KA030154015562218

№ 01-5631 13 / მარტი / 2018 წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრს
ბატონ დავით სერგეენკოს
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს უფროსის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ხათუნა ჩაჩავას
მოხსენებითი ბარათი

 

                   ბატონო დავით,

        როგორც მოგეხსენებათ,  გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებული მოქალაქეების კარდიოქირურგიული მომსახურების ხარჯები ანაზღაურდება „რეფერალური მომსახურების“ პროგრამიდან. პროგრამის ფარგლებში ამჟამად არსებული ტარიფები მიღებულია  2009 წელს.  მომსახურება დაჯგუფებულია კატეგორიების მიხედვით და  განსაზღვრულია ნოზოლოგიური ჯგუფისთვის საშუალო ღირებულება, რომელიც იმ პერიოდისთვის დაემყარა სახელმწიფო სტანდარტებსა და ტარიფებს,  სტატისტიკურ მაჩვენებლებს და ისტორიულ ბიუჯეტებს.  2009 წელს დადგენილი ტარიფები დღემდე არ შეცვლილა.
            ამჟამად, სამინისტროს წერილობით მომართა ზემოაღნიშნული პროგრამის ერთ-ერთი ძირითადმა მომწოდებელმა - ააიპ „ჯო ენის სამედიცინო ცენტრმა“ (N9806 31.01.18). წარმოდგენილ იქნა  გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობის დაფინანსების ახალი მეთოდოლოგია, რომელიც ითვალისწინებს როგორც ქირურგიულ მკურნალობას, ასევე ინტერვენციული კარდიოლოგიისა  და კათეტერიზაციის სერვისებს. მეთოდოლოგია მთლიანად ეყრდნობა ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფოს ანალოგიურ მეთოდოლოგიას.

            ცენტრის მიერ წარმოდგენილი მომსახურების ღირებულებები გამოთვლილია საქართველოს გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობის 2016 წლის სტატისტიკის გათვალისწინებით. აშშ ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფოს კარდიოლოგიის, ანესთეზიისა და კარიოქირურგიის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული საერთშორისოდ აღიარებული, პაციენტის მდგომარეობისა და პოსტოპერაციული სიმძიმის მიხედვით დადგენილი კატეგორიების (ქირურგია და კათეტერიზაცია) და სტატისტიკის მიხედვით გათვლილი კოეფიციენტების შესაბამისად (იხ. დანართი).
            რეფერალური  პროგრამის ფარგლებში მოქმედი კომისიის სტატისტიკური ანალიზის მიხედვით, გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობისთვის რეფერალური პროგრამიდან გამოყოფილმა  დაფინანსებამ  2016 წელს შეადგინა  8 522 865,52 ლარი,  ხოლო 2017 წელს - 7428 939,66 ლარი.   ააიპ „ჯო ენის სამედიცინო ცენტრის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციით,  გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიული  მკურნალობის  ბიუჯეტმა  შეადგინა 5 458 198  ლარი,  ხოლო კათეტერიზაციის შემთხვევაში - 811 735 ლარი. 2017 წელს კი - 7,7-8 მილიონი ლარი. აქედან, ქირურგიული მკურნალობის ბიუჯეტი- 6 700 000,00 ლარი და კათეტერიზაციის -1 050 000,00 ლარი. ახალი მეთოდოლოგიით განსაზღვრული ტარიფების და 2016 წლის სტატისტიკური მონაცემების გათვლისწინებით გადათვლილი ბიუჯეტი ქირურგიული მკურნალობის შემთხვევაში შეადგენს - 5 423 629 ლარს, ხოლო კათეტერიზაციის - 812 440 ლარს. შესაბამისად, ახალი მეთოდოლოგიის დანერგვა არ გამოიწვევს საბიუჯეტო პარამეტრების ზრდას.ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით ბიუჯეტის ხარჯეფექტურად სამართავად  ვფიქრობთ მიზანშეწონილია  „რეფერალური მომსახურების“ პროგრამიდან  გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებული მოქალაქეების კარდიოქირურგიული მომსახურებისთვის მობილიზებულ იქნეს  სავარაუდო ბიუჯეტი (8,000000.000 ლარი), , რომელიც ამ ეტაპისთვის  განისაზღვრება 2016-2017 წლის  სტატისტიკური მონაცემების ანალიზისა და გახარჯული ბიუჯეტის მიხედვით .

            აქვე მოგახსენებთ, რომ ააიპ „ჯო ენის სამედიცინო ცენტრის“ მიერ პროექტი ექსპერტიზისა და რეკომენდაციების ან ცვლილების შეტანის მიზნით,  გადაგზავნილ იქნა გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობის პროცესში ჩართულ ყველა კლინიკასა და შესაბამის პროფესიულ ასოციაციებში. აღსანიშნავია, რომ პროექტი ძირითადად დადებითად შეფასდა და საქართველოში გთმ-ების მკურნალობის პროცესში ჩაბმული დაწესებულებების უმეტესობა ემხრობა ახალი მეთოდოლოგიის დანერგვის პროცესს (მოხსენებით ბარათს თან ახლავს კლინიკებიდან მიღებული წერილები).

          ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, „რეფერალური მომსახურების“ პროგრამიდან გულის თანდაყოლილი მანკის ქირურგიული მკურნალობის, ინტერვენციული კარდიოლოგიისა  და კათეტერიზაციის სერვისების დაფინანსება განხორციელდეს ააიპ „ჯო ენის სამედიცინო ცენტრის“ მიერ შემოთავაზებული  გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობის დაფინანსების ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად.

          თქვენი თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაავალოთ შესაბამის სამსახურებს  ცვლილების განხორციელებისათვის  საჭირო   ღონისძიებების უზრუნველყოფა.  



                   პატივისცემით,

 

საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ხათუნა ჩაჩავა