მედიამონიტორინგი 11.07.2019
ინტერნეტი
11.07.2019
უბედური შემთხვევა ბაკურიანში - მშენებარე ობიექტზე მუშა დენის დარტყმით გარდაიცვალა
ბაკურიანში მშენებარე ობიექტზე მუშაობისას მამაკაცი გარდაიცვალა. ცემენტმზიდი მუშაობის დროს მაღალი ძაბვის ელექტროსადენებს შეეხო, რის შედეგადაც მძღოლი გარდაიცვალა. ის 66 წლის იყო. შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ ერთი მამაკაცი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხობს.
---
10.07.2019
კახეთში C ჰეპატიტის მკურნალობისათვის კარდაკარ შემოვლა იწყება
კახეთში, C ჰეპატიტის გამოვლენისა და მკურნალობის კარდაკარო შემოვლის პროექტი იწყება. ამ მიზნით,საერთშორისო ორგანიზაცია, გლობალურმა ფონდმა, სამედიცინო პერსონალისთვის, ინტეგრირებული სკრინინგის ტრენინგები უკვე დაიწყო. კახეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ყველა მუნიციპალიტეტში, ოჯახის ექიმები და ექთნები, კარდაკარ ივლიან და სათანადო გამოკვლევებს დაინტერესებულ პირებს ადგილზე ჩაუტარებენ. „რეგიონის მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოკვლევასა და მკურნალობას თავს არიდებს. ამიტომ ადგილზე მივალთ, დავარწმუნებთ, გამოკვლევას ჩავუტარებთ და პრეპარატებსაც უფასოდ გადავცემთ“ , - თქვა ხიზანიშვილმა „პრაიმტაიმთან“. პროექტს შესაბამისი მასალებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს, კარდაკარ შემოვლაში ჩართული სამედიცინო პერსონალის დამატებით ანაზღაურებას კი, ადგილობრივი თვითმმართველობები განახორციელებენ. ინტეგრირებული პროექტი 2020 წლისათვის დასრულდება.
---
10.07.2019
ჟურნალისტი - ერთადერთი ადამიანი, ვისაც მადლობას ვერ გადავუხდი ის სპეცრაზმელია, რომელმაც მიზანში ამომიღო და მესროლა
20 ივნისის ღამეს აქციაზე დაშავებული საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ლიკა ალელიშვილი ექიმებს მადლობას უხდის. ამასთანავე ის წერს, რომ ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა მას დამიზნებით ესროლა, რა დროსაც ფეხში ჟურნალისტს რაკეტისებრი ტყვია მოხვდა. „ქრონოლოგიურად დავიწყებ, მადლობა აქციის იმ მონაწილე ბიჭებს, ვინც სასწრაფოს მანქანამდე მიმიყვანა, მადლობა სასწრაფოს ექიმებს სისხლის დროულად შეჩერებისთვის, მადლობა ჩემს ქირურგებს ჩემი გადარჩენისა და ფეხის შენარჩუბებისთვის. ამ ყველა ადმიანმა შემინარჩუნა სიცოცხლე. მადლობა ღუდუშაურის საავადმყოფოს თითოეულ თანამშრომელს. მადლობა ყველას, ვინც ამ დროის განმავლობაში მკითხულობდით და რა თქმა უნდა, ჩემს მეგობრებს. ჩემს ცხოვრებაში მიღებული ყველაზე სწორი გადაწყვეტილება სწორედ ჩემს მეგობრებს უკავშირდება. მადლობა ამ შემთხვევას, რომელმაც ბევრი რაღაც მასწავლა და სხვა თვალით შემახედა უამრავ საკითხზე. ერთადერთი ადამიანი, ვისაც მადლობას ვერ გადავუხდი ის სპეცრაზმელია, რომელმაც მიზანში ამომიღო და მესროლა. (გარემოებებიდან გამომდინარე 90% დარწმუნებული ვარ, რომ ტყვია შემთხვევით არ მომხვედრია. დანარჩენს დიდი იმედი მაქვს, რომ გამოძიება გაარკვევს) ჰოდა, ფეხზეც ავდექი, სიარულიც თავიდან დავიწყე და ორშაბათიდან სამსახურშიც ვბრუნდები“ - წერს ლიკა ალელიშვილი
---
10.07.2019
"ერთადერთი დისშვილი მყავს, რომელიც მაკითხავს ხოლმე..." - მარტოხელა ქალი, რომელსაც საზოგადოების დახმარება სჭირდება
