From : Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge>
To : etikaradze@moh.gov.ge
Subject : From Tengiz Tsertsvadze
Cc : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge>
Received On : 12.09.2020 20:05


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და

სოციალური დაცვის მინისტრს, ქ-ნ ეკატერინე ტიკარაძეს

 

 

 

ქალბატონო ეკატერინე, 

 

თუ თქვენ ამ წერილზე კვლავ არ გამოგვეხმაურებით და გააგრძელებთ ჩვენს იგნორირებას, ჩვენ იძულებული ვიქნებით მივმართოთ სხვა ზომებს, ვინაიდან საკითხი ძალიან სერიოზულია და სამინისტროს და ჩვენი ცენტრის თანამშრომლობას მოითხოვს.  

 

თუ თქვენ თვლით, რომ მართალი არ ვართ, გიწვევთ ტელედებატებში, ნებისმიერი ტელევიზიის („მთავარი“ არხის გარდა) ღია ეთერში.

 

სამწუხაროდ გრძელდება სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან ჩვენი ცენტრის და პირადად ჩემი სრული იგნორირება, რაც ძალიან უშლის ხელს როგორც ჩვენი ცენტრის საქმიანობას, ისე ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დარგების - COVID-19 პანდემიის, აივ/შიდსის, C ჰეპატიტის და სხვ. მენეჯმენტს, რითაც უპირველეს ყოფლისა მრავალრიცხოვანი პაციენტები და მთლიანად ქვეყანა ზარალდება. არადა, თქვენ მინისტრი ბრძანდებით, უმაღლესი რანგის სახელმწიფო მოხელე და არა გაქვთ უფლება პირადი სიმპატიის ან ანტიმპატიის გამო, პაციენტების და ქვეყნის ინტერესებს ანგარიში არ გაუწიოთ. ისეთი განაწყენებული პოზა გიჭირავთ, თითქოს ჩვენ დაგვეშავებინოს რამე თქვენთვის და არა პირიქით. არადა, ჩვენ თქვენთვის არავითარი, აბსოლუტურად არავითარი საბაბი არ მოგვიცია. თუ თქვენ პირადად მე ან ჩემი საქმიანობა არ მოგწონთ, შეგიძლიათ სამსახურიდან გამათავისუფლოთ (მისწეროთ ეკონომიკის სამინისტროს), მაგრამ თუ ამას არ გააკეთებთ, მაშინ ვალდებული ხართ, ჩვენთან ითანამშრომლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე ფუჭდება და თან ძალიან.

 

ჩვენ, კარგად გასაგები მიზეზების გამო უდიდესი კმაყოფილებით შევხვდით თქვენს დანიშვნას მინისტრის მაღალ თანამდებობაზე. ყველანაირად ვუჭერდით მხარს თქვენს ინიციატივებს და თქვენს პირველ ნაბიჯებს. გვქონდა უდიდესი პირადი პატივისცემა და სიმპატია თქვენს მიმართ, მაგრამ სამწუხაროდ, თქვენ და თქვენი გუნდის ზოგიერთმა წევრმა, მაგ. ბ-ნმა წოწკოლაურმა (არ ვიცი თქვენი დავალებით, თუ საკუთარი ინიციატივით) ლამის ბოლომდე მიიყვანეთ ბ-ნი სერგეენკოს მიერ შვიდი წლის მანძილზე წარმოებული ცენტრის განადგურების საქმე, განსაკუთრებით ბოლო თვეებში, როდესაც პრაქტიკულად მოგვისპეთ არსებობის საშუალება.

 

აქ არ შევუდგები ქვეყნის წინაშე ჩვენი ცენტრის იმ უდიდესი დამსახურებების ჩამოთვლას, რომელიც ყველასთვის კარგადაა ცნობილი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არცერთ სხვა სამედიცინო დაწესებულებას არ გაუწევია ქვეყნისთვის ისეთი სამსახური, როგორც ჩვენს ცენტრს და არცერთ სამედიცინო დაწესებულებას სახელმწიფო ისე უსამართლოდ არ მოქცევია, როგორც ჩვენს ცენტრს. ეს იცის უკლებლივ ყველამ, ქვეყნის ხელმძღვანელობიდან დაწყებული ტაქსის მძღოლით დამთავრებული.  

