მედიამონიტორინგი 13.08.2019
ტელევიზია
12.08.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 22:30
ბოლო 6 წელიწადში საქართველოში ექიმების რაოდენობა 12 000-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით საქართველოში 31 357 ექიმი მუშაობდა, რაც 11 000-ით მეტია 2012 წლის ექიმების რაოდენობაზე. 2002-2012 წლებში ექიმების რაოდენობა მნიშვნელოვანი ცვლილებით არ ხასიათდებოდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6272997
---
12.08.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
ოჯახური ძალადობის უმძიმესი ისტორია, რომელსაც "კურიერს" 10 წლის გოგონა უყვება. ბავშვები ძალადობაში დედას ადანაშაულებენ. მოზარდი იმ დროს იხსენებს, როდესაც ის და მისი უფროსი და დედასთან ერთად ცხოვრობდნენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6272982
---
ინტერნეტი
12.08.2019
რა მიზეზით უთხრეს სოციალურ დახმარებაზე უარი პირველი ჯგუფის ინვალიდ მამაკაცს
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის მკვიდრი ანზორ კიკვაძე სიცოცხლეს მეზობლების დახმარებით ინარჩუნებს. 67 წლის მამაკაცს, რომელიც პირველი ჯგუფის ინვალიდია, სახელმწიფო სოციალურ შემწეობაზე უარს ეუბნება. ანზორ კიკვაძე გვიყვება, რომ ბოლო შემოწმების შედეგად კვლავ მაღალი ქულა მიუვიდა. როგორც თავად ამბობს, სოციალური მომსახურების სააგენტოში განუცხადეს, რომ დახმარების მიღება თუ სურს ან საწოლს უნდა იყოს მიჯაჭვული ან კიდევ მძიმე დაავადება უნდა ჰქონდეს. ჩემს ცხოვრებას არსებობა ჰქვია. დღეები ისე გადის, საჭმელი არ მაქვს. სოციალური დახმარება მომიხსნეს, უკიდურეს სიღარიბეში ვცხოვრობ. პენსია კი მედიკამენტებში მეხარჯება. დახმარება რომ დაგინიშნოთ ვერ უნდა დადიოდე ან კიბო უნდა გჭირდესო. ცალი ხელი და ფეხი გაჩერებული მაქვს და მეტი რა უნდა მჭირდეს,-ამბობს მამაკაცი. მამაკაცი დანგრევის პირას მყოფ სახლში მარტო ცხოვრობს. ჩაის ადუღება ერთადერთია რისი გაკეთებაც მას საკუთარი თავისთვის შეუძლია. მარტოხელა მამაკაცის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ მეზობლები, რომლებიც სახელმწიფოს ანზორ კიკვაძის დახმარებისკენ მოუწოდებენ. მამაკაცის მეზობლები აცხადებენ, რომ სახელმწიფომ მძიმე მდგომარეობაში მყოფ მის მოქალაქეებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს. მარტოხელა მამაკაცის პრობლემაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრში განმარტავენ, რომ მამაკაცი ბოლოს 2019 წლის აპრილში გადამოწმდა, თუმცა მაღალი სარეიტინგო ქულა დაფიქსირდა, რის გამოც ის ფულადი შემწეობით სარგებლობას ვერ შეძლებს. სამხარეო ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭიღლაძე ამბობს, რომ ანზორ კიკვაძის მდგომარეობას დამატებით შეისწავლიან და შეეცდებიან ის სხვა, არაფულად სოციალურ პროგრამებში ჩართონ. რაც შეეხება მაღალ სარეინტინგო ქულას, აღნიშნულის მიზეზად სააგენტოში მოხუცის მიერ მიწების ფლობას ასახელებენ.
