· საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ კანონით დადგენილ ვადაში, 30 ნოემბერს პარლამენტს წარუდგინა 2021 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია; რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წლის სექტემბრიდან საქართველოში, ისევე როგორც ევროპის და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, COVID-19-ის პანდემიის გავრცელება და ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, საქართველოს მთავრობა აქტიურად განაგრძობდა მუშაობას ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრების ანალიზსა და პროგნოზების განახლებაზე;
· მიმდინარეობდა მუშაობა ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებზე და ეკონომიკური ზრდის შენელებიდან გამომდინარე, სოციალური თუ ბიზნესის მხარდამჭერი ღონისძიებების საჭიროებების დაფინანსებაზე. საბოლოოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, პროგრამის მე-7 მიმოხილვის ფარგლებში, კიდევ ერთხელ, გადაიხედა მაკროეკონომიკური და ფისკალური პროგნოზები და მისიასთან მიღწეული იქნა შეთანხმება ძირითად მაჩვენებლებზე;
· როგორც ცნობილია, მისიის დონეზე მიღწეული შეთანხმება სსფ-ის ხელმძღვანელობამ და აღმასრულებელმა საბჭომ დეკემბერში უნდა დაამტკიცოს, რის შედეგად საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება, დამატებით, დაახლოებით 112.1 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი;
· ბიუჯეტზე მუშაობისას, ისევე როგორც მთელი 2020 წლის განმავლობაში, მთავრობამ დაისახა ორი მთავარი მიზანი - ზრუნვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, ზრუნვა და ქვეყნის ეკონომიკის გადარჩენაზე.
· საქართველოს მთავრობამ 20201 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტის წარდგენამდე, გამართა არაერთი შეხვედრა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან და ამ შეხვედრების შედეგად, საზოგადოებას წარუდგინა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ეტაპით გათვალისწინებული მოქალაქეებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის ახალი პაკეტი, რომელიც სრულადაა ასახული 2021 წლის წარმოდგენილ ბიუჯეტში.
· ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისად, ჯამურად ითვალისწინებს 1 420 მლნ ლარს, მათ შორის 2020 წელს 280 მლნ ლარს, ხოლო 2021 წელს 1 140 მლნ ლარს, კერძოდ: ჯანდაცვის ხარჯების დასაფინანსებლად გათვალისწინებულია 450 მლნ ლარი, მათ შორის 400 მლნ ლარი ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებებში, ხოლო 50 მლნ ლარი ეკონომიკის სამინისტროს ასიგნებებში;
ჯანდაცვის სამინისტროსთვის განსაზღვრული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც ინფიცირებულთა მკურნალობის ხარჯები, ასევე ტესტები, ვაქცინის შესყიდვასთან და გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ხარჯები.
· მოქალაქეთა სოციალური მხარდაჭერისთვის 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 540 მლნ ლარამდე, საიდანაც 230 მლნ ლარამდე მიმართული იქნება 2020 წელს (კომუნალური ხარჯების სუბსიდირებისთვის და ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციებისთვის) ხოლო 310 მლნ ლარამდე 2021 წელს, მათ შორის:
o მოსახლეობისათვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისათვის განსაზღვრული ასიგნება შეადგენს 60 მლნ ლარს, 200 მლნ ლარამდე კი მიმართული იქნება 2020 წელს;
o 65 000 – 100 000 ქულამდე სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებისთვის 55 მლნ ლარამდე;
o სოციალურად დაუცველი იმ ოჯახებისათვის, რომელთაც ჰყავთ 3 და მეტი 16 წლამდე შვილი - 15 მლნ ლარამდე;
o შშმ ბავშვებისა და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისათვის - 27 მლნ ლარი;
o 6 თვის განმავლობაში (იანვრიდან ივნისის ჩათვლით) 200 ლარიანი დახმარება მათთვის ვინც პანდემიის გამო დაკარგა სამსახური - 150 მლნ ლარი;
o გარდა ამისა, მიმდინარე წლის დეკემბერში, ერთჯერადი 300 -ლარიანი კომპენსაციები მიეცემათ იმ პირებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან იმ ობიექტებში, რომლებიც დეკემბერ-იანვარში დაწესებული გამკაცრებული წერტილოვანი შეზღუდვების გამო ვერ იფუნქციონირებენ. ამ მიზნით, 2020 წელს მიიმართება დამატებით 30 მლნ ლარი.