 

ჩვენ თქვენი დანიშვნისთანავე - 2019 წლის ივლისიდან დაწყებული არაერთგზის მოგმართეთ წერილობით გაგეწიათ დახმარება განადგურების პირას მყოფი ცენტრისთვის. დეტალურად გწერდით ჩვენი და ჩვენი პაციენტების მრავალრიცხოვანი, ზოგჯერ ენით აუწერელი გაჭირვებების შესახებ, რომელთა დიდი ნაწილის გამოსწორება (ნაწილობრივ მაინც) ძალიან, ძალიან იოლი იყო, მაგრამ ჩვენდა დიდად გასაკვირად თქვენი მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ ყოფილა.   

 

თქვენ სულ იოლად შეგეძლოთ ჯერ კიდევ 2019 წლის ზაფხულში, ან 2020 წლის იანვარში მაინც მოგეწერათ ხელი შპს „ავერსი-ფარმასთან“ საიჯარო ხელშეკრულებაზე. ეს თქვენ აბსოლუტურად არაფრად გიღირდათ. ჩვენ კი გადაგვარჩენდა ბევრ დიდ უსიამოვნებას. არ დაგვინგრევდნენ სამრეცხაოს და არ მოგვიწევდა დაბინძურებული თეთრეულის გასარეცხად ტარება კერძო სამრეცხაოებში, რაც ეპიდრეჟიმის უხეში დარღვევაა. ბ-ნი კურტანიძე არ გადახდიდა ჭერს ადმინისტრაციულ შენობას და მთელ ადმინისტრაციას არ მოუწევდა და კიდევ ალბათ წელიწადნახევარი მოუწევს მუშაობა წვიმის (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) ქვეშ. ასევე ბ-ნი კურტანიძე არ აგვიკრძალავდა ჯერ კიდევ ორი წლის წინ მილიონნახევარ ლარად ნაყიდი და დღემდე დასაწყობებული?! კომპიუტერული ტომოგრაფის დამონტაჟებას და არ მოგვიწევდა კომპიუტერული ტომოგრაფიისთვის აივ/შიდსით, COVID-19-ით და სხვა მძიმე და გადამდები ინფექციებით, მათ შორის მართვით სუნთქვაზე მყოფი, პაციენტების ტარება სხვა კლინიკებში. თქვენ იცით ეს რა ჯოჯოხეთია? იცით, რამდენი ფული გვეხარჯება ამაზე? თქვენ ეს ყველაფერი არაფრად მიგაჩნიათ. შეიძლება გიხარიათ კიდეც, მაგრამ ერთი ჩვენც გვკითხეთ ან ჩვენს პაციენტებს ჰკითხეთ. არ გვგონია ასეთი რამე კიდევ სადმე ხდებოდეს მსოფლიოში.   

 

თქვენ ამბობთ, რომ „სამედიცინო ინოვაციების ცენტრის“ შენობის ჩვენთვის გადმოცემა თქვენი დამსახურებაა. მთელ თბილისს კი პირიქით სჯერა, რომ თქვენს მიერ ჩვენი ათვალწუნების ერთ-ერთი, თუმცა არა ერთადერთი მიზეზი სწორედ ის იყო, რომ ამ შენობის სხვისთვის მიცემა გინდოდათ. ჯერ კიდევ რამოდენიმე თვის წინ ძალიან სერიოზული ხალხი, ძალიან სერიოზულად გვაფრთხილებდა, რომ თქვენ ძირს გვითხრიდით და რომ ძალიან ფრთხილად ვყოფილიყავით. მაშინ მე ეს სერიოზულად არ აღვიქვი, მაგრამ როგორც გაირკვა სულ ტყუილად.