---
12.08.2019
ძალადობის მსხვერპლი გოგონები - 10 წლის მოზარდის უძიმესი ისტორია
ოჯახური ძალადობის უმძიმესი ისტორია, რომელსაც „კურიერს“ 10 წლის გოგონა უყვება. ბავშვები ძალადობაში დედას ადანაშაულებენ. მოზარდი იმ დროს იხსენებს, როდესაც ის და მისი უფროსი და დედასთან ერთად ცხოვრობდნენ. ამბობს, რომ დედის ოჯახში ხშირად სცემდნენ და საჭმელს არ აჭმევდნენ. ბავშვები იძულებულები ხდებოდნენ პურის ნატეხი მოეპარათ, რასაც ჩუმად ჭამდნენ. 10 წლის მსხვერპლი ყვება, რომ დედამ მამის ხსენება აუკრძალათ და მშობლებთან კომუნიკაციის შემთხვევაში ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა. ამ მძიმე ისტორიიდან ირკვევა, რომ ბავშვები ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლები იყვნენ. გოგონები, რომელიც დედასთან იზრდებოდნენ, მამის ოჯახმა წამოიყვანა და შემდეგ დედას მათი ნახვა აუკრძალა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, აღმასრულებელმა ბავშვები ისევ დედის ოჯახში საცხოვრებლად გადაიყვანა. გოგონების მამამ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა. მეორე ინსტანციაზე პროცესი მორიგებით დასრულდა. ერთი გოგონა დედას მიაკუთვნეს, მეორე კი მამას. გოგონების დედის ოჯახში ცემის და სასტიკად მოპყრობის ფაქტებს კატეგორიულად უარყოფენ. ბებია ამბობს, რომ მოზარდს ძალადობის შესახებ მამის ზეწოლით ალაპარაკებენ. მოზარდების მამის დედა ამბობს, რომ ბავშვზე ძალადობის შემთხვევის შესახებ პოლიციას არაერთხელ აცნობეს, თუმცა რეაგირება არ მომხდარა. ასევე საქმის კურსში ჩააყენეს სოციალური მომსახურების სააგენტოც. გოგონების ბებია შიშობს, რომ 12 წლის მოზარდს, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით დედასთან დარჩა, საფრთხე ემუქრება.
---
12.08.2019
"სახე სისხლში ჰქონდა და ტიროდა თურმე ფანქრით დაუზიანებია თვალი..." - 18 წლის გოგოს, რომელსაც ეპილეფსიის მძიმე ფორმა აქვს დახმარება სჭირდება
„ქარი გიმღერის ნანასა, ზღაპარს გიამბობს ჭადარი... ძეწნამ ალერსით ამავსო ეჭვებით ნაავადარი...“ - როდესაც ანა კალანდაძის ამ ლექს ვუკითხავ ჩემს გოგონას, არ ვიცი ზუსტად იგი რას გრძნობს, მაგრამ ვხედავ თუ როგორ აინთება ყოველ ჯერზე მისი თვალები. ალბათ, გრძნობს დედის სიყვარულს და იმ განცდებს, რაც ჩემს გულშია“, - ამბობს თამარ თარგამაძე, რომლის 18 წლის ქალიშვილი ეპილეფსიის მძიმე ფორმით არის დაავადებული. რამდენიმე წლის წინ, მათ ოჯახის მარჩენალი გარდაეცვალათ, მამამ გულმა ვერ გაუძლო ქალიშვილის მძიმე ხვედრს. ეპილეფსია - ეს საშინელი დაავადებაა. ღმერთმა აშოროს იგი ყველას. ანა ბავშვობიდან