33 წელი ქირურგიის ინსტიტუტის რეანიმაციულ განყოფილებაში ექთნად იმუშავა, უამრავი ადამიანი გამოსტაცა სიკვდილს ხელიდან, თუმცა დღეს ის არავის. ცხოვრების უკანასკნელ წლებს მარიამ ქავთარაძე მარტოობასა და სიდუხჭირეში ატარებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. მან გაგვიზიარა თავისი გულისტკივილი: -მარიამ, გვიამბეთ თქვენი ოჯახის შესახებ? მარიამ ქავთარაძე: მამა მეორე მსოფლიო ომში გარდაიცვალა, დედა - 40 წლის წინ. მე არ გავთხოვილვარ. დაბადებიდან ფეხი მტკივა და ეს ძალიან მზღუდავდა. სიყვარული ვერ ვიპოვე, ოჯახი ვერ შევქმენი. 33 წელი ექთნად ვიმუშავე რეანიმაციულ განყოფილებაში, ერისთავის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტში. 2003 წელს წამოვედი სამსახურიდან და ძალიან მწყდება გული, რომ მას შემდეგ არავის გავხსენებივარ... ერთადერთი დისშვილი მყავს, რომელიც მაკითხავს ხოლმე... -ალბათ ძალიან გიჭირთ სირთულეებთან გამკლავება მარტო?! მარიამ ქავთარაძე: ძალიან! შეხედეთ, მეზობლებმა წყალი ჩამოუშვეს ზედა სართულიდან და ჭერის შეკეთებაც არ უნდათ. ალბათ ჰგონიათ, რომ მალე მოვკვდები. პატრული გამოვიძახე, თუმცა ვერაფრით ვერ დამეხმარა. -რა არის თქვენი შემოსავალი? მარიამ ქავთარაძე: 200 ლარი პენსია და 60 ლარი სოციალური შემწეობა. თანხის ნახევარი წამლებზე მეხარჯება. დანარჩენი - პურზე. -რა გჭირდებათ ყველაზე მეტად? მარიამ ქავთარაძე: საკვები, შიმშილით რომ არ მოვკვდე... მეგობრებო, გვსურს თქვენი ყურადღება ამ მარტოხელა ქალბატონის მდგომარეობაზე გავამახვილოთ. არავინ იცის ჩვენ რა გველის წლების შემდეგ, ნებისმიერი შეიძლება აღმოჩნდეს ესეთ მდგომარეობაში. ჩვენ არაერთ მოხუცს გავუთბეთ გული და ქალბატონ მარიამს არ დავტოვებთ მარტო! თანხა შეგიძლიათ ჩერნოევცკის ფონდის ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000
---
10.07.2019
„ავერსი“ - არასწორად გაყიდული წამლის შხამის ეფექტი
„ჩემი მეუღლე “ავერსის” ფარმაცევტმა ლამის მოკლა“ – ასეთ ბრალდებას კომპანიის ერთ–ერთი მომხმარებელი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. „ჩემი მეუღლე ავერსის ფარმაცევტმა ლამის მოკლა, ყელის ტკივილის წამალი უნდოდა მარა რაღაც ანთების მისცეს. ძლივს მივასწარით საავადმყოფოში, ისე ცუდად იყო. რომ მივუტანეთ და ვუთხარით ასე ასე მოხდაო, თავის მართლება დაიწყო. საავადმყოფოში ექიმი გაგიჟდა წამალი რო ნახა, სტომატოლოგები ნიშნავენ ძლიერი ანთების დროს და ყელის ტკივილზე როგორ მოგცესო. საავადმყოფოში მისვლა რომ დაგვეგვიანა ვეღარ გადარჩებოდა, თითქოს ყელში რაღაც ჩაეკეტა, სუნთქვა გადაუკეტა წამალმა“, – წერს მომხმარებელი სოციალურ ქსელში. „მე პირადად გულის წამლის მაგივრად შაქრის წამალი მომცეს, ანუ ყუთს ეწერა ტრიმეკორი ემერი და შიგნით იდო დიაბეტონი. 