 

საერთოდ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს სამინისტროს დამოკიდებულება ჩვენი ცენტრისადმი COVID-19-ის პანდემიის შემდეგ. მაშინ როდესაც ლამის მთელი ქვეყანა ჩვენ გვგულშემატკივრობდა და ცდილობდა რაღაცით მაინც დაგვხმარებოდა, სამინისტრო ერთადერთი იყო, ვისგანაც არანაირი თუნდაც სიმბოლური მხარდაჭერაც კი არ გვიგრძვნია. თქვენ ჩვენი არაერთგზის თხოვნის მიუხედავად კატეგორიული უარი თქვით ჩვენი ცენტრის ორ მთავარ კორპუში ავადმყოფებისთვის სასიცოცხლოდ (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) აუცილებელი მინიმალურ სარემონტო სამუშაოებზე, როგორიცაა აივ/შიდსით და COVID-19-ით ავადმყოფებისთვის ჟანგბადის მიწოდების სისტემის გაკეთება, სავალდებულო ვენტილაციის გაკეთება, სავალდებულო დამიწების გაკეთება, გაჭედილი კანალიზაციის შეკეთება და სხვ. მაშინ, როდესაც ყველაფერი ამისთვის სულ რაღაც 300 ათას ლარს ვითხოვდით , დანარჩენი თანხით  ცალკეული ღირსეული ქველმოქმედი ადამიანები (ბ-ნი ვაჟა თორდია და სხვ,) გვეხმარებოდნენ. თქვენ ამის უამრავი წყარო გქონდათ და როგორც მინისტრი უბრალოდ ვალდებული იყავით ეს გაგეკეთებინათ. მაგრამ თქვენ ამჯობინეთ ავადმყოფები უჟანგბადოდ დამხრჩვალიყვნენ ან მათთვის დენს დაერტყა ან ვენტილაციის არქონის გამო ინფექცია გავრცელებულიყო. თქვენ ამჯობინეთ COVID საწოლების მწვავე დეფიციტის პირობებში, პრაქტიკულად დაგეკარგათ ქვეყანაში ერთადერთი ნამდვილი ბოქსირებული განყოფილება და COVID-19-ით ავადმყოფებისთვის საჭირო 50 პირველხარისხოვანი საწოლი, ქვეყანაში ამ დარგში ყველაზე კომპეტენტური, ყველაზე გამოცდილი და ყველაზე მოტივირებული სამედიცინო პერსონალით. რამ გაგაბოროტათ ასე? თქვენ ამჯობინეთ პაციენტები COVID-19-ით გაგეთავსებინათ კლინიკებში, რომლებსაც ამ დაავადების მართვის არავითარი გამოცდილება და პირობები და არავითარი მოტივაცია არ ჰქონიათ. შეგიძიათ დაუშვათ, რომ წმინდა მიქაელის სახელობის კლინიკური საავადმყოფოში COVID-19-ით უკეთ მართავენ, ვიდრე ინფექციური პათოლოგიის ცენტრში.

 

მთლად კურიოზია ის ფაქტი, რომ სავალდებულო ვენტილაციის არქონის გამო (რომლის გაკეთებასაც თქვენ გთხოვდით და არ გაგვიკეთეთ), ჯერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გვიჩივლეთ?! ხოლო შემდეგ როდესაც გაოგნებულმა მოსამართლემ თქვენი საჩივარი არ დააკმაყოფილა, ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეთ (ნეტავ ამ დროს რას ფიქრობდით?), რომელმაც ეს საჩივარი ასევე არ დააკმაყოფილა. სააპელაციოში გასაჩივრება ცალსახად ამტკიცებს, რომ პირველი საჩივარი შემთხვევითობა ან გაუგებრობა არ ყოფილა. ეს ფაქტი იმდენად ეწინააღმდეგება საღ აზრს, რომ ბევრს არც კი სჯერა, მაგრამ თქვენ ხომ იცით, რომ ასე იყო და მასალებიც ხომ სასამართლოში ინახება.  

 

პირველი არხის ტელეჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა მიზეზით შეწყვიტა შიდსის ცენტრმა სტაციონარული პაციენტების