| From : | Nino Kovziridze <nkovziridze@mfa.gov.ge> |
| To : | mnikoleishvili@moh.gov.ge; kgoginashvili@moh.gov.ge |
| Subject : | გაცნობითი ხასიათის შეხვედრა |
| Cc : | Nino Shekriladze <n.shekriladze@mfa.gov.ge>; David Abesadze <dabesadze@mfa.gov.ge> |
| Received On : | 20.08.2020 13:40 |
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ მ.წ. 17 აგვისტოს გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურ დირექტორსა და ჟენევაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს, ბატონ ალექსანდრე მაისურაძეს შორის.
შეხვედრაზე WHO-ს გენერალურ დირექტორს დეტალური ინფორმაცია მიეწოდა კოვიდ19- თან ბრძოლის კუთხით საქართველოს მიერ განხორციელებულ სოციალურ და ეკონომიკურ ღონისძიებებზე მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების მიზნით. ამასთანავე, ტედროს
გებრეიესუსს მადლობა გადაეხადა ვირუსის პირობებში ორგანიზაციის მიერ გაწეული ექსპერტული დახმარებისა და სამედიცინო მოწყობილობების უზრუნველყოფისათვის. ხაზი გაესვა პანდემიასთან ბრძოლაში ორგანიზაციის მხრიდან შემდგომი დახმარების საჭიროებას ქვეყანაში სამედიცინო დაწესებულებებისა
და სამედიცინო პერსონალის შესაძლებლობების გაძლიერების თვალსაზრისით.
WHO-ს გენერალურმა დირექტორმა დადებითად შეაფასა საქართველოში კოვიდ19-ის გავრცელების კუთხით არსებული მდგომარეობა და აღნიშნა, რომ სამეზობლოსთან შედარებით ქვეყანაში ბევრად კარგი მდგომარეობაა. მან ხაზი გაუსვა ქვეყანაში სიკვდილიანობის დაბალ მაჩვენებელს და იმედი
გამოთქვა, რომ მოწყვლადი ჯგუფების იდენტიფიცირების სტრატეგია მეზობელ ქვეყნებშიც (ირანში, რუსეთში, თურქეთში) იმუშავებს.
ტედროს გებრეიეუსმა მადლიერება გამოხატა „სოლიდარობის ცდაში“ საქართველოს მონაწილეობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო სამაგალითოა არა მხოლოდ კოვიდ19-თან ბრძოლის კუთხით, არამედ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დანერგვის, C ჰეპატიტთან ბრძოლის და თამბაქოს კონტროლის
ჩარჩო კონვენციის (FCTC) ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით. აღნიშნული ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მთავრობა ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს „Health for all” პრინციპს. გენერალური დირექტორი, ასევე, შეეხო 2019 წლის 11 ივნისს, ქ. ჟენევაში საქართველოს პრეზიდენტის,
ქ-ნი სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს და განაცხადა, რომ ხსენებული ვიზიტი ჯანდაცვის პოლიტიკაში ქვეყნის მაღალი დონის ჩართულობის ნათელი დადასტურება იყო. ხაზი გაუსვა, რომ დღევანდელი პანდემიის პირობებში, მთავრობების მხრიდან მაღალი დონის ჩართულება უაღრესად მნიშვნელოვანია.
გენერალური დირექტორის თქმით, ვინაიდან, ამ ეტაპზე ვირუსის დამარცხება შეუძლებელია, საჭიროა გაგრძელდეს ვირუსის გავრცელების კონტროლი და ინვესტირება განხორციელდეს ეფექტიანი და უსაფრთხო ვაქცინის შექმნისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ კოვიდ19-ის ვაქცინაზე რამდენიმე
კომპანია სხვადასხვა ტექნოლოგიით და მეთოდოლოგიით პარალელურ რეჟიმში მუშაობს, შესაძლებელი იქნება ვაქცინის წარმოება 2021 წლის პირველი კვარტლისთვის. ტედროს გებრეიუსემა აღნიშნა, რომ იგეგმება კოვიდ19-ის ვაქცინის გამოცდის პროგრამის „სოლიდარობის ცდის“ დაწყება და იმედი
გამოთქვა, რომ საქართველო სამკურნალო მედიკამენტების სოლიდარობის ცდის მსგავსად, ვაქცინის სოლიდარობის ცდაშიც ჩაერთვება.
ვაქცინის სოლიდარობის ცდაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ბატონმა ალექსანდრე მაისურაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქის ინსტრუქციის შესაბამისად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს საქართველოს პოზიცია დამატებით ეცნობება.
სს,