| From : | Nika Kvaratskhelia <nkvaratskhelia@ombudsman.ge> |
| To : | tgabunia@moh.gov.ge |
| Subject : | შეკითხვა ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით |
| Received On : | 24.03.2021 08:47 |
მოგესალმებით, ქალბატონო თამარ,
უპირველეს ყოვლისა, მინდა დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა თქვენდამი და გისურვოთ წარმატება პანდემიასთან ბრძოლის ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში. ამ წერილით მსურს, მივიღო თქვენი კვალიფიციური მოსაზრება ერთ საკითხზე. როგორც თქვენთვის ცნობილია, მე ვარ გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტის პირველი არჩეული წევრი საქართველოდან (2019-2022) და ვმონაწილეობ გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმით განსაზღვრული უნიკალური, გლობალური მანდატის განხორციელების პროცესში. ამასთან, გახლავართ წამების პრევენციის ქვეკომიტეტის აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონული გუნდის ხელმძღვანელი, რაც კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს.
როგორც მოგეხსენებათ ჩვენი მანდატის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს ფაკულტატური ოქმის მონაწილე სახელმწიფოებში, თავისუფლების აღკვეთისა და სხვაგვარად შეზღუდვის ადგილებში ვიზიტების განხორციელება, ასევე მონაწილეობა ქ. ჟენევაში გასამართ სესიებში და სხვადასხვა ღონისძიებებში მსოფლიოს მასშტაბით. სამწუხაროდ, გლობალურმა პანდემიამ შეაფერხა ჩვენი მანდატის განხორციელება და გადაგვიყვანა ვირტუალურ სამყაროში, რაც ასე ვერ გაგრძელდება. შესაბამისად, წამების პრევენციის ქვეკომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, ეპიდემიოლოგიური მოთხოვნების დაცვით განაახლოს ფიზიკური ვიზიტები 2021 წელს. ქვეკომიტეტის წევრებს მოგვეცა რეკომენდაცია, ჩავიტაროთ ვაქცინაცია წარმოშობის/ადგილსამყოფელ ქვეყნებში და ამის შესახებ ვაცნობოთ ქვეკომიტეტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მაინტერესებს თქვენი მოსაზრება, დაახლოებით რა ვადებში შევძლებ ვაქცინაციას (ვარ 39 წლის). ასევე, საინტერესოა თქვენი მოსაზრება, ქვეყანაში არსებული რესურსებიდან და ვითარებიდან გამომდინარე, ხომ არ არის შესაძლებელი, რომ ჩემი საერთაშორისო საქმიანობა განხილულ იქნას, როგორც სტრატეგიული საქმიანობა და ჩემი ვაქცინაცია მოხდეს პირველივე შესაძლებლობისთანავე. თუ უახლოეს ხანებში ხელმისაწვდომი იქნება კომერციული ვაქცინა, მზად ვარ, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და დავზოგო სახელმწიფოს რესურსი, მაგრამ სამწუხაროდ, არ ეტაპზე არ ვიცი, რამდენად ახლო მომავალში შეიძლება მოხდეს ეს, არადა დრო გადამწყვეტია.
საჭიროების შემთხვევაში, მზად ვარ, წარმოვადგინო ოფიციალური მოსაწვევი წერილი წამების პრევენციის ქვეკომიტეტიდან, სადაც მოცემულია ზემოთ აღნიშნული რეკომენდაცია.
წინასწარ გიხდით მადლობას ამ წერილის განხილვისთვის.
პატივისცემით,
ნიკა კვარაცხელია