2 ტაბლეტი რომ დავლიე და ვეღარ ავდექი დამიბნელდა თვალებში, მერე დავხედე წამალს“, - წერს სოციალურ ქსელში ლიკა ფირცხალავა, „ავერსის“ კიდევ ერთი მომხმარებელი. ფარმაცევტების უყურადღებობამ და გულგრილობამ შესაძლოა ძალიან მძიმე შედეგები გამოიწვიოს. მათი გადამზადება, შემოწმება მუდმივად უნდა ხდებოდეს, თუმცა რეალობაში არსებული ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს. ისეთ დიდ კომპანიას, როგორიც „ავერსია“, უნდა ჰქონდეს აღნიშნულის უზრუნველყოფის უნარი, თუმცა, როგორც ჩანს, ეს მათ პრიორიტეტებს შორის არ არის. ავერსის მფლობელმა, პაატა კურტანიძემ ფარმაცევტული საწარმოს „ავერსი-რაციონალი“ მშენებლობა 2002 წელს დაიწყო და პირველი მედიკამენტი 2005 წლის მაისში გამოუშვა. ამჟამად „ავერსი-რაციონალი“ 141 დასახელების მედიკამენტის 240 პოზიციას აწარმოებს. ქართული ფარმაცევტული ბიზნესის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია „ავერსი“ როგორც სააფთიაქო ქსელს, ასევე რამდენიმე კლინიკას, ფარმაცევტულ საწარმოს და სადაზღვევო კომპანიასაც მოიცავს. ხშირად მომხმარებელი რჩევას ფარმაცევტს ეკითხება და მასზე დაყრდნობით იძენს მედიკამენტს, რომლის მოხმარებაც ორგანიზმზე დიდ გავლენას ახდენს. ავერსის ფარმაცევტები პაციენტს ხშირად საკუთარ (ავერსის) პროდუქციასაც სთავაზობენ, მომხმარებლის კონკრეტული მწარმოებლის მოთხოვნის მიუხედავად. რთულად მისახვედრი არ არის, რამდენად დიდი პასუხისმგებლობა აკისრია მათ, თუმცა ამის მიუხედავად ფარმაცევტის უყურადღებობამ არაერთი მომხმარებლის ჯანმრთელობას დიდი საფრთხე შეუქმნა.
---
10.07.2019
რუსეთიდან შემოტანილი პრეპარატი ლეიკემიას ვერ კურნავს - ბოლო თვენახევარში იაშვილში 2 ბავშვი გარდაიცვალა
---
ბეჭდვითი მედია
11.07.2019
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
მითი და რეალობა
აცრების შესახებ და ზოგი რამ გენმოდიფიცირებულ კულტურებზეც ყველა საღად მოაზროვნე მშობელს ორი კითხვა უჩნდება: კი მაგრამ, ჩემი აუცრელი ბავშვი რატომ უნდა წარმოადგენდეს საფრთხეს აცრილებისთვის?! აკი, აცრილები დაცულნი არიან იმ დაავადებებისგან, რაზედაც აიცრებიანო?! და, თუკი, მაინც ავად გახდება ჩემი აცრილი ბავშვი ან აუცრელი ბავშვისგან გადაედება, მაშინ რა აზრი აქვს ვაქცინაციას?! ამ კითხვებზე ვაქცინატორები პასუხს ვერ იძლევიან! ყველაზე დამაფიქრებელი(!) კი მაინც ისაა, რაც ვაქცინირებულ ადამიანებზე დაკვირვებით, შედარებით გვიან გაირკვა, რომ თურმე, დაავადების გავრცელებაში აუცრელებზე მეტად აცრილები არიან დანარჩენებისთვის საშიშნი (ამის დამადასტურებელ მაგალითებს ოდნავ ქვემოთ მოგახსენებთ)! ახლა, ამას დავუმატოთ დიდი ხნის წინანდელი, კარგად ცნობილი ფაქტები: უამრავი უმძიმესი გართულება სიკვდილის ჩათვლით, გართულებებს გადარჩენილებში კი - სუსტი და ხანმოკლე იმუნიტეტი! რაღა რჩებათ ისეთი სასიცოცხლო მნიშვნელობის, რის გამოც აზრი ჰქონდეს რისკზე წასვლას, ვაქცინაციაზე დათანხმებას? აბსოლუტურად, არაფერი! სწორედ ამიტომ, ყველანაირი ინფორმაციის თავისუფლად მოძიების წყალობით იმდენად იმატა ანტივაქცინატორების რაოდენობამ მოსახლეობის განათლებულ ნაწილში, და იმდენად გაუჭირდათ სახელმწიფოებს მოსახლეობის დარწმუნება ვაქცინების უსაფრთხოებასა და აუცრელობაში, რომ აცრებზე უარისმთქმელების დათანხმებას დაშინებით, ჯარიმების შემოღებით და იძულებით, კანონის ძალით ცდილობენ, ანდა, სულაც მშობლების უკითხავად ცრიან ბავშვებს სამშობიაროში იქნება ეს, თუ - სკოლებში! ისევ ლოგიკური კითხვა იბადება: თუ კი ამდენი უარყოფითი მხარე აქვს ვაქცინაციას, სახელმწიფო რატომ ცდილობს ნაძალადევი აცრების დაკანონებას?!.
---