაპტაციის თანმიმდევრული და გაცხადებული გეგმა, რომლის ძირითადი მიზანია სწრაფი ეკონომიკური აღდგენა და შემდგომი განვითარება.
• ვირუსის მართვისა და ადაპტაციის ეტაპზე, სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება. ჩვენი მთავარი მიზანია, ამ კრიზისიდან გამოვიდეთ ისე, რომ მინიმალური ზიანი მივაყენოთ პირველ რიგში, მოქალაქეების ჯანმრთელობას და ამავდროულად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას.
• ხელისუფლების ძირითადი სტრატეგია არის სწრაფი წერტილოვანი შეზღუდვები, რომელსაც უნდა ჰქონდეს სწრაფი შედეგი. აქ ყველას გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა გადანაწილებულია - ხელისუფლებაზე, ორგანიზაციებზე და მოქალაქეებზე.
• წესების დაცვა, პირბადის ტარება, ელემენტარული დისციპლინა და რეგულაციების შესრულება, დღეს არის ნამდვილი პატრიოტიზმი. ეს არის ის, რაც თითოეულ მოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას, დაიცვას საკუთარი ჯანმრთელობა, და ამავე დროს, რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს ქვეყნის ეკონომიკა.
• არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მთავრობამ, ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან, თბილისსა და იმერეთში რესტორნების და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა 22:00 საათიდან შეიზღუდება.
• როგორც დაგეგმილი იყო, 19 ოქტომბრიდან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა აუდიტორიებში გაგრძელდება, თუმცა უნივერსიტეტებს ეძლევათ რეკომენდაცია, რომ თუ ამის შესაძლებლობა აქვთ, სწავლა დაიწყონ დისტანციურად და მხოლოდ ლაბორატორიული ან პრაქტიკული მეცადინეობები ჩაატარონ აუდიტორიებში. განათლების სამინისტრო სკოლებშიც და უმაღლეს სასწავლებლებშიც უზრუნველყოფს უმაღლეს დონეზე დაცულ უსაფრთხოების სტანდარტებს.
• ასევე, 19 ოქტომბრიდან აჭარაში გაიხსნება საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი თუმცა, სასწავლო პროცესზე შეზღუდვები ძალაში დარჩება, ისევე, როგორც რესტორნების და გასართობი დაწესებულებების შეზღუდვა.
• საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე გადაწყვეტილებები მიიღება ეტაპობრივად და ფრთხილად. ოქტომბრის ბოლოდან არსებულ რეისებს - საფრანგეთის, პარიზისა და მიუნხენის მიმართულებით დაემატება ფრენები. ხოლო ნოემბერში, ასევე ეტაპობრივად, პირდაპირი რეისები აღდგება ევროპის მიმართულებით, როგორც თბილისიდან, ასევე ქუთაისიდან. ეს ჩვენს მოქალაქეებს მისცემს მეტი ეკონომიკური აქტივობის შესაძლებლობას. ამავე დროს, ეს მნიშვნელოვანია არჩევნებზე დამკვირვებლების დიდი რაოდენობით ყოფნისთვის.
• ამასთან, ახალი ფრენების გახსნის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეების საკარანტინო სივრცეებში გადაყვანის სქემა შეიცვლება. სამშობლოში დაბრუნებულ მოქალაქეებს, რომელთაც თან PCR ტესტი ექნებათ, შეეძლებათ 12 დღიან თვითიზოლაციაში გადასვლა. ტესტის გარეშე კი, კვლავაც შეძლებენ საკარანტინო სივრცის გამოყენებას.
• აუცილებელია ყველამ გაითვალისწინოს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხალხმრავალ შეკრებებში მონაწილეობისგან თავის არიდება. ძალაშია რეკომენდაცია ღია სივრცეებში პირბადის გამოყენების შესახებ. ამასთან, მაღალი რისკის ჯგუფის მოქალაქეების, ხანდაზმულებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებთან მიმართებაში საჭიროა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენა.
• კერძო და საჯარო ორგანიზაციების პასუხისმგებლობაა - იქ სადაც შესაძლებელია, მაქსიმალურად დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადაიყვანონ თანამშრომლები. ხელმძღვანელებმა უნდა იზრუნონ თავიანთ თანამშრომლებზე და აღჭურვონ ისინი უსაფრთხოებისთვის აუცილებელი საშუალებებით.
• ვირუსის გავრცელების პირველი ტალღის დროს, ქვეყნის ჩაკეტვამ განაპირობა ჩვენი ეკონომიკის უკეთესი მაჩვენებლები, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნებს აქვთ. ჩვენ მაშინ შევძელით, თავიდან აგვერიდებინა ვირუსის სწრაფი გავრცელება და ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი. ასევე, შევძელით ჯანდაცვის სისტემის მომზადება. შედეგად, დღეს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მზადაა სრულად მართოს ინფიცირების მნიშვნელოვნად გაზრდილი შემთხვევები.
• რაც შეეხება ეკონომიკას, საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციებმა საქართველოს შეუნარჩუნეს რეიტინგები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს 2021 წელს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 5% ექნება, ხოლო 2021-2025 წლების განმავლობაში ეკონომიკური ზრდის 5,5%-ით რეგიონში იქნება პირველ ადგილზე.
• ამასთან, ქვეყნის ეკონომიკური ვარდნა 16-დან 5,5%-მდე შემცირდა. მცირედი გაუმჯობესება გვაქვს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, ხოლო სერიოზული გაუმჯობესება ექსპორტში - 8%-ზე მეტი წინა წლის სექტემბერთან შედარებით. ეს მაჩვენებლები საფუძველია იმისთვის, რომ სწრაფად აღდგეს და შენარჩუნდეს სამუშაო ადგილები და პოსტპანდემიურ მსოფლიოში ქვეყანას ჰქონდეს კონკურენტული უპირატესობა.
• შემთხვევების მატებას და ვირუსის მეორე ტალღას ჩვენი ხელისუფლება თავიდანვე პროგნოზირებდა. შესაბამისად, მთავრობა და ჯანდაცვის სისტემა, დღეს სრულად მზად არის შეთხვევების კიდევ უფრო მატებისთვისაც კი. არჩევნების გადადების არანაირი საფუძველი არ არსებობს.