• პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენის პერიოდში, მძაფრი გლობალური ეკონომიკური კონკურენციის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა ყველა მექანიზმს იყენებს, ქვეყანაში ბიზნესგარემოს კიდევ უფრო მეტად გასაუმჯობესებლად.
• მთავრობა კომპანიებს აძლევს საშუალებას, მიიღონ „საერთაშორისო კომპანიის” სტატუსი, ხოლო საერთაშორისო კომპანიებს უქმნის კომფორტულ პლატფორმას საქართველოში სამუშაოდ.
• კომპანია რომელიც მიიღებს „საერთაშორისო კომპანიის“ სტატუსს ისარგებლებს შეღავათებით ქონების (გარდა მიწისა), მოგების, დივიდენდებსა (სრულად თავისუფლდება) და საშემოსავლო გადასახადებზე - მოგების და საშემოსავლო გადასახადი შეუმცირდება 5%-მდე.
• ეს შეღავათები პირველ რიგში შეეხება საზღვაო ბიზნესთან დაკავშირებულ და აიტი კომპანიებს, რადგან ტრანსპორტი და ლოგისტიკა ჩვენი ეკონომიკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია. ამასთან, IT მიმართულებით ქვეყანაში გვაქვს დიდი რესურსი, რომელიც უნდა ავამოქმედოთ.
• შეღავათები ადგილობრივ კომპანიებს განვითარებისა და გაფართოების სტიმულს გაუჩენს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ახალი, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების გაჩენას.
• ამაზე მუშაობა დავიწყეთ 2019 წლის დეკემბრიდან. განხილული იქნა ისეთი წარმატებული საზღვაო ქვეყნის გამოცდილება, როგორიცაა მალტა, კვიპროსი, საბერძნეთი და დანია.
• გარდა ამისა, კრიზისის მაქსიმალურად სწრაფად გადასალახად სახელმწიფო აგრძელებს სოფლის მეურნეობის განსაკუთრებულ ხელშეწყობას, სახელმწიფო პროგრამების გაფართოებას. პროგრამაში „ქართული ჩაი“ შეგვაქვს ცვლილებები და ვზრდით სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო დაფინანსების ოდენობას.
• ბენეფიციარს დაუფინანსდება შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 70%. 1 ჰა-ზე 2 500 ლარამდე. ხოლო კოოპერატივებს - შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 90%. 1 ჰა-ზე 3 000 ლარამდე. ცვლილებები დარგს მისცემს ახალ სტიმულს და ფერმერებს დაეხმარება კრიზისთან გამკლავებაში.
• აღსანიშნავია, რომ პროგრამა 2016 წელს დაიწყო და მასში ჩართულია 39 მეჩაიე; განხორციელდა 1 192 ჰა გაველურებული პლანტაციის რეაბილიტაცია, რომელთაგან 790 ჰა - სახელმწიფოსაგან იჯარით აღებულია.