კოალიცია „მოძრაობა ცვლილებებისთვის“
კორონავირუსის პანდემიამ, რომელიც მთელ მსოფლიოში სწრაფი ტემპით ვრცელდება მოსახლეობის ფსიქო-სოციალურ ფაქტორებზე და მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა, განსაკუთრებით, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩდნენ მოწყვლადი ჯგუფები, და მათ შორის, განსაკუთრებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი ოჯახები. მიუხედავად ზოგადი მძიმე ვითარებისა, არსებობს შშმ პირთა განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფები, რომლებიც დიდი ზომის ინსტიტუციებში ცხოვრობენ. ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მიუხედავად სახელმწიფოს მიერ გადადგმული გარკვეული ნაბიჯებისა, ინსტიტუციებში მყოფი პირები განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფებიან და განსაკუთრებულ დაცვასა და მხარდაჭერას საჭიროებენ. ამ პერიოდში კი, კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა დეინსტიტუციონალიზაციის და ამ მიმართულებით სწრაფი ქმედითი ნაბიჯების გადადგმის საჭიროება.
სამწუხაროდ, დეინსტიტუციონალიზაციის მიმართულებით საქართველოში ამ ეტაპამდე გადადგმული ნაბიჯები არასისტემური ხასიათის იყო და ფრაგმენტულად ხდებოდა გარკვეული აქტივობების განხორციელება, რაც საბოლოო ჯამში რეფორმის მიღმა ტოვებდა დაწესებულებების დიდ ნაწილს. დიდი ზომის დაწესებულებები და იქ არსებული სიტუაცია კვლავ რჩება ქვეყნის გამოწვევად, განსაკუთრებით, კორონავირუსის პერიოდში.
კერძოდ, ბავშვთა დიდი ზომის სახლების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში, რომელიც განხორციელდა 2001-2010 წლებში, შშმ ბავშვთა სახლები მიმდინარე რეფორმის მიღმა იყო დარჩენილი და დღემდე უცნობია, როდემდე იარსებებენ ქვეყანაში ამ ტიპის დაწესებულებები არსებული ფორმით. მიუხედავად ცალკეული წარმატებული პროექტებისა, დღემდე არ არსებობს დეტალურად გაწერილი სამოქმედო გეგმა და სტრატეგია შშმ ბავშვთა დიდი ზომის დაწესებულებების მიმართ. თუ არ განვითარდა ალტერანტიული მომსახურებები დღეს არსებულ შშმ ბავშვთა სახლების (თბილისსა და კოჯორში) ტრანსფორმირება ვერ განხორციელდება უახლოეს მომავალშიც და არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ვერ მოხერხდება ამ დაწესებულებებში ბავშვების ჩარიცხვის შეჩერება არსებული მოთხოვნის გამო.
ბოლო ათწლეულში ქვეყანაში ფართოდ გავრცელდა ე.წ „სათემო მომსახურებები“, რომელიც, საბოლოო ჯამში, უნდა გამხდარიყო დიდი ზომის პანსიონატების, ფსიქიატრიული კლინიკების ან ოჯახის მიერ მიტოვებული შშმ პირების განთავსების ალტერნატივა. მიუხედევად გარკვეული პროგრესისა, ამ ტიპის სათემო მომსახურება ვერ ჩაითვლება დიდი ზომის ინსტიტუციური დაწესებულებების ჩამნაცვლებელ მომსახურებად. მიუხედავად გარკვეული ინფარსტრუქტურული და მოვლის კომპონენტის გაუმჯობესებისა, 24 კაციანი სათემო მომსახურებები მაინც რჩება მცირე ზომის ინსტიტუციებად და ვერ უზრუნველყოფს შშმ პირების დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერას.
სამწუხაროდ, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ადამიანები ისევ წლების განმავლობაში ცხოვრობენ, მხოლოდ იმიტომ, რომ არ არსებობს მათი მხარდამჭერი მომსახურებები. ისინი მიტოვებულები არიან ოჯახის წევრებისა და საზოგადოების მიერ. მიუხედავად არაერთი გეგმისა, საბოლოოდ, მაინც გაურკვეველი რჩება რა ბედი ეწევა ამ ტიპის დაწესებულებებს მომავალში. ე.წ. სათემო მომსახურების (24 ადამიანი) ფსიქიატრიული დაწესებულებების ალტერნატივად განხილვა ვერ იქნება აღქმული, როგორც დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი. ეს დაწესებულებები ვერ შეუწყობს ხელს შშმ პირთა უფლებების სრულფასოვან რეალიზებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მშობელთა კოალიცია „მოძრაობა ცვლილებებისთვის“ გამოდის ინიციატივით, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი დიდი ზომის დაწესებულებებში მყოფი შშმ პირების ძირითადი უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნას ფართო სპექტრის სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს და შეიმუშავებს დეინსტუტუცინალიზაციის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას, რომელიც მოიცავს, როგორც შშმ ბავშვთა სახლებს, ასევე შშმ პირთა პანსიონატებს/ დიდი ზომის სათემო მომსახურებებს და ფსიქიატრიულ დაწესებულებებს.
ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ მხარეს კოალიცია იწვევს ონლაინ დისკუსიაზე, რომელიც გაიმართება 2020 წლის 15 ოქტომბერს, 16:00 საათზე. გთხოვთ, თქვენი მონაწილეობა დაგვიდასტუროთ 2020 წლის 13 ოქტომბრამდე.
შეხვედრის ლინკს მოგვიანებით გაგიზიარებთ.
პატივისცემით,
მაია შიშნიაშვილი
კოალიცია „მოძრაობა ცვლილებებისთვის“
გამგეობის თავმჯდომარე
ტელ: 577 55 99 56