(ვრცლად)
• საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება სარულად ექვემდებარება კონტროლს და ის იმ პარამეტრებში მერყეობს, თუნდაც ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის თვალსაზრისით, რომელსაც ველოდით, ვპროგნოზირებდით და რაც მთავარია, რომლისთვისაც ვემზადებოდით.
• დღეს, ჩვენ ვიმყოფებით ვირუსის მართვისა და ადაპტაციის ეტაპზე, რომლის მთავარი მთავარი მიზანია, ამ კრიზისიდან გამოვიდეთ მინიმალური ზიანით, როგორც ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის, ისე ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების დაცვის თვალსაზრისით.
• შეგახსენებთ, რომ კაცობრიობაზე მოულოდნელად თავსდატეხილ ვირუსთან საწყის ეტაპზე გამკლავება საქართველოზე კარგად, ცოტა ვინმემ თუ შეძლო. ბევრ, საქართველოზე ძლიერ, მდიდარ და სამედიცინო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ბევრად უფრო გამართული ქვეყნებიც კი, გარკვეულწილად, უძლურნი აღმოჩნდნენ ეფექტიანად ებრძოლათ, პირველ რიგში, ვირუსის გავრცელებასთან და, ასევე, რაც არანაკლებმნიშვბელოვანია, ჯეროვანი სამედიცინო მომსახურება გაეწიათ უკვე დასნებოვნებული მოქალაქეებისთვის.
• საქართველოს ხელისუფლება და სამედიცინო პერსონალი, ქართული საზოგადოების უპრეცედენტო და ერთსულოვანი მხარდაჭერის პირობებში, ვიცოდით რა, ჩვენი შესაძლებლობები, პირველად ამოცანად დავისახეთ და წარმატებით გადავწყვიტეთ უმთავრესი ამოცანა: ავუშენეთ პრაქტიკულად გადაულახავი ზღუდე ვირუსს და იმ რამდენიმე თვის განმავლობაში, როდესაც მთელ მსოფლიოსთან ერთად, პრაქტიკულად, არაფერი ვიცოდით ვირუსთან ეფექტიანი ბრძოლის თაობაზე - არ გვქონდა არც სათანადო რაოდენობის ნიღბები, სადეზინფექციო საშუალებები, სასუნთქი აპარატები, სათანადო მედიკამენტები და ლოჯისტიკურად გამართული სამედიცინო ინფრასტრუქტურა - საქართველოს საზღვრებთან შევაჩერეთ უხილავი მტერი.
• დღეს, ქვეყანა ვირუსთან ბრძოლისთვის მომზადებულია, დაგროვებული გვაქვს საკმაო გამოცდილება და რაც მთავარია, პანდემიის მასშტაბის ზრდასთან ერთად, ვირუსი შედარებით ნაკლებად აგრესიული და მძიმედ გადასატანი ხდება, დღეს ის უკვე მეტად პროგნოზირებადი და შედარებით მართვადია.
• ჩვენ დროულად, სხვაზე ადრე გამოვაცხადეთ სრული ლოქდაუნი და დავიწყეთ მზადება იმ ეტაპისთვის, რომელშიც ახლა ვიმყოფებით და რომელიც ითვალისწინებს ვირუსთან ერთად შეძლებისდაგვარად უსაფრთხო თანაცხოვრებას, რის თაობაზეც ჩვენ ღიად და დაუფარავად ვესაუბრებოდით ჩვენს ხალხს.
• მსოფლიო პრაქტიკამ ცხადყო, რომ ეს იყო იმ პერიოდისთვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება.
• რასაკვირველია, ჩვენ ისიც ვიცოდით, რომ ეს მტკივნეულ გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკასა და ჩვენი თანამოქალქეების შემოსავლებზე გაივლიდა და პირველი დღეებიდან ყველაფერი გავაკეთეთ, რათა მოგვეზიდა შესაბამისი რესურსი ეკონომიკის არაერთი სექტორის და ვირუსით დაზარალებული მოქალაქეების მხარდაჭერისათვის.
• გლობალური ეკონომიკის პირობებში, რომლის შემადგენელი ნაწილია ჩვენი შედარებით პატარა, მაგრამ დინამიურად განვითარებადი ეკონომიკა, მისი გარესამყაროსგან იზოლირება დიდი ხნით პრაქტიკულად შეუძლებელია და გონივრული ვადის გასვლის შემდეგ თვითმკვლელობას შეიძლება დაემსგავსოს.
• დღესდღეობით, მოსახლეობაში მკაცრი შეზღუდვების დაწესებისა და რიგი მიმართულებების ჩაკეტვისთვის მზაობა არ არსებობს, რადგან მკაცრი შეზღუდვები ეკონომიკურ პრობლემებს და ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების შემცირებას ნიშნავს.
• ამიტომ ჩვენ დავისახეთ ამოცანა, რომ ისე გადაგვეწყო ჩვენი სამედიცინო სერვისები, ინფრასტრუქტურა და ლოჯისტიკა, რომ ქვეყნის ეტაპობრივი გახსნის პირობებში შეგვძლებოდა გვემართა ეპიდემია, ინფიცირებულთა რაოდენობის პროგნოზირებადი ზრდის პერიოდში.
• ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა, - კერძოდ:
- 700 000-ზე მეტი PCR ტესტი, 400 000-ზე მეტი ანტიგენის და ანტისხეულის სწრაფი ტესტი მარაგში;
- მიზნობრივი ტესტირება სიმპტომებიან პაციენტებს; გეგმიური ტესტირება მაღალ რისკ-ჯგუფებს:
- დღეში - 10 000-მდე ტესტი მაშინ როცა მარტში დღიურად ტარდებოდა 200-მდე ტესტი.
- დღეს - 25 ლაბორატორია - მარტში - მხოლოდ 4 ლაბორატორია
- სამედიცინო საშუალებების სრული მარაგი
- გადამზადებული მედპერსონალი, მათ შორის ჯანდაცვის პირველადი რგოლი
- 25 ონლაინ-კლინიკა სატელეფონო ტრიაჟისთვის
- კოვიდინფიცირებული პაციენტების ერთიანი კლინიკური მართვა:
საავადმყოფოში - მძიმე შემთხვევები, რისკ ჯგუფები (ქრონიკული დაავადების მქონე და 65 წელს ზემოთ პირები).
ე.წ. კოვიდ სასტუმროებში - შედარებით მსუბუქი შემთხვევები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან რისკ-ჯგუფებს და არ ესაჭიროებათ 24 საათიანი დაკვირვება (რაც რა თქმა უნდა არ გამორიცხავს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნას).
ბინაზე - მსუბუქი ან უსიმპტომო შემთხვევები, რომლებსაც გააჩნიათ ბინაზე სათანადო პირობები, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.
- მთელი ქვეყნის მასშტაბით მობილიზებული საწოლფონდი, ეტაპობრივად ათვისებისთვის
- ოქტომბრის ბოლოდან - 200 000-ზე მეტი სეზონური გრიპის ვაქცინა
• დღეისათვის ჩვენ ვიმყოფებით იმ ეტაპზე, როდესაც ეკონომიკა ნელ-ნელა, გეგმიურად შეგვყავს მწყობრში და ეკონომიკური და სოციალური მობილობის ზრდის გამო ინფიცირებულ მოქალაქეთა პროგნოზირებულ მატებასაც ადეკვატურად ვპასუხობთ.
• გვსურს, დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები, რომ ინფიცირებულთა ის რაოდენობა და სამწუხარო სიკვდილიანობის ის პროცენტი, რომელიც ჩვენთან დღეისათვის ფიქსირდება, კვლავ დაბალია გლობალურ მაჩვენებლებთან მიმართებაში და ჯერადობით უკეთესია, ვიდრე სხვა, თუნდაც ევროპის მაღალგანვითარებულ ქვეყნებში.
• მოვუწოდებთ მოსახლეობას, არ ავყვეთ გარკვეული ჯგუფებისგან მომდინარე, მათი პოლიტიკური დღის წესრიგით და საარჩევნო ამოცანებით ნაკარნახევ, პანიკის და უნდობლობის დათესვის მცდელობას.
• ინფიცირებულთა რაოდენობამ ექვსასს გადააჭარბა და სავარაუდოდ რიცხვები კიდევ გაიზრდება; ასეთია ზოგადად ვირუსის ბუნება, რომელიც მობილობის ზრდით იკვებება. შესაძლოა, შემოდგომის პერიოდში ინფიცირებულთა რაოდენობამ ათასსაც მიაღწიოს და მნიშვნელოვნად გადაცდეს კიდეც მას, მაგრამ ეს არის ვითარება, რომელსაც, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ვპროგნოზირებდით და რისთვისაც ვემზადებოდით.
• ჩვენ ვსწავლობთ ვირუსთან ერთად თანაცხოვრებას, მთელ მსოფლიოსთან ერთად ველოდებით სათანადო ვაქცინის შექმნას და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ვაქცინა საქართველოს მოქალაქეებისთვის ისევე გახდეს პირველ რიგში ხელმისაწვდომი, როგორც ის ფინანსური რესურსი, რომელიც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან ერთ-ერთმა პირველთაგანმა მივიღეთ და ჩვენი ეკონომიკის ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორისა და მოქალაქეების მხარდაჭერაზე გავხარჯეთ, სამართლიანად და რაციონალურად.
• ჩვენ ყველამ ერთად უნდა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა - შევასრულოთ ყველა რეკომენდაცია - ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და ჰიგიენის ელემენტარული ნორმები, იმისთვის, რომ გავაგრძელოთ ნორმალური ცხოვრება, ეკონომიკის აღდგენა, სწავლა და ხელახლა არ მოგვიწიოს მკაცრი შეზღუდვების დაწესება. უნდა გვახსოვდეს, რომ არსებული რესურსები არ არის ამოუწურავი.
• სახელმწიფომ და ხალხმა ერთიანი ძალისხმევით ახალი კორონავირუსის პირველი და ყველაზე მძიმე ტალღა დავამარცხეთ და სწორედ ერთიანობით, ერთმანეთის გვერდში დგომით მეორე ტალღასაც დავამარცხებთ.