From : Nino Kovziridze <nkovziridze@mfa.gov.ge>
To : mnikoleishvili@moh.gov.ge; kgoginashvili@moh.gov.ge
Subject : covax
Cc : Nino Shekriladze <n.shekriladze@mfa.gov.ge>; David Abesadze <dabesadze@mfa.gov.ge>
Received On : 14.07.2020 14:05
Attachments :

კიდევ ერთხელ მოგესალმებით,


გაცნობებთ, რომ მ.წ. 9 ივლისს გაიმართა შეხვედრები კოვიდ19-თან და ვაქცინაზე წვდომის ინსტრუმენტთან „Covax” დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს  WHO-ს გენერალურმა დირექტორმა, ვაქცინის გლობალური ალიანსის (GAVI) და კოალიცია ეპიდემიური მზადყოფნის ინოვაციებისთვის (CEPI)  წარმომადგენლებმა და წევრი ქვეყნების მისიებმა.


ტედროს გებრეიეუსმა მიმოიხილა მსოფლიოში ვირუსის გავრცელების კუთხით არსებული მდგომარეობა. აღნიშნა, რომ ვირუსმა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა ჯანდაცვის სისტემების უთანასწორობა და მილიონობით ადამიანს წაართვა გეგმური მკურნალობის შესაძლებლობა. გენერალური დირექტორი ასევე შეეხო ჯანმრთელობის მსოფლიო 73-ე ასამბლეის რეზოლუციას კოვიდ19-ის შესახებ და პანდემიისთვის მზადყოფნისა და რეაგირების შესახებ დამოუკიდებელი პანელის (IPPR) შექმნის თაობაზე განაცხადა. მან პანელის თანათავმჯდომარეებად ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ მინისტრი, ჰელენ კლარკი და ლიბერიის ყოფილი პრეზიდენტი, ელენ ჯონსონი წარადგინა. რაც შეეხება პანელის მუშაობის პირობებს, იმედი გამოთქვა, რომ რეზოლუციის შესრულების მონიტორინგი წევრ ქვეყნებთან რეგულარული კონსულტაციებით განხორციელდება.

გენერალური დირექტორის ინიციატივას დამოუკიდებელი პანელის შექმნის თაობაზე მიესალმნენ ავსტრალიის, ბრიტანეთის, ევროკავშირის, იაპონიის, შვეიცარიის ჯანდაცვის უწყებების წარმომადგენლები. მათი განცხადებებისას ხაზი გაესვა შექმნილი პანელის კვალიფიციური ექსპერტებით დაკომპლექტების, პანელის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალე მუშაობის მნიშვნელობას.

რაც შეეხება შეხვედრას „Covax” ინსტრუმენტის შესახებ, Gavi-სა და CEPI-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ვაქცინის შემუშავებაზე მომუშავე 9 კანდიდატის შეუფერხებელი მუშაობისა და კლინიკური ცდების უწყვეტად ჩატარებისთვის, მნიშვნელოვნია, მ.წ. ივლისი-დეკემბრის ჩათვლით, მობილიზდეს 11.3 მილიარდი აშშ დოლარი, ხოლო 2021 წლისთვის 6.8 მილიარდი აშშ დოლარი.

Gavi-ს თანახმად, დივერსიფიცირებული პორტფელის შექმნის მიზნით, მიმდინარეობს კონსულტაციები პოტენციურ პარტნიორებთან და იგეგმება პროექტში მონაწილე კანდიდატების რაოდენობის გაზრდა. მათ აღნიშნეს, რომ ვაქცინის შექმნისთანავე, ვაქცინის განაწილების 
გლობალური სისტემა (Global allocation framework) უზრუნველყოფს პრიორიტეტული ჯგუფებისთვის ვაქცინის მიწოდებას. რესურსების განაწილების სისტემის მიხედვით, ვაქცინა პრიორიტეტების შესაბამისად განაწილდება სამი რისკ ჯგუფისთვის: მედპერსონალი, 65 წელს ზემოთ პირები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა ყველა ქვეყნისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება, ვაქცინის მიწოდების გეოგრაფიას და ვადას ქვეყანაში ვირუსის გავრცელების საფრთხე და მისი მოწყვლადობა განსაზღვრავს. გასათვალისწინებელია, რომ ვაქცინის წარუმატებლობის შემთხვევაში დამატებითი ხარჯების თავიდან აცილების მიზნით, ვაქცინა ტრანშეებად (პირველი ტრანშე სამედიცინო პერსონალის 3%-ს დაფარავს) განაწილდება. (დეტალური პრეზენტაცია ინსტრუმენტის შესახებ თან ერთვის). როგორც Gavi-ს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, დაინტერესებულ ქვეყნებთან დაიდება ფინანსური შეთანხმება მოსახლეობის 20%-ისთვის ვაქცინის შესყიდვის თაობაზე. GAVI-ის თანახმად, ინსტრუმენტში მონაწილე ქვეყნებისთვის ვაქცინის ფასი მნიშვნელოვნად (95%-ით) დაბალი იქნება მის კომერციულ ფასთან შედარებით. რაც შეეხება ვაქცინის ფასს და წინასწარ გასაწევ კონტრიბუციას (upfront payment), ვაქცინის ფასი დამოკიდებული იქნება ინსტრუმენტში მონაწილე ქვეყნების რაოდენობაზე, მოსახლეობასა და შემოსავლებზე. განსხვავებული პირობები იქნება განვითარებული და განვითარებადი ქვეყნებისთვის.​

აქვე, გაცნობებთ, რომ შემდგომი კონსულტაციები ვაქცინაზე წვდომის ინსტრუმენტთან დაკავშირებით დაგეგმილია მ.წ. 16-17 ივლისს. ​


სს,

ნინო


Nino Kovziridze

Attaché
Department of International Organizations
Ministry of Foreign Affairs of Georgia
Office: (+995 32) 294 50 00 ext. 18-03
0118, Tbilisi, Georgia                                                    
4, Shio Chitadze Street​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​