დამატებითი ინფორმაცია:
· საქართველოს მთავრობის მიზანია, პარტნიორების მიერ გაწეული დახმარების ჰარმონიზაცია ქვეყნის განვითარების სტრატეგიულ პრიორიტეტებთან. მთავრობა 4 ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებას გამოყოფს. ესენია: 1) უსაფრთხოება; 2) ეკონომიკური განვითარება და სამუშაო ადგილები; 3) განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება და 4) ღია მმართველობა.
1. უსაფრთხოება ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების საფუძველია. ჩვენი მთავარი გამოწვევა კი არის ოკუპაცია. ჩვენი ტერიტორიების 20%-თან ერთად ოკუპირებულია ჩვენი ადამიანური კაპიტალის 20%, ჩვენი ქვეყნის განვითარება შეზღუდულია 20%-ით და ეს ყოველდღიურად აისახება ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე.
· ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ვექტორს წარმოადგენს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. შესაბამისად, მთავრობა, თანმიმდევრული მიდგომით, აგრძელებს ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ეფექტიანად შესრულებას, ასევე, საქართველო-ნატოს შორის არსებული ფორმატებით განსაზღვრული ვალდებულების ჯეროვნად განხორციელებას.
· მნიშვნელოვანია შიდა უსაფრთხოების საკითხები - მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, ერთიანი სისხლის სამართლის პოლიტიკის ჩამოყალიბებამ ქვეყნის უსაფრთხო განვითარების მყარი საფუძველი უნდა შექმნას.
2. ეკონომიკური განვითარება და სამუშაო ადგილები - ჩვენმა ბიზნესზე მორგებულმა პოლიტიკამ, მტკიცე რეგიონალურმა და საგარეო სავაჭრო ურთიერთობებმა და ევროპისა და აზიის გასაყარზე სტრატეგიულმა მდებარეობამ, საქართველო საინვესტიციო შესაძლებლობებისთვის მოწინავე ქვეყანად აქცია. პროგრესი, რომელიც საქართველომ განიცადა აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ, ამაზე მეტყველებს მრავალი საერთაშორისო რეიტინგიც.
· მთავრობის პრიორიტეტია ბიზნესთან დიალოგი და მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებაზე მორგებული პოლიტიკის გატარება, ვინაიდან სწორედ განვითარებულმა ბიზნესმა უნდა შექმნას სამუშაო ადგილები.
· ამავე დროს, სახელმწიფო უზრუნველყოფს შრომის ბაზრის ეფექტური საინფორმაციო პოლიტიკის გატარებას, რამაც ხელი უნდა შეუწყოს პოტენციურ დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის კავშირების დამყარებას და სამუშაოს მაძიებლების ინფორმირებას შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესახებ.
· ასევე, გამოკვეთილ პრიორიტეტად რჩება ქვეყანაში ინფრასტრუქტურის განვითარება. ბოლო წლების განმავლობაში, ამ მხრივ უპრეცედენტო ინვესტიციები განხორციელდა. ეს პროცესი მომავალ წლებშიც გაგრძელდება.
· ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის ასევე მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარება. სწორედ ამიტომ, მთავრობა სასურველი შედეგების მიღწევის გარანტად განსაზღვრავს კონკურენტუნარიანი, წარმოებისკენ მიმართული სოფლის განვითარების პოლიტიკის განხორციელებას.
3. განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების უმთავრესი წინაპირობაა და პირდაპირ უკავშირდება გაეროს მიერ შემუშავებული მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას 2030 წლისთვის.
· ამ მხრივ, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია განათლების ყოვლისმომცველი რეფორმის გატარება. იგი გულისხმობს განათლების სისტემის ყველა საფეხურის რეფორმირებას და არა ფრაგმენტულ მიდგომას. ადამიანური და ფინანსური რესურსების, ასევე დონორთა დახმარების მობილიზაციით, შევძლებთ მოსწავლის და სტუდენტის წარმატებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სისტემის განვითარებას, სადაც თითოეული მათგანი კონკურენტუნარიანი იქნება შრომის ბაზარზე.
· განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პროფესიული განათლების განვითარებას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კადრების სწრაფი მომზადება და იმ პირთა კვალიფიკაციის ამაღლება, რომლებიც უკვე იმყოფებიან შრომის ბაზარზე, თუმცა მათი კვალიფიკაცია და უნარები აღარ შეესაბამება თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს.
4. ღია მმართველობა ასევე, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საჯარო მმართველობის დამკვიდრების პროცესში ჩვენი უპირობო პრიორიტეტია კორუფციასთან ბრძოლა და შესაბამისი მექანიზმების მუდმივი გაძლიერება.
· კორუფციისაგან თავისუფალი გარემოს შესაქმნელად საქართველოში არაერთი კომპლექსური რეფორმა განხორციელდა, მათ შორის: განვითარდა სახელმწიფო შესყიდვები, საბაჟო და საგადასახადო სფერო; სრულად გარდაიქმნა და ბიუროკრატიისგან გათავისუფლდა საჯარო სერვისების მიწოდება; დაინერგა თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემა; შემუშავდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი, რომელიც უფრო მოქნილსა და ეფექტურს ხდის საჯარო სამსახურს და ა.შ.