Ø ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით გათვალისწინებული თანხა შეადგენს 430 მლნ ლარს, მათ შორის:
o საშემოსავლო გადასახადის შეღავათი - (1500 ლარამდე ხელფასის მქონე პირები 750 ლარამდე თანხის საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდებიან.) 260,0 მლნ ლარი (დეკემბერი-მაისის თვეებში), 2021 წლის შემოსავლების ნაწილში დანაკლისი გათვალისწინებულია 220 მლნ ლარის ოდენობით;
o 2021 წელს ტურიზმის სექტორის ქონების გადასახადისგან გათავისუფლება - 45 მლნ ლარი;
o სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის მიზნით იპოთეკური სესხების სუბსიდირება - 35 მლნ ლარი (2020 წელს მოქმედი პროგრამის გარდამავალი ხარჯი);
o მცირე მეწარმეების საგრანტო დახმარება - 35 მლნ ლარი;
o საკრედიტო-საგარანტიო ფონდი - 50 მლნ ლარი;
o გარდა ამისა, გაგრძელდება დღგ-ის ავტომატური დაბრუნება, რაც ბიზნესის ხელშემწყობი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ჯამში, 2021 წელს მოსალოდნელია რომ დაბრუნდება 1 მილიარდ ლარზე მეტი. აღსანიშნავია, რომ დღგ-ის ზედმეტობის ავტომატური დაბრუნების შედეგად, 150 000-ზე მეტი გადასახადის გადამხდელს მომდევნო 4 წლის განმავლობაში სწრაფად, მარტივად და ყოველგვარი ბარიერის გარეშე, 4 მილიარდ ლარზე მეტი დაუბრუნდება ( ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიარდი ლარი).
Ø 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში, საპენსიო უზრუნველყოფაზე მიმართულია 2.6 მლნ ლარი (გაზრდილია 370 მლნ ლარით), რაც გამოწვეულია სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის შემოღებით;
Ø კანონის პროექტით, როგორიც იყო ჩვენი დაპირება, 2021 წლის პირველი იანვრიდან გათვალისწინებულია 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა 20 ლარით და პენსია განისაზღვრება 240 ლარით, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება 25 ლარით და ის განისაზღვრება 275 ლარის ოდენობით.
Ø პენსიის ინდექსაციის ზრდის ეფექტი 2021 წლისათვის შეადგენს 210 მლნ ლარს, ასევე, გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ივლისის თვიდან, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონრების საპენსიო გასაცემლების 30 ლარით ზრდის წლიური ეფექტი და დემოგრაფიის გათვალისწინებით საპენსიო ასაკის მოსახლეობის ზრდის ეფექტი.
Ø ბიუჯეტში გათვალისწინებულია 2021 წლის იანვრიდან სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატის ზრდა 100 ლარით; ამასთან, 2021 წელს შრომით ანაზღაურებაში გათვალისწინებული თანხა არის რესურსი, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ მოხდეს 2020 წელს პოლიციასა და ჯარში გაზრდილი შრომის ანაზღაურების სრული წლის დაფინანსება.
Ø 30 მლნ ლარზე მეტი გათვალისწინებულია მიწის რეგისტრაციის ღონისძიებების ხელშეწყობისთვის;
Ø დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისა და მიგრანტთა ხელშეწყობისათვის ჯამურად გამოყოფილია 103.1 მლნ ლარი.
ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები
· პანდემიიდან გამომდინარე გაზრდილი გამოწვევებისა და მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე მოქმედი სხვა რისკების გათვალისწინებით, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი, ისევე როგორც 2021-2024 წლების საშუალოვადიანი პროგნოზების საბაზისო სცენარი დაფუძნებულია შედარებით კონსერვატიულ პროგნოზებზე.
· მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის ბიუჯეტში შესული ცვლილებებით, მშპ-ის მოცულობა განისაზღვრა (-4)%-ით. 2020 წლის 9 თვის საშუალო მშპ-ის ცვლილებამ შეადგინა (-5)%, ამასთან აღსანიშნავია, რომ პირველ კვარტალში ზრდა დაფიქსირდა 2.2%, მეორე კვარტალში კლებამ შეადგინა 12.3%, ხოლო მესამე კვარტალში - 3.8%. ოქტომბერ-ნოემბერში COVID-19 შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდისა და მიმდინარე წლის 28 ნოემბრიდან ეკონომიკის სხვადასხვა დარგების საქმიანობის შეზღუდვა ეკონომიკურ ზრდაზე ნეგატიური გავლენას განაგრძობს. ზემოაღნიშნულის და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გამართული კონსულტაციების გათვალისწინებით, 2020 წელს მოსალოდნელია მშპ-ის კლება 5.0%-ის ფარგლებში.
· ამასთან, არსებული პროგნოზების მიხედვით, 2021 წლისათვის მოსალოდნელია მშპ-ის რეალური ზრდა 4.3%-ის ფარგლებში, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში საშუალოდ 5.5%-ის ფარგლებში შენარჩუნდება, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ ევროპაში;
· ინფლაციის მაჩვენებელი 2020 წლისათვის მოსალოდნელია 3.5%-ის ფარგლებში, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში პროგნოზირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიზნობრივი ინფლაციის ფარგლებში და შეადგენს 3%-ს.
· 2021 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 53.4 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო 2024 წლისთვის პროგნოზირებულია მისი გაზრდა 68.6 მლრდ ლარამდე.
· 2020 წელს, მიმდინარე პანდემიის ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებით დეფიციტი 2.5%-დან 8.5%-მდე გაიზრდა. თუმცა, COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური კრიზისის გაღრმავების ფონზე, 2020 წლის დეფიციტი მოსალოდნელია, რომ გაიზრდება მშპ-ის 9.1%-მდე გაიზრდება.
· საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებით, 2021 წელს შენარჩუნებულია მაღალი საბიუჯეტო დეფიციტი მშპ-სთან მიმართებაში. სსფ-ის მეთოდოლოგიით, დეფიციტი შეადგენს 7.6%-ის (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დეფიციტი, რომელიც ეყრდნობა GFSM 2014 კლასიფიკაციას - არის 7.5%) აღსანიშნავია, რომ საშუალოვადიანი ფისკალური ჩარჩო ითვალისწინებს მშპ-ის 3%-იან ნიშნულზე დაბრუნებას 2023 წლისათვის (კანონმდებლობით დაშვებულია 3-წლიანი პერიოდი ზღვრულ პარამეტრებში დაბრუნებისათვის).
· 2021 წლის ბოლოსათვის, „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული მთავრობის ვალი (არ მოიცავს საქართველოს ეროვნული ბანკის ვალს და მოიცავს საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აღებულ ვალს) განისაზღვრება მშპ-ის 60.1%-ის ოდენობით; მომდევნო წლებში ვალი მცირედით შემცირდება და 2024 წლისთვის მშპ-ს 57.6% პროცენტი იქნება.
· ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯებზე მნიშნელოვან გავლენას ახდენს სახელმწიფო პენსიის ინდექსირებით ზრდა (210.0 მლნ ლარი), ასევე, საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასების დაგეგმილი ზრდა. წარმოდგენილ ბიუჯეტში ასევე ასახულია COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის ფარგლებში ჯანმრთელობის დაცვის, მოსახლეობის სოციალური დაცვისა და ეკონომიკის ხელშეწყობის ღონისძიებები (მშპ-ის 1.7%). შესაბამისად, 2021 წლისთვის მიმდინარე ხარჯები შეადგენს მშპ-ს 25.1% (2020 წელს პანდემიის გათვალისწინებით ეს მაჩვენებელი შეადგენს 26.2%-ს). საშუალოვადიან პერიოდში ხარჯები შემცირდება მშპ-ის 22.2%-მდე ფარგლებში.
