2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 165.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 41.7 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით.
2020 წლის პირველ კვარტალში ინვესტიციების შემცირება უკავშირდება მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულებას და რამდენიმე საწარმოს გადასვლას საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში. აღნიშნული კომპონენტების წვლილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებაში 17.6 პ.პ. შეადგინა. ასევე, მნიშვნელოვნად 87 მლნ. აშშ. დოლარით (91.9 პროცენტით) შემცირდა სავალო ვალდებულებები, და 7.6 მლნ. აშშ. დოლარით განისაზღვრა, რაც სესხების გასტუმრებით და ახალი სესხების აღების შემცირებით არის განპირობებული. ამასთან, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადებზე უარყოფითი გავლენა მოახდინა კორონავირუსის პანდემიის შედეგად გლობალური ეკონომიკური აქტივობის შესუსტებამ და ინვესტორთა ქცევის ცვლილებამ, რაც კრიზისის პერიოდში ინვესტიციების შედარებით დაბალ რისკიან აქტივებში განთავსებაში გამოიხატება
მიუხედავად არსებული გამოწვევებისა 2020 წლის პირველ კვარტალში 26.8%-ით (28.5 მლნ. აშშ. დოლარით) გაიზარდა რეინვესტირების მოცულობა და 135.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. აღნიშნული, კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყანაში მყოფი ინვესტორების ნდობას ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართ.
2020 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი - 96.3%-ით (46.6 მლნ. აშშ. დოლარით) ზრდა დაფიქსირდა საფინანსო სექტორში და 94.9 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. ამასთან, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა უძრავი ქონების სექტორში და 34.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა (წინა წლის პირველ კვარტალში აღნიშნულ სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უარყოფითი მოცულობა დაფიქსირდა). პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ასევე გაიზარდა კავშირგაბმულობის, სამთო მოპოვებითი მრეწველობის და ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური მომსახურების სექტორებში.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებაში ყველაზე მაღალი წვლილი შეიტანა ენერგეტიკის, სასტუმროების და რესტორნების, ტრანსპორტის და დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში ინვესტიციების შემცირებამ. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 154.2 პროცენტიანი (75.3 მლნ. აშშ. დოლარით) კლება დაფიქსირდა ენერგეტიკის სექტორში და უარყოფითი მაჩვენებელი -26.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა სასტუმროების და რესტორნების სექტორში 76.3 პროცენტით (50.7 მლნ. აშშ. დოლარით) შემცირდა და 15.8 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. ტრანსპორტის სექტორში 77.5 პროცენტიანი კლება (22.0 მლნ. აშშ დოლარით ნაკლები) დაფიქსირდა და ინვესტიციების მოცულობამ 6.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირდა 76.4 პროცენტით (14.5 მლნ. აშშ დოლარით) და 4.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.
2020 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 94.9 მლნ. აშშ დოლარი (მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 57.4 პროცენტი) საფინანსო სექტორში დაფიქსირდა. უძრავი ქონების სექტორში განხორციელებულმა პირდაპირმა ინვესტიციებმა 34.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 20.6 პროცენტია. მესამე ადგილზეა სასტუმროების და რესტორნების სექტორი 15.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ინვესტიციების 9.5 პროცენტი).
ქვეყნების მიხედვით 2020 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია გაერთიანებული სამეფოდან განხორციელდა (44.2 პროცენტი - 73.1 მლნ. აშშ დოლარი), შემდეგ მოდის აშშ. (17.0 პროცენტი - 28.1 მლნ აშშ დოლარი) და პანამა (11.9 პროცენტი - 19.6 მლნ. აშშ დოლარი).
2020 წლის პირველ კვარტალში 41.3 პროცენტით (30.7 მლნ. აშშ. დოლარით) გაიზარდა ინვესტიციების მოცულობა ევროკავშირის ქვეყნებიდან, რაშიც ყველაზე მაღალი წვლილი ნიდერლანდებიდან და მალტადან ინვესტიციების ზრდამ შეიტანა.
საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვან პრიორიტეტს ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვა და ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერი წარმოადგენს. კორონავირუსის კრიზისის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკის გაჯანსაღების ხელშეწყობის მიზნით შემუშავებული ღონისძიებები, ასევე უზრუნველყოფს კრიზისის შედეგად და გლობალური ცვლილებებიდან გამომდინარე წარმოქმნილი ახალი შესაძლებლობების გამოყენებას. აღნიშნული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მულტინაციონალური კომპანიების მხრიდან ინვესტიციების დივერსიფიკაციის ტენდენციის ეფექტიანი გამოყენება, ამ თვალსაზრისით საქართველოს უპირატესობების სრული კაპიტალიზაცია და ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება.