From : hr <HR@moh.gov.ge>
To : All MOH Users <everymoh@moh.gov.ge>
Subject : ინფორმაცია შუალედური შეფასების შესახებ
Received On : 22.07.2019 13:51
Attachments :

მოგესალმებით კოლეგებო,

 

მოგახსენებთ, რომ 2019 წლის 23 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით სამინისტროში ტარდება პროფესიულ საჯარო მოხელეთა შუალედური შეფასება, რომლის მიზანია მოხელესა და უშუალო ხელმძღვანელს შორის შედგეს შეფასების დიალოგი და  საჭიროების შემთხვევაში, გადაიხედოს დასახული მიზნები. შუალედური შეფასებისას დაწერილი ქულები,  სარეკომენდაციო ხასიათისაა, ემსახურება უკუკავშირის მიცემის მიზანს და პირდაპირ არ მონაწილეობს წლის ბოლოს შეფასების საბოლოო ქულის დაწერაში.

 

შუალედური შეფასება ხორციელდება საბოლოო შეფასების პრინციპების შესაბამისად.

 

2019 წლის 6 აგვისტომდე ყველა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ვალდებულია, ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის ეფექტურობის მონიტორინგის სამმართველოს მიაწოდოს ყველა დაქვემდებარებული პროფესიული საჯარო მოხელის შუალედურ შეფასებასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაცია, კერძოდ:

1. შუალედური შეფასების ფორმა (დანართი N1);

2. მოხელის თვითშეფასება (დანართი N2);

3. შეფასების შეთანხმების ფორმა მხოლოდ  ცვლილების განხორციელების  შემთხვევაში (დანართი N3);

4. ინდივიდუალური განვითარების გეგმა შევსების შემთხვევაში (დანართი N4).

 

დამატებით წარმოგიდგენთ,  შეფასების პროცესის მონაწილე სუბიექტების,  უშუალო ხელმძღვანელისა და  მოხელის, როლებს  შუალედური შეფასების ეტაპზე:

 

ა) უშუალო ხელმძღვანელი:

ა.ა) შუალედური შეფასების დიალოგამდე აანალიზებს არსებულ დოკუმენტაციას, განიხილავს შეფასების ფორმაში ასახულ მიზნებს⁄ფუნქციებს და კომპეტენციებს, ანიჭებს შეფასების  ქულას;

ა.ბ) საჭიროებისამებრ, ითხოვს უკუკავშირს ზემდგომი ხელმძღვანელ(ებ)ისგან, კოლეგებისგან თანამშრომლის ქცევასთან, სამუშაოსადმი მის დამოკიდებულებასა და სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით;

ა.გ) ამზადებს შეფასების სამუშაო ვარიანტს, ფიქრობს პოზიტიური და უარყოფითი შესრულების შესახებ უკუკავშირის ხერხებზე.

ა.დ) დიალოგის რეჟიმში, კონკრეტული მაგალითების საფუძველზე განიხილავს მოხელესთან მიღწეულ შუალედურ შედეგებს, მიზნების⁄ფუნქციების/კომპეტენციების შესრულების პროგრესს, გამოსასწორებელ ასპექტებს, შესრულებასთან დაკავშირებულ ქცევებს, შეფასების ინდიკატორებს და ინდივიდუალური განვითარების გეგმით მისაღწევ პროგრესს, ისმენს მოხელის მოსაზრებებს ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, განიხილავს მისი თვითშეფასების შედეგებს, მოხელეს აცნობს შუალედური შეფასების ქულას.

ა.ე) საჭიროების შემთხვევაში, ცვლის შეთანხმების ფორმაში ასახულ მიზნებს, ფუნქციებს, მათ ინდიკატორებს, კომპეტენციებს,  ხელს აწერს შეთანხმების ფორმას და გადასცემს ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის ეფექტურობის მონიტორინგის სამმართველოს.

ა.ვ) მოხელესთან ერთად განიხილავს პროფესიული განვითარების გეგმასა და პროფესიული განვითარების საჭიროებებს;

 

 

ბ) მოხელე:

ბ.ა) შეფასების პერიოდის დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით ახდენს თვითშეფასებას დანართი N4-ის შესაბამისად და უზიარებს თვითშეფასების შედეგებს უშუალო ხელმძღვანელს;

ბ.ბ) შეფასების დიალოგისას აფიქსირებს საკუთარ პოზიციას ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, ისმენს ხელმძღვანელის უკუკავშირს, ეცნობა შუალედური შეფასების ქულას, თანხმობის შემთხვევაში, ხელს აწერს შეფასების ფორმას;

ბ.გ) განიხილავს შეთანხმების ფორმაში მიზნების, ფუნქციების, ინდიკატორების ან კომპეტენციების ცვლილების საჭიროებას, ცვლილების შემთხვევაში ხელს აწერს შეთანხმების ფორმას;

ბ.დ) უშუალო ხელმძღვანელთან ერთად განსაზღვრავს პროფესიული განვითარების გეგმასა და განვითარების საჭიროებებს.

 

 

გთხოვთ, შუალედურ შეფასებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვით, დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მოგვმართოთ hr სამმართველოს, რათა ეფექტურად განხორციელდეს მოხელეთა შეფასების პროცესი.

 

 

 

საუკეთესო სურვილებით,

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

 

MOH 1 Logo-GEO