რაც შეეხება კაპიტალურ ხარჯებს - 2019-2020 წლებში დაწყებული ისეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების აქტიურ ფაზაში შესვლიდან გამომდინარე, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი და ჩრდილოეთ-სამხრეთი მიმართულება, 2021 წელს კაპიტალური ხარჯების წილი მშპ-სთან მიმართებაში 7.9 %-ს შეადგენს. ამავე დროს, დეფიციტის შემცირების პარალელურად, მომდევნო წლებშიც სასურველია კაპიტალური ხარჯები შენარჩუნდეს მშპ-ს 8%-იან ნიშნულთან ახლოს.
სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები/ხარჯები
2021 წლის ბიუჯეტის პროექტით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი, 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით, შემცირებულია 1 662.2 მლნ ლარით და განისაზღვრება 16 758.1 მლნ ლარის ოდენობით.
სახელწიფო ბიუჯეტის გადასახდელების მოცულობა, 2020 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, იზრდება 2 460.7 მლნ ლარით და შეადგენს 18 384.5 მლნ ლარს (წინა წარდგენებთან შედარებით ასიგნებების მოცულობა იზრდება 1 313.1 მლნ ლარით).
ჯამში, ხარჯების მოცულობა 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით იზრდება 221.9 მლნ ლარით და შეადგენს 12 778.3 მლნ ლარს, მათ შორის 890 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის და მისგან გამოწვეული კრიზისი საწინააღმდეგო ღონისძიებების დაფინანსებისთვის.
ხარჯები სამინისტროების მიხედვით
Ø ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები - წინა წარდგენასთან შედარებით გაზრდილია 711 მლნ ლარით და შეადგენს 5 563 მლნ ლარს, რაც 2020 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 48 მლნ ლარით.
Ø რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება - განისაზღვრა 2 421.6 მლნ ლარით. ასიგნებები 2020 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 551.3 მლნ ლარით.
Ø განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს - დაფინანსება განისაზღვრა 1 802.6 მლნ ლარით, რაც 2020 წლის დამტკიცებულ ასიგნებას აღემატება 263.8 მლნ ლარით, ხოლო წინა წარდგენებთან შედარებით, გაზრდილია 64.5 მლნ ლარით.
Ø გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 463.6 მლნ ლარს, რაც ბიუჯეტის წინა წარდგენებთან შედარებით გაზრდილია 47.8 მლნ ლარით.
Ø ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის - გათვალისწინებულია 469.8 მლნ ლარი, რაც ბიუჯეტის წინა წარდგენებთან შედარებით გაზრდილია 113.3 მლნ ლარით. მათ შორის, გათვალისწინებულია დამატებით 85 მლნ ლარი ეკონომიკის ხელშეწყობის ღონისძიებების ფარგლებში. ჯამში, 120 მლნ ლარი - მათ შორის 35 მლნ ლარი მცირე გრანტებისთვის, 50 მლნ ლარი საკრედიტო-საგარანტიო სქემის დასაფინანსებლად, ხოლო 35 მლნ ლარი სამშენებლო სექტორის მხარდაჭერისთვის (2020 წელს დაწყებული პროგრამებით გათვალისწინებული ვალდებულებების გათვალისწინებით); 50 მლნ ლარი კორონოვირუსის მართვასთან დაკავშირებული კარანტინის ხარჯებისათვის.
Ø მნიშვნელოვანია ბიუჯეტის განხილვის პროცესში ყველა პოლიტიკური ძალის აქტიური ჩართულობა, რათა მომავალი წლის ბიუჯეტი, ისევე როგორც ანტიკრიზისული ღონისძიებებისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები დროულად იქნას მიღებული და ქვეყანას 2021 წლისთვის ჰქონდეს ბიუჯეტი, რომელიც მიმართული იქნება როგორც მოსახლეობისა და ბიზნესის მხარდაჭერის, ისე ეკონომიკის აღდგენის ღონისძიებების დასაფინანსებლად.