საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტს რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების და გეო-პოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს. ამ ფონზე მაიკ პომპეოს ჩამოსვლა ხაზს უსვამს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და ადასტურებს აშშ-ის ინტერესსა და ჩართულობას რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში.
დღევანდელი ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების დროს (საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, საქართველოს პრეზიდენტთან) აშშ-ს სახელწმიფო მდივნის მხრიდან გაჟღერდა მკაფიო მხარდამჭერი გზავნილები საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებასა და განმტკიცების მიმართულებით.
სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა. ბუნებრივია ხაზი გაესვა სტრატეგიული პარტნიორების მიერ რუსეთის ფედერაციასთან ორმხრივი დიალოგის ფორმატში, ასევე, საერთაშორისო ფორუმების გამოყენებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული პრობლემატიკის მუდმივად დაყენების აუცილებლობას.
მკაფიო მხარდაჭერა მივიღეთ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. ამ კუთხით, საქართველოს ხელისუფლება ძალიან აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ისთან და რა თქმა უნდა, ეს მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, რათა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის აქტიური მონაწილეობითა და მხარდაჭერით გაგრძელდეს საქართველოს წინსვლა დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის პროცესში, როგორც პრაქტიკული, ასევე, პოლიტიკური თვალსაზრისით.
ამერიკულმა მხარემ მზაობა გამოხატა განაგრძოს საქართველოს აქტიური მხარდაჭერა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და მდგრადობის გაძლიერების პროცესში. აღინიშნა ის განსაკუთრებული წვლილი, რომელიც ქართველ სამხედროებს შეაქვთ საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფაში.
ჩვენ მივიღეთ აშშ-ს მკაფიო მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიული და ინსტიტუციური განვითარების პროცესში. აშშ სათანადოდ აფასებს საქართველოს მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს და გამოთქვამს მზადყიფნას მომავალშიც ხელი შეუწყოს ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებას ამ პროცესში.
მნიშვნელოვანია, რომ რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე საუბრისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან დაფიქსირდა მკაფიო გზავნილები, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ეძლევა ამერიკის შეერთებული შტატების გაძლიერებულ წარმომადგენლობას რეგიონში, მისი მეტ ჩართულობას როგორც საქარათველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ასევე ეკონომიკური განვითარების პროცესში.
ამ მიზნით შეხევდრებზე ხაზი გაესვა მხარეების მზაობას განაგრძონ თანამშრომლობა ამ სტრატეგიულად უაღრესად მნიშვნელოვან და დინამიურ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით.
ბუნებრივია მადლობა გადავუხადეთ აშშ-ს პანდემიის გამოწვევების დაძლევაში საქართველოს დახმარებისთვის და მნიშვნელოვანია რომ სტრატეგიული პარტნიორები ვთანმხებით მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლოდ გლობალური პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად.
ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ, უმაღლეს დონეზე ადასტურებს აშშ-სა და საქართველოს მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელმაც ჩვენი აქტიური თანამშრომლობის შედეგად ბოლო პერიოდში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და ხაზს უსვამს ორივე მხარის მზაობას, რომ ამ მნიშვნელოვანი მიღწევების საფუძველზე კიდევ უფრო გავაღრმავოთ და გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა ყველა ძირითადი მიმართულებით.