| From : | Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge> |
| To : | etikaradze@moh.gov.ge |
| Subject : | |
| Cc : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Received On : | 08.04.2021 18:56 |
ქალბატონო ეკატერინე,
შეთანხმებისამებრ გიგზავნით ინფორმაციას COVID-19-ის საწინააღმდეგო სამ მედიკამენტზე, რომლებზეც ინფორმაცია გაჩნდა ბოლო 1 თვის მანძილზე.
1. EXO-CD24 - ციტოკინების გამოთავისუფლების სინდრომის სამკურნალო პრეპარატი.
(ეს სინდრომი ე.წ. „ციტოკინური შტორმი“ COVID-ის მე-2, იგივე იმუნური ფაზის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და სასიკვდილო გართულებაა).
2. Allocetra - ესეც ციტოკინების გამოთავისუფლების სინდრომის სამკურნალო პრეპარატი.
3. ჰიპერიმუნური გლობულინი (IgG) Kamada.
პირველი 2 მედიკამენტი არ არის ანტივირუსული მოქმედების და მოქმედებს იმუნურ ფაზაზე, დაახლოებით ისე, როგორც ტოცილიზუმაბი.
მე-3 მედიკამენტი არის იმუნოგლობულინური (ანტისხეულები) პრეპერატი, რომელიც მოქმედებს ვირუსზე, მაგრამ არა იმ მექანიზმით, როგორც რემდესივირი, რომელიც ქიმიური პრეპარატია.
ზოგადად მედიცინაში გამოიყენება იმუნოგლობულინური (ანტისხეულები) პრეპარატების 3 სახეობა:
1. ჩვეულებრივი იმუნოგლობულინები (ძირითადად IgG). მაგ. ოქტაგამი ან სხვ. რომლებიც წარმოადგენს IgG ანტისხეულებს (იშვიათად IgM) მიღებულს ჩვეულებრივი არაიმუნური დონორისგან. ამ ტიპის იმუნოგლობულინები ძირითადად გამოიყენება იმუნოდეფიციტით ავადმყოფებში, აგრეთვე ზოგიერთი აუტოიმუნური დაავადების დროს, იშვიათად COVID-ის დროსაც, როცა არის კონკრეტული ჩვენებები.
2. ჰიპერიმუნური იმუნოგლობულინები (ძირითადად IgG), რომლებიც წარმოადგენს ძირითადად IgG ანტისხეულებს მიღებულს ე.წ. იმუნური დონორისგან, ანუ რომელიმე ინფექცია გადატანილი დონორისგან. COVID-ის შემთხვევაში COVID გადატანილი კონლავესცენტებისგან. ასეთი ჰიპერიმუნური იმუგლობულინები ზოგიერთი ინფექციის დროს უკვე იხმარება, მაგრამ COVID-ის სამკურნალოდ ჯერ არა და სავარაუდოდ Kamada-ს პრეპარატი, პირველი ამ ტიპის მედიკამენტია.
3. ე.წ. მონოკლონური ანტისხეულები. ეს უკვე კონკრეტულად რომელიმე ინფექციური აგენტის ან სიმსივნური უჯრედის ან ციტოკინის საწინააღმდეგო ანტისხეულებია, რომლებიც მიიღება რთული ბიოტექნოლოგიური პროცესების შედეგად. მისი ძირითადი თავისებურებაა, რომ ყველა ანტისხეული მიღებულია ერთი და იგივე ლიმფოციტისგან (რომელსაც უსასრულოდ ამრავლებენ). მონოკლონური ანტისხეულების უპირატესობაა, რომ ყველა ანტისხეული ერთნაირია (ტყუპისცალები), მაღალაქტიურია და მათი მიღება შესაძლებელია მაღალი კონცენტრაციით. ასეთი მონოკლონური ანტისხეულების რამოდენიმე პრეპარატი გადის კლინიკური გამოცდის მე-3 ფაზას, ხოლო ორი მათგანი უკვე დამტკიცებულია FDA-ის მიერ COVID-ის სამკურნალოდ, მაგრამ მხოლოდ ამბულატორიულ პაციენტებში. მათი მოპოვების საშუალება ჩვენც გვაქვს. ამაზე ცალკე დაგელაპარაკებით. ჯერ მძიმე COVID ავადმყოფების სამკურნალო მონოკლონური ანტისხეულების დამზადება ვერ მოხერხდა მეთოდური სიძნელეების გამო, მაგრამ როცა მოხერხდება, ეს იქნება იდეალური ანტივირუსული პრეპარატი.
ზემოთჩამოთვლილ სამივე პრეპარატზე ჯერ მხოლოდ მცირე შეზღუდული კვლევები არსებობს და საინტერესოა 2 საკითხი- ის პრეპარატი, რაც შემოგთავაზათ ისრაელის მხარემ რომელიმე ამ სამიდანაა, თუ კიდევ სხვაა. სადღეისოდ ამ სამივე პრეპარატზე არსებობს მხოლოდ მცირე შეზღუდული კლინიკური კვლევები და თუ შემოთავაზებული რომელიმე მათგანია, გასარკვევია კლინიკური კვლევის სტატუსით გვთავაზობენ, თუ ჩვეულებრივ პრაქტიკაში გამოსაყენებლად. ორივე ვარიანტი ქვეყნისთვის ძალიან მისაღებია. უბრალოდ, თუ კლინიკური კვლევისთვისაა, გარკვეული ბიუროკრატიული პროცედურები დასჭირდება, რომლებსაც თქვენი მარეგულირებლები ძალიან მკაცრად იცავენ.
პატივისცემით,
თენგიზ ცერცვაძე