• მსოფლიოში კოვიდ-19 ის მეორე ტალღა დაიწყო და რეკორდულად იზრდება ინფიცირების მაჩვენებლები, მათ შორის საქართველოშიც, რასაც ველოდებოდით და რისთვისაც ვემზადებოდით.
• პირველი ტალღისას, როდესაც მთელ მსოფლიოში არ არსებობდა ელემენტარული დაცვის საშულებების - პირბადეების, ტესტების მარაგიც კი, არ არსებობდა ცოდნა ამ ვირუსის შესახებ, ლოკდაუნის მტკივნეული გადაწყვეტილება, იყო აუცილებელი.
• დღეს კი, ჩვენც ისევე, როგორც მთელი მსოფლიო, მეტად მომზადებულები ვხვდებით მეორე ტალღას. დღეს ქვეყანაში 200-სგან განსხვავებით 10 000-მდე PCR ტესტი კეთდება ყოველდღიურად, ჯანდაცვის სისტემა არის მეტად მომზადებული, რაც არის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად ვიმოქმედოთ ვირუსის წინააღმდეგ.
• ბალანსის დაცვას ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლესა და ეკონომიკას შორის, აქვს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა. ეს არის მეორე ტალღასთან გამკლავების ერთადერთი სწორი სტრატეგია, რადგან დღესაც ვერავინ ამბობს, როდის იქნება ვაქცინა, და ეს იქნება გრძელვადიანი პრობლემა, რომელთანაც ჩვენი სტრატეგია უნდა იყოს გრძელვადიანი.
• შეუძლებელია პირველი ტალღის მსგავსად, ახლაც ლოკდაუნის შემოღება - ამის რესურსი არა თუ ჩვენ, არამედ წამყვან ევროპულ ქვეყანებსაც კი არ აქვთ (ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანია ახალ ლოქდაუნს ვეღარ გაუძლებს). ჩვენი მიდგომა იქნება ეფექტიანი, დროული და წერტილოვანი შეზღუდვები, რომელიც დაგვეხმარება ვირუსის გავრცელების სისწრაფის შენელებაში.
• ვირუსთან ეფექტიანი ბრძოლისთვის, აუცილებელია ერთობლივი მოქმედება - კონსოლიდაცია. აქ თავისი ფუნქცია აქვს, როგორც მოქალაქეს, ასევე კერძო და საჯარო ორგანიზაციებს და ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა კი, ხელისუფლებას.
• კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პანდემიას ცალკე აღებული ქვეყანა ვერ გაუმკლავდება. ასევე, - ვერავინ, ვერც ერთი სოციალური ჯგუფი, იქნება ეს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, მთავრობა, პოლიცია, ჩვენი სამოქალაქო საზოგადოება, ცალკე აღებული, ვერავინ ვერ შეძლებს სერიოზული პროგრესის მიღწევას ვირუსთან ბრძოლაში. ერთადერთი გამოსავალი კონსოლიდაცია და ერთიანობაა.
• ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში მოგვიწევს ვირუსთან ერთად ცხოვრება. კარგ შემთხვევაში, ეს იქნება ერთი და ორი წელი. მეორე ტალღას, როგორც ჩანს, მოჰყვება მესამე ტალღაზე საუბარი და ა.შ. თუმცა, თუ ელემენტარულ წესებს ვიცავთ, მინიმუმამდე დავიყვანთ ვირუსის გავრცელების საფრთხეს.
• მოქალაქებს უნდა მოვუწოდოთ ელემენტარული წესების დაცვისკენ - პირბადის ტარება, ყველგან და ყოველთვის; დისტანციის დაცვა, ელემენტარული ჰიგიენის დაცვა, წვეულებების არმოწყობა და არდასწრება. ხანდაზმული მოქალაქეების სახლში დარჩენა; ელემენტარული სიმპტომებითაც კი - სამსახურში არ გამოცხადება, ბავშვების სკოლებსა და ბაღებში არ გაშვება.
• ორგანიზაციებს - რეგულაციების მკაცრი დაცვა. მაქსიმალურად დისტანციურად მუშაობა; საკუთარ თანამშრომლებზე ზრუნვა; ჰიგიენის წესების დაცვა; უზრუნველყოფა დეზინფექციის საშუალებებით და პირბადეებით. შსს-ს აქვს მიღებული დავალება, რომ კანონის უხეშად დამრღვევები დაისაჯონ მკაცრად.
• საკოორდინაციო საბჭო არის კვლავაც ტრანსპარენტული, რაც გახდა პირველი ტალღის დროს, ქვეყნის წარმატების ერთ-ერთი საფუძველი. ახლაც, საბჭო აგრძელებს საგანგებო რეჟიმში საზოგადოებასთან კომუნიკაციას.
• არჩევნები ჩატარდება საკონსტიტუციო ვადებში, არანაირი მისი გადადების საფუძველი არ არსებობს. არჩევნები იქნება მაქსიმალურად უსაფრთხო - ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით საარჩევნო უბანი ისე იქნება მომზადებული, შესაძლოა ზოგიერთ სავაჭრო ცენტრსა და მაღაზიაში შესვლა იყოს მეტად სახიფათო, ვიდრე საარჩევნო უბანზე მისვლა.
• რა თქმა უნდა, ხარვეზები ყველგან არსებობს და ჩვენ მათ კარგად ვხედავთ. ჩვენი ამოცანაა, ისინი არ იყოს სისტემური და სწრაფად გამოსწორდეს, რასაც ვაკეთებთ შესაბამის უწყებებთან ერთად და რაც მთავარია, ჩვენივე მოქალაქეების დახმარებით. ყველა სამინისტროს აქვს მიღებული დავალება, რომ მოქალაქეებთან აბსოლუტურად ღიად იყოს განხილული ის საკითხები, რომელიც ხარვეზებს ეხება.
• ჩვენ დავრჩებით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა, რომელიც წარმატებით გაუმკლავდება ვირუსის მეორე ტალღას, მაგრამ ეს შესაძლებელი იქნება, მხოლოდ კონსოლიდირების გზით - ექიმების, ეპიდემიოლოგების, ჩვენი საზოგადოების და ხელისუფლების. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, შევუნარჩუნოთ ქვეყანას შემდგომი სწრაფი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა.