KA030124313770816

№ 01-6714 14 / აპრილი / 2016 წ.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ბატონ დავით სერგეენკოს
შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის
კახაბერ ძიმისტარიშვილის
მოხსენებითი ბარათი
                      ბატონო დავით,

შიდა აუდიტის დეპარტამენტმა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, განიხილა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნუგზარ თინიკაშვილის 2016 წლის 17 მარტის N29262 წერილით გადმოგზავნილი, ახალგორის რაიონული საავადმყოფოს თანამშრომელთა ერთობლივი განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ თანამშრომელთა უდიდესი ნაწილი, დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილების გამო, ვერ იღებს ხელფასს საქართველოს სახელმწიფოს მიერ დაწესებულებისათვის გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში.

საკითხში გარკვევის მიზნით, შიდა აუდიტის დეპარტამენტში შედგა შეხვედრა განმცხადებლებთან ინგა ჩარაევთან და იზა კორბესოვთან და  შპს „ახალგორის რაიონული საავადმყოფოს“ დირექტორთან ონისე გათენაშვილთან.

ინგა ჩარაევმა და იზა კორბესოვმა დაადასტურეს განცხადებაში აღნიშნული ფაქტების სისწორე და დეპარტამენტისთვის მიცემულ განმარტებაში წარმოადგინეს მონაცემები იმ პირთა შესახებ, რომლებიც აღარ მუშაობენ დაწესებულებაში, თუმცა მაინც იღებენ ხელფასებს სპეცდაფინანსების ფარგლებში. ასევე, აღნიშნეს, რომ ხელფასების მიღების საკითხში დიდ როლს თამაშობს ონისე გათენაშვილთან ნათესაური კავშირის არსებობა.

საკითხის შესწავლის შედეგად გაირკვა შემდეგი:

შპს „ახალგორის რაიონული საავადმყოფო“ ფუნქციონირებს ახალგორში. საშტატო განრიგი მოიცავს 28 საშტატო ერთეულს, მათ შორის:

მთავარი ექიმი - 1;

ექიმი პედიატრი - 1

ექიმი ქირურგი - 1

ექიმი გინეკოლოგი - 2

ექიმი თერაპევტი - 2

ექიმი ლაბორანტი - 1

ექთანი - 10

დიასახლისი - 1

სანიტარი - 4

მთ. ბუღალტერი - 1

ეკონომისტი - 1

მოლარე - 1

იურისტი - 1

მდივანი - 1

 როგორც ირკვევა, ფაქტობრივად, აღნიშნული იურიდიული პირის პარალელურად, იმავე ფართში ფუნქციონირებს ე.წ. „ლენინგორის რაისაავადმყოფო“, რომელიც ფინანსდება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ. სწორედ, აღნიშნული დაწესებულებასთან დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში მუშაობენ განმცხადებლები და მონაწილეობენ პაციენტების მკურნალობისა და მოვლის პროცესში.

„სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდების კომპონენტის ფარგლებში ახალგორის რაიონული საავადმყოფოს დაფინანსება ხდება თვეში 5 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა, ძირითადად, ხმარდება დაწესებულების საშტატო განრიგით გათვალისწინებული პერსონალის ხელფასებს.

შესწავლით გაირკვა, რომ ზემოთ წარმოდგენილი 28 თანამშრომლიდან 6 თანამშრომელი აღარ მუშაობს დაწესებულებაში 1-5 წელია, თუმცა მათ ერიცხებათ ხელფასი სპეცდაფინანსების ფარგლებში. აღნიშნული ფაქტები დაადასტურა თავად შპს ,,ახალგორის რაიონული საავადმყოფოს“ დირექტორმა ონისე გათენაშვილმა, რაც საკუთარ განმარტებაში ასე ახსნა: ,,იმიტომ ვაძლევ მათ ხელფასს, რომ ისინი არიან იძულებით წამოსულები რაიონიდან და სამსახურიდან“.

საყურადღებოა, აგრეთვე, ის ფაქტი, რომ დაფინანსების მიმღებთა სიაში ფიქირდება ონისე გათენაშვილის მეუღლე - ნათელა მწითური (ეკონომისტი) და შვილი - მარიამ გათენაშვილი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ არ დადის სამსახურში, მაინც იღებს ხელფასს აღნიშნული წყაროდან. ხსენებულ ფაქტსაც ადასტურებს თავად ონისე გათენაშვილი: ,,გათენაშვილი მარიამი იმყოფებოდა დეკრეტულ შვებულებაში, ხელფასი ეძლევა 2015 წლის ნოემბრის თვიდან, სამსახურში ვერ ცხადდება პატარა ბავშვის გამო“.

როგორც პროგრამის ფარგლებში შესრულებული მომსახურების შესახებ დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ყოველთვიური ინფორმაციების ანალიზი ცხადყოფს, დაწესებულებას საშუალოდ მიმართავს თვეში 8-12 პაციენტი, რომლებსაც ძირითადად  ესაჭიროებათ თერაპიული და ნევროლოგიური პროფილით მომსახურების გაწევა. ის ფაქტი, რომ შპს „ახალგორის რაიონულ საავადმყოფოს“ არ ჰყავს ნევროლოგი, ადასტურებს პაციენტების მკურნალობაში სხვა პერსონალის ჩართულობასაც, ამასთან აღსანიშნავია, რომ საშტატო განრიგით განსაზღვრულ  ერთეულებზე ხელფასები ეძლევათ გინეკოლოგებს მაშინ, როცა შესრულების შესახებ ინფორმაციებში საერთოდ არ იძებნება გინეკოლოგიური ნოზოლოგიების კოდები, ხოლო რენტგენოლოგიური კვლევის კაბინეტში ხელფასი ეძლევა ექთანს იმ პირობებში, როცა აღნიშნული კაბინეტი საერთოდ არ ფუნქციონირებს.

სხვა პერსონალის მონაწილეობას პაციენტთა მკურნალობის პროცესში არც თავად ონისე გათენაშვილი უარყოფს თავის განმარტებაში, სადაც მიუთითებს, რომ დანარჩენ თანამშრომლებს ,,ხელფასს ვერ ვაძლევ იმიტომ, რომ მათთან ხელშეკრულება არ მაქვს გაფორმებული. ყველას რომ ხელშეკრულება გავუფორმო სპეცდაფინანსებით გამოყოფილი თანხა არ არის საკმარისი“.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადასტურდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შპს „ახალგორის რაიონული საავადმყოფოსათვის“ სპეცდაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი თანხის ნაწილი ხელფასების სახით გაწერილია იმ პირებზე, რომლებიც წლებია, აღარ მუშაობენ აღნიშნულ დაწესებულებაში, ხოლო ის სამედიცინო პერსონალი, რომელიც რეალურად არის ჩართული პაციენტების მკურნალობისა და მოვლის პროცესში, არ არის აღნიშნული დაფინანსებით ხელფასის მიმღები.

აღნიშნულთან დაკავშირებით შიდა აუდიტის დეპარტამენტში შეხვედრისას ონისე გათენაშვილმა გამოთქვა მზაობა, შეწყვიტოს ხელშეკრულებები იმ პირებთან, რომლებიც აღარ არიან დასაქმებულები დაწესებულებაში, ხოლო პაციენტთა მკურნალობისა და მოვლის პროცესში რეალურად ჩართულ პირებთან გააფორმოს შრომითი ხელშეკრულებები და სათანადო ინფორმაცია წარმოადგინოს 10 დღის ვადაში.

შიდა აუდიტის დეპარტამენტი, თქვენი თანხმობის შემთხვევაში, განახორციელებს კონტროლს პროცესის მიმდინარეობაზე.

              პატივისცემით,

 

შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი
კახაბერ ძიმისტარიშვილი