გაცნობებთ, რომ უკრაინის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ალიანსის მხრიდან (Alliance for Public Health) შემოსულია წერილი საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის სახელზე. წერილში ალიანსის დირექტორი გამოხატავს მადლიერებას საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ტექნიკური სააგენტოების მიმართ, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში აივ/შიდსის საპასუხო ღონისძიებებში აქტიური თანამშრომლობისთვის. ალიანსის დირექტორი მიმართავს თავმჯდომარეს და საბჭოს სრულ შემადგენლობას გლობალურ ფონდში წარსადგენი განაცხადის დამტკიცების და ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ალიანსის ჯგუფის, გლობალური ფონდის რეგიონული გრანტის ძირითად მიმღებად წარდგენის თანხმობის თხოვნით. ახალი განაცხადის ძირითადი ფოკუსია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მოწყვლადი პოპულაციისთვის მდგრადი სერვისების შექმნა 2022-2024 წლებისთვის. განაცხადის შესამუშავებლად ალიანსის ჯგუფმა შექმნა რეგიონალური სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციების კონსორციუმი, რომელსაც წინ უძღოდა რეგიონალური დიალოგი.
განაცხადის კონცეფცია (ძირითადი მიდგომა) საქართველოსთვის მოცემულია წერილის დანართში #1.
პროგრამა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს აივ შიდსის ინფექციის გავრცელების, დაავადებისა და სიკვდილიანობის შემცირებას აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. პროგრამა განხორციელდება აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში. შემდეგი სამი ამოცანის მისაღწევად:
1) აივ/შიდსზე მზრუნველობის კასკადის ზრდა ეფექტური მოდელების ინსტიტუციონალიზაციის გზით (პროგრამის დასასრულს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ანტირეტროვირუსული მკურნალობით მოცვა გაიზრდება 30%-ით);
2) მოწყვლადი პოპულაციისთვის სერვისზე ხელმისაწვდომობის ბარიერების შემცირება ხარისხიანი ჯანდაცვის ინტერვენციების ხელშეწყობისთვის, ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპზე დაფუძნებით;
3) საბიუჯეტო ადვოკატირება მოწყვლადი პოპულაციისთვის მდგრადი სერვისებისთვის ( პროგრამის დასასრულს ქვეყნების მიერ აივ შიდსის პროგრამების დაფინანსება გაზრდილია 20 მილიონი დოლარით)
გთხოვთ გაეცნოთ თანდართულ საპროექტო განაცხადს (არსებული ეროვნულ პროგრამებთან შესაძლო გადაფარვის კუთხით განსაკუთრებული ყურადღებით) და საწინააღმდეგო მოსაზრების შემთხვევაში გამოხატოთ თქვენი პოზიცია არაუგვიანეს 12 აპრილის 18:00 საათისა.
აღნიშნული დროის ამოწურვის შემდეგ საკითხები: საზოგადოებრივი ჯანდაცვის ალიანსის ჯგუფისთვის მხარდამჭერი წერილის გაცემა და მათი გლობალური ფონდის ძირითად მიმღებად მხარდაჭერის საკითხი დამტკიცებულად ჩაითვლება საბჭოს მიერ.
პატივისცემით,
საბჭოს სამდივნო