იტანჯება ამ სენით, მას ხშირად ემართება კრუნჩხვები, რომლის დროსაც ყვირის, თავს ახეთქებს კედელს, ეცემა იატაკზე და გონებას კარგავს... მეზობლები მათ დაეხმარნენ რკინის კარის დაყენებაში, რადგან როდესაც დედა მაღაზიაში მიდის, იძულებულია ანა ჩაკეტოს, რომ ეს უკანასკნელი არ გაიქცეს სახლიდან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ანა თავს არ დაიზიანებს. „ერთხელ მაღაზიაში გავედი პროდუქტების საყიდლად, შემდეგ აფთიაქში უნდა გამევლო, მაგრამ გული მეუბნებოდა „სასწრაფოდ წადი სახლში“. შევარდი ბინაში და რას ვხედავ - ჩემი გოგო წევს, სახე სისხლში აქვს და ტირის. თურმე ფანქრით დაუზიანებია თვალი...“, - იხსენებს თამარი თარგამაძე. ქალბატონი თამარი ნამდვილად რომ გმირი დედაა. ღმერთია მოწმე - იგი უზარმაზარ ენერგიას ხარჯავს, რომ მის შვილს არ მოაკლოს ყურადღება, იგი იბრძვის ქალიშვილის სიცოცხლის თითოეული წამისთვის! -ხშირად მოსდის ეპილეფსიური შეტევები? თამარ თარგამაძე: შეტევები ემართება დღის ნებისმიერ დროს. არავინ იცის, თუ რაზეა ეს დამოკიდებული. ღამით არ სძინავს მშვიდად, სულ ტრიალებს საწოლში. ფაქტიურად, არც მე მძინავს, მხოლოდ 3 საათი, ღამითაც ვერ ვტოვებ უყურადღებოდ, აბა რა ვქნა? შევამჩნიე, რომ ანას უკეთ სძინავს სავსე მთვარეზე, მის სახეზე მსუბუქი ღიმილი ჩნდება ამ დროს, ალბათ მას მფარველი ანგელოზი ესიზმრება, რომელიც ამშვიდებს და ნანას უმღერის. -როგორც პატარა ბავშვია, არა? თამარ თარგამაძე: დიახ, ოღონდ გაიზარდა სიმაღლეში, ისე ხასიათი არ შეცვლილა. ისეთივე ბავშვია, როგორიც იყო 18 წლის წინ. სათამაშოებით თამაშობს; ნახეთ, ირგვლივ სულ სათამაშოებია მიმოფანტული. ახლა, ამ წუთში მშვიდად არის, რადგან გამაყუჩებელი და ეპილეფსიის საწინააღმდეგო წამალი მივეცი. არ ვიცი, რა მეშველება, როდესაც მედიკამენტები გამითავდება, საერთოდ არ მაქვს მათი ყიდვის საშუალება. -გამოდის, რომ ანას მთავარი საჭიროება - ეს არის წამალი? თამარ თარგამაძე: დიახ, მედიკამენტების გარეშე იგი ვერ გაძლებს ერთი დღეც. კეთილო ადამიანებო, გაუწოდეთ ჩემს გოგოს დახმარების ხელი, გვაჩუქეთ მომავლის იმედი, მე თქვენი მჯერა! მეგობრებო, როგორც ხედავთ, დედა-შვილი კალანდაძეები საჭიროებენ ჩვენს გადაუდებელ დახმარებას. მოდით არ გადავდოთ ეს საქმე ხვალისთვის, მოდით გავუღოთ ამ ადამიანებს ჩვენი გულები! ანა, პირველ რიგში, საჭიროებს მედიკამენტებს და ჰიგიენურ საშუალებებს, აგრეთვე, საკვებ პროდუქტებს. ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშია: GE15TB7194336080100003 или GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ანა კალანდაძე).
