• პირველ ეტაპზე, რომელიც იყო ვირუსის შეკავება, ჩვენ მივაღწიეთ ისეთ შედეგებს, რომელსაც მთელი მსოფლიო წარმატებულად აფასებს.
• ჩვენ ახლა ვიმყოფებით ადაპტაციის და მართვის ეტაპზე, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანია წესების დაცვა, რომელიც გვჭირდება, რომ არ დავხუროთ ეკონომიკა, არ დავხუროთ სკოლები, არ შევაფერხოთ პოლიტიკური პროცესი და სხვ.
• წესების დაცვა, არის გარანტია, რომ გავაგრძელებთ ნორმალურ ცხოვრებას, აღვადგენთ ეკონომიკას, სამუშაო ადგილებს და მშვიდად, დაძაბულობის გარეშე ჩავატარებთ პოლიტიკურ პროცესებს.
• ადაპტაციის და მართვის ეტაპზე მთავრობის ძირითადი ამოცანაა სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და ადამიანის სწრაფდ დაბრუნება ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში. თუმცა, პასუხისმგებლობა სახელმწიფოს, ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს შორის ნაწილდება.
• როდესაც ვირუსი დაიწყო, ქვეყანაში დღეში კეთდებოდა დაახლოებით 200 PCR ტესტი. დღეს კეთდება 10 000-ზე მეტი. თუმცა რესურსიც შეუზღუდავი არ არის და ამიტომ ტესტირება ტარდება მიზნობრივად, სიმპტომების არსებობისას. ასევე, ტარდება კონკრეტული სოციალური ჯგუფების სისტემური ტესტირება, როგორებიც არიან ექიმები, მასწავლებლები, პოლიციელები, მძღოლები და აშ. დღეს საქართველო 100 000 მოქალაქეზე საშუალო ევროპულ ქვეყანაზე უფრო მეტ ტესტს აკეთებს.
• მსუბუქი, ან უსიმპტომო პაციენტების მართვა ხდება პირველადი ჯანდაცვის რგოლების მიერ, ბინაზე. თუ მოქალაქეს არ აქვს იზოლაციაში შესაძლებლობა, შექმნილია კოვიდსასტუმროები, სადაც გაგრძელდება მათი მკურნალობა. სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში ხდება ტესტირება და პირი ექვემდებარება კლინიკაში გადაყვანას. ამასთან, სამედიცინო სისტემა მძიმე და კრიტიკული პაციენტების სამართავად სრულად მზად არის. შექმნილია კლინიკური და რეანიმატოლოგიური ჯგუფი, რომლებიც მართავენ პროცესს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
• კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თავიანთი წილი პასუხისმგებლობა ეკისრებათ როგორც კერძო, ისე სახელმწიფო ორგანიზაციებსაც - ეს არის თერმოსკრინინგი და მაქსიმალურად დისტანციური მუშაობა. თუ რომელიმე თანამშრომელი არის ინფიცირებულის კონტაქტი, მას უნდა მიეცეს საშუალება გადავიდეს თვითიზოლაციაში.
• რაც შეეხება მოქალაქეებს - პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა, ელემენტარული ჰიგიენის წესების დაცვა. 7-8 თვე გავიდა პანდემიის დაწყებიდან და ვერც ერთმა სახელმწიფომ მოქალაქეს ვერ შესთავაზა უფრო ეფექტიანი და ქმედითი თავდაცვის საშუალება.
• ამასთან, მაღალი რისკის ჯგუფის მოქალაქეების, ხანდაზმულებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებთან მიმართებაში საჭიროა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენა. ამავდროულად მათ მიმართ განსაკუთრებული ყურადღება იქნება სამედიცინო სექტორის მხრიდანაც.
• აქვე ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში საწოლ ფონდების არანაირი დეფიციტი არ არსებობს. ტენდერი საწოლების დაქირავებაზე გამოცხადდა იმისთვის, რომ ახალ წლამდე მუდმივ მზაობაში გვქონდეს 5000 საწოლი ადგილი.