კვირა.ჯი- http://kvira.ge/491311
---
12.08.2019
დაეღუპა მეუღლე და ორივე შვილი - 83 წლის მარტოხელა ქალის უმძიმესი ისტორია, რომელსაც საზოგადოების დახმარება სჭირდება
83 წლის მარიამ დემეტრაშვილი სიცოცხლის უკანასკნელ წლებს სიღარიბეში ატარებს. იგი ცხოვრობს ერთოთახიან ნაქირავებ ბინაში, სადაც აუტანელი საყოფაცხოვრებო პირობებია. ბოლო დროს, ამ ხანდაზმული ადამიანის ჯანმრთელობა განსაკუთრებით გაუარესდა: იგი ვერ გადაადგილდება, დაკარგა მხედველობა, დაუქვეითდა სმენა, აღენიშნება გონებრივი ჩამორჩენილობა, არ შეუძლია დღისა და ღამის ერთმანეთისგან გარჩევა. 25 წლის წინ მარიამს გარდაეცვალა მეუღლე, ორი წლის შემდეგ - უფროსი ვაჟი, გავიდა კიდევ 8 წელი და მეორე ვაჟიც გარდაიცვალა. ოჯახის სამი წევრის უდროოდ წასვლამ დაღი დაასვა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას. განუწყვეტელი ნერვიულობა და სტრესი მძიმე ფსიქიკურ დაავადებაში გადაიზარდა. ამ ხანდაზმულ ქალბატონს უვლის 60 წლის რძალი, გარდაცვლილი შვილის მეუღლე, რომელიც ამავდროულად ზრუნავს ფსიქიკურად დაავადებულ შვილზე. ეს ადამიანები სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობენ. მათ საცხოვრებელში საშინელი სიდუხჭირე სუფევს, შეყუჟულნი არიან ერთოთახიან ბინაში, სადაც აუტანელი პირობებია. ეს ოჯახი ხშირად შიმშილობს, რამეთუ პენსიისა და სოციალური შემწეობის დიდი ნაწილი ხმარდება მედიკამენტების ყიდვას და ბინის ქირას. „არაერთხელ მივმართე მერიას თხოვნით, რომ გამოგვიყოს სოციალური საცხოვრებელი ან მოგვცენ ქირის ფული, მაგრამ უარით მისტუმრებენ, - ამბობს დოდო დემეტრაშვილი. თუ სახელმწიფი ამ საკითხის მოგვარებაში დამეხმარება, ცოტათი მაინც მოვითქვამთ სულს, წამლებს ვიყიდი და საჭმელს“. -ქალბატონო დოდო, პროფესიით ვინ არის თქვენი დედამთილი? დოდო: მთელი ცხოვრება პლასტმასის ქარხანაში მუშაობდა მუშად. სამწუხაროდ, მას არასდროს ჰქონია მშვიდი და დაწყნარებული ცხოვრება. მარიამი სულით ძლიერი ქალია, უამრავ ტრაგედიას გაუძლო, ბოლომდე ცდილობდა გამკლავებოდა სიძნელეებს. -ვინ გეხმარებათ? დოდო: მეზობლები გვეხმარებიან. ისინი რომ არ მყავდნენ, არ ვიცი რა მეშველებოდა. მეხმარებიან დედამთილის დაბანაში, ხანდახან საჭმელი შემოაქვთ, მამხნევებენ კეთილი სიტყვით. სამწუხაროდ, სახელმწიფო არ გვეხმარება, თუ არ ჩავთვლით სოციალური შემწეობის 150 ლარს. ნახეთ, როგორ გაძვირდა ყველაფერი?! წამლების და პროდუქტების ფასი დღითიდღე იზრდება. სასოწარკვეთაში ვარ, მიჭირს ელემენტარული საკვების ყიდვაც კი... -ალბათ კარგი დედამთილია ქალბატონი მარიამი ასეთი რუდუნებით რომ უვლით, არა? დოდო: ქალბატონი მარიამი შესანიშნავი პიროვნებაა. მე მას ვერ მივატოვებ. ეს არასდროს მოხდება. დედამთილიც რომ არ იყოს, ნებისმიერ შემთხვევაში ხანდაზმულ ადამიანს მოვლა-პატრონობა სჭირდება, მითუმეტეს ავადმყოფს. -თქვენი შვილი ფსიქიკურად არის დაავადებული? დოდო: დიახ. გარდა ამისა, მას С ჰეპატიტი სჭირს. აი, ასე ვარ ორ ავადმყოფ ადამიანს შორის, ხან ერთს უჭირს, ხან- მეორეს. დიდი მადლობა თქვენს ფონდ, რომ „შინ მოვლის“ პროგრამაში ვართ ჩართული. თქვენი ექიმი და ექთანი პერიოდულად მოდიან ჩვენთან. - რაზე შეიძლება იოცნებოს ადამიანმა, რომელიც ორ ავადმყოფს უვლის? დოდო: მე ვოცნებობ, რომ ადამიანებს უყვარდეთ ერთმანეთი, ეხმარებოდნენ და ერთმანეთისთვის ცხოვრობდნენ. მეგობრებო, მარიამ დემეტრაშვილს ჩვენი დახმარება ესაჭიროება. ამ ქალბატონს ცხოვრებამ უმძიმესი ბედი არგუნა. დღეს მას და მის ოჯახს ძალიან უჭირს. თქვენ დახმარებას დემეტრაშვილების ოჯახისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მოდით გულთან ახლოს მივიტანოთ მათი პრობლემები და ხელი შევუწყოთ ქალბატონ დოდოს ორი ადამიანის მოვლაში. გფარავდეთ უფალი! შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000
---
09.08.2019
მედიასაშუალება: https://presa.ge/?m=society&AID=76952
"ცოტა რამე საჭმელი ხომ არ გექნება?" - მარტოხელა, ორი შვილის დედა დახმარებას ითხოვს
ინტერნეტის მომხმარებელი თიკო კვალიაშვილი სოციალურ ქსელში ამ წერილს და მიმოწერას აქვეყნებს. თიკო წერს, რომ ეს მისმა ნაცნობმა ახალგაზრდა ქალმა მისწერა, რომელიც მარტოხელა დედაა და ორი მცირეწლოვანი ჰყავს. "თხოვნა და მიმართვა ჩემს მეგობრებს! ქალაქ რუსთავში შიმშილობის ზღვარზე იმყოფება დედა და ორი 5 წლის ქვემოთ ბავშვი. დედა მხოლოდ საჭმელს ითხოვს ვინმეს შეგიძლიათ დახმარება? პირადში მოგცემთ საკონტაქტო ინფორმაციას. ადრე დავეხმარე, მაგრამ ისევ საშინელ გაჭირვებაშია... წერილსაც ხედავთ, რას წერს .. 21-ე საუკუნეში ადამიანები რატომ უნდა შიმშილობდნენ? რატომ? აი რატომ?" - წერს თიკო. მიმოწერიდან ჩანს, რომ ახალგაზრდა ქალი "ცოტა საჭმელს" ითხოვს. "შეგაწუხე დაო. ცოტა საჭმელი რამე გექნება? ისე ვარ, ხომ ხედავ, რას გთხოვ... სულ მშივრები მყავს," - წერს ქალი. თიკოს წერილმა სოციალური ქსელის მომხმარებლების დიდი გამოხმაურება გამოიწვია. თიკო კვალიაშვილმა კომენტარებში დაწერა, რომ ქალს საბანკო ანგარიში არ აქვს, მაგრამ ვისაც ახალგაზრდა დედის დახმარება სურს, შეუძლიათ ამ ტელეფონის ნომერზე დაურეკონ: 593 165046
---
ბეჭდვითი მედია
13.08.2019
მედიასაშუალება: ქრონიკა+
ერთლარიანი წამლების პროგრამის კორუფციული ხვრელები
29 ივნისის მოვლენების შემდეგ ხელისუფლებამ, კერძოდ, პრემიერმა ბახტაძემ, საზოგადოებას ზარზეიმით ამცნო, - პენსიონერები, სოციალურად დაუცველები და შშმ პირები გარკვეულ პრეპარატებს ერთ ლარად მიიღებენო. ამ ინიციატივამ ხალხი გაახარა, თუმცა როგორც ამბობენ. ე.წ. ერთლარიანი წამლების მისაღებად ატასი ბიუროკრატიული ბარიერის გადალახვაა საჭირო. ამას გარდა, არსებობს ეჭვი, რომ ერთლარიანი წამლების პროგრამაში კორუფციული ხვრელებიცაა. ამ ეჭვს, პირდაპირ თუ ირიბად, "გაერთიანებული ოპოზიციის" წევრი, ყოფილი დეპუტატი, მანანა ჯებაშვილიც იზიარებს. ქალბატონო მანანა, რომელიც პროფესიონალი ექიმი, ჯანდაცვის სფეროში არსებულ სხვა პრობლემებზეც გვესაუბრება: -ქალბატონო მანანა, წამლების ე.წ. ერთლარიანი პროგრამა, რეალურად, გაჭირვებული მოსახლეობის დახმარებაა, თუ "ოცნების" ისეთივე პიარია, როგორიც ვთქვათ, ვალების განულება იყო? UNICEF-ის "მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის" მონაცემებით, მოსახლეობის 27.8 %-ისთვის უმთავრესი პრობლემა მედიკამენტების შეძენაა. UNICEF-ის კვლევების თანახმადვე, მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული მთლიანი დანახარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ძირითადად მედიკამენტებზე ფასების ზრდითაა გამოწვეული. მოსახლეობის მიერ ჯანდაცვის დანახარჯების დიდი წილი, ანუ 69 % , მედიკამენტებზე მოდის, მაგრამ ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობა დაბალია, რაც განკურნების პროცესის შეფერხების მთავარი მიზეზია. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 2017 წლის პირველი ივლისიდან, "ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის" სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. ორი წლის განმავლობაში პროგრამა არაერთხელ გაფართოვდა, მაგრამ მოსახლეობის ჩართულობა აღნიშნულ პროგრამაში მაინც დაბალი დარჩა. შესაბამისად ჯანდაცვის სამინისტრო პროგრამის ბიუჯეტის ათვისებას ვერ ახერხებს. როდესაც გტამოჩნდა, რომ ბიუჯეტის ათვისება ვერ ხდება, ჯანდაცვის სამინისტრომ პროგრამის ფარგლებში მედიკამენტები შეისყიდა და დაასაწყობა (დასაწყობებულ მედიკამენტებს რა ბედი ეწია , არ ვიცით, მაგრამ ვიცით, როგორ გაანადგურეს с ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისთვ8ის განკუთვნილი უძვირფასესი მედიკამენტები ვადაგასულობის გამო და ასობით მილიონი ლარი წყალს გაატანეს). ერთი მხრივ ჯანდაცვის სამინისტრო ახდენს დეკლარირებას, რომ ზრუნავს ადამიანებზე, მაგრამ მეორე მხრივ, ეს დეკლარირებული ზრუნვა არ მიდის ადამიანებამდე და ვერ მოიცავს არათუ სრულად იმ ადამიანებს, ვინც ამ დახმარებას საჭიროებს, არამედ მის მეოთხედსაც კი. " -ქალბატონო მანანა, ამ პროგრამაზე ბიუჯეტიდან მილიონებია გამოყოფილი, ხომ არ არსებობს ერთგვარი კორუფციის რისკები, ვთქვათ, კონკრეტული პრეპარატების მწარმოებლებსა და მთავრობის ცალკეულ პირებს შორის ფინანსური გარიგება? იმის თქმა, თუ რამდენადაა ფინანსური გარიგება კონკრეტული პრეპარატების მწარმოებლებს ან რეალიზატორებსა და მთავრობის ცალკეულ პირებს შორის, სპეციფიკური გამოძიების გარეშე შეუძლებელია, თუმცა ერთი ცხადია: კორუფციის რისკების მინიმალიზაციისთვის სამინისტროს ხელშეკრულება უნდა გაეფორმებინა ყველა ფარმაცევტულ კომპანიასტან და წამლების ნუსხაშიც პროგრამიტ გათვალისწინებული ნოზოლოგიების ყველა ის მედიკამენტიც უნდა შესულიყო, რომელსაც ექიმები ნიშნავენ. ასეთი მოწყობის პირობებში ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებიტ უზრუნველყოფის პროცესი უფრო ღია და გამჭვირვალე იქნებოდა, შესაბამისად, კორუფციულ გარიგებაზე ეჭვიც გამოირიცხებოდა." -ერთლარიანი წამლების პროგრამა ჯანდაცვის ახალი მინისტრის მოსვლის შემდეგ დაიწყო, სერგეენკო ამ წლების განმვლობაში "ოცნების" საფიცარი იყო, მაგრამ თანამდებობიდან, პრაქტიკულად, მადლობის გარეშე გაუშვეს, რატომ? "სერგეენკო წარმატებული მინისტრი არ იყო, ის უბრალოდ საყოველთაო ჯანდაცვის იდეასთან ასოცირდებოდა, რითიც "ქართული ოცნება" ამაყობდა.არადა, სინამდვილეში რომელ საყოველთაო ჯანდაცვაზეა ლაპარაკი, როდესაც მოსახლეობის დიდ ნაწილს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სამედიცინო მომსახურების თანაგადახდის ფინანსური შესაძლებლობებიც არ აქვს. ამ პროგრამას ყოველწლიურად ასეული მილიონობით ლარის გარღვევა აქვს. ჯანდაცვის სამინისტრომ და მისმა მინისტრმა, სერგეენკომ, ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში ვერ მოახერხეს, ბიუჯეტის მრავალი მილიონები და მილიარდები იმ ადამიანებამდე მიეტანატ, ვისთვისაც ეს თანხები იყო გამოყოფილი. თუ ახლანდელი მინისტრი შეძლებს სიტუაციის გამოსწორებას, ჩავთვლი, რომ სერგეენკო მინისტრობის პოსტიდან დამსახურებულად გაათავისუფლეს, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მისი გათავისუფლების სხვა მიზეზიც არსებობდეს." -ზოგადად, ქართული ჯანდაცვის ერთ-ერთი აქილევსის ქუსლი დაზღვევაა, აი მაგალიტად, თვალის ოპერაცია თითქოს ფინანსდება, მაგრამ სინამდვილეში, ე.წ. სახელმწიფო დაზღვევა მიზერულ თანხას აძლევს პაციენტს. აქაც კორუფციული ხვრელებია? "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 4 მილიარდი ლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის თითქმის მესამედი ერთი სამინისტროს ხელშია. თუ შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ან უბრალოდ არაეფექტიანად იხარჯება ან კორუფციული ხვრელებითაა სავსე, თუმცა ამის გარკვევა რთულია, ვინაიდან ყველაფერი, პრაქტიკულად, უკონტროლოა. 2015 წლის შემდეგ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის აუდიტის შედეგებიც კი აღარ გამოქვეყნებულაა. " -სერგეენკო ივანიშვილის პირადი ექიმი იყო. ჯანდაცვის ახალი მინისტრიც საჩხერელია, ეს რამე კლანურ მმართველობაზე მიგვანიშნებს? "სერგეენკო, როგორც ვიცი, საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი იყო, ახალი მინისტრიც ყოფილი დირექტორია, საინტერესოა, ახლა ვინ დანიშნა ბიძინამ საჩხერის საავადმყოფოს დირექტორად, ანუ ვინ იქნება ჯანდაცვის შემდეგი მინისტრი? კლანია, აბა, სხვა რა შეიძება დავარქვათ იმას, რომ საჩხერის საავადმყოფო მომავალი მინისტრების სამჭედლოა?
---
13.08.2019
მედიასაშუალება: ქრონიკა+
პოლონეთში მშენებლობაზე 27 წლის ქართველი ახალგაზრდა მძიმედ დაშავდა
უბედური შემთხევა 2019 წლის 18 ივნისს პოლონეთის ერთ-ერთ სოფელში მოხდა... 27 წლის ალექსანდრე ბუხულეიშვილი პოლონეთში 8 თვის წინ წავიდა. საქართველოში არსებული ეკონომიკური პრობლემების გამო, რათა ოჯახისთვის და საკუთარი მომავლისთვის ელემენტარული პირობები შეექმნა. სამშენებლო სამუშაოს დროს ბუხულეიშვილი ხარაჩოდან ჩამოვარდა და ხერხემალი მძიმედ დაიზიანა. ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღესაც მძიმეა და სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს. ქრონიკა+ საქართველოს დაშავებულ მოქალაქეს პოლონეთში დაუკავშირდა და მისი მდგომარეობის შესახებ ესაუბრა: -ვაგრძელებ მკურნალობას. რაც ოპერაცია ჩამიტარდა, 2 კვირა გავიდა. ახლა სარეაბილიტაციო ცენტრში უნდა გადამიყვანონ, მანამდე კი ნეკნები უნდა მომიშუშდეს. -დამქირავებელ კომპანიას რამდენად აქვს გააზრებული პასუხისმგებლობა და მათი მხრიდან რაიმე ტიპის დახმარება ან კომპენსაცია თუ გამოგეყო? -ჯერჯერობით პასუხისმგებლობა მხოლოდ იმით აიღო, რომ ოპერაცია დამიფინანსა. ეს კომპანიის მხრიდან ელემენტარულია, რადგან სერიოზული ცხოვრებისეული ტრავმა მივიღე, მოძრაობა აღარ შემიძლია და არც ვიცი, ოდესმე გავივლი თუ არა. -საქართველოს მთავრობა რამდენად ჩართულია, რომ საკუთარი მოქალაქის უფლებები დაცული იყოს და კანონიერი მოთხოვნები შესრულდეს? -საელჩოდან ერთი პიროვნება მიკავშირდება ხოლმე, რომელიც ჩემს ამბავს კითხულობს. მხოლოდ ერთხელ იყო ჩამოსული, ჩემს ექიმს გაესაუბრა. ვერ ვიტყვი, რომ რამეში გვერდით დამიდგნენ, უბრალოდ სამედიცინო პერსონალთან ელემენტარულ პირობებზე ისაუბრეს. იურიდიულ საკითხებზე დახმარება ვთხოვე და არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ. ღმერთის წყალობით, პოლონეთში მყოფი ქართველი ემიგრანტები დამიდგნენ გვერდით და მათი დახმარებით ავიყვანე უფლებადამცველი. რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს, იქ იციან ჩემი მდგომარეობა და ყველაფერი გასაგებად მაქვს ახსნილი. -ჩვენ გვითხრეს, რომ თქვენ არ გსურდათ, ოჯახის წევრებს გაეგოთ თქვენი მდგომარეობის შესახებ. -ეს ტყუილია, აზრი აღარ აქვას მათთან საუბარს, უკვე ვიცი მათი დამოკიდებულება და გვერდით დგომა რაც არის. ფაქტობრივად ვერაფერში დამეხმარნენ. თუ ჩემს სახელმწიფოს არაფრის გაკეთება არ შეუძლია საკუთარი მოქალაქისთვის, მირჩევნია, პირდაპირ მითხრან. ჩვენ შევეხმიანეთ ჯანდაცვის სამინისტროს, საელჩოსაც, ორივე მხრიდან იყო გამოხმაურება, მაგრამ რეალურად დახმარება არ გაუწევიათ, ელემენტარული ყურადღება არ მოუქცევიათ... საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ქრონიკა+-ს პოლონეთში დაშავებული მოქალაქის პრეტენზიების შესახებ განუცხადეს, რომ ალექსანდრე ბუხულეიშვილის ტრავმის შესახებ ინფორმირებულია საქართველოს საკონსულო პოლონეთში და კონსულს პირადად აქვს კომუნიკაცია როგორც დაშავებულთან, ისე მის ოჯახის წევრებთან. "რა დახმარებაც საკონსულოს შეუძლია, ვეხმარებით, იმიტომ , რომ თვითონ მოქალაქე ვერაფერს გააკეთებს საკონსულოს დახმარების გარეშე. რაც შეეხება ოჯახის წევრის ადგილზე ჩაყვანას, ამის შესახებ ნამდვილად ვერაფერს გეტყვით, რადგან ჯერ უნდა გავარკვიო ჩვენს საკონსულოსთან.ვ მანამდე ვიცოდით, რომ თავად დაზარალებულს არ სურდა მისი ჯანმრთელობის შესახებ ოჯახს გაეგო. ახლა გავარკვევ თუ რამე შეიცვალა და ადეკვატურად ვიმოქმედებთ."
---
13.08.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
საქართველოში უკვე 300 000 ოჯახია, რომელიც უკვე გაღატაკებულად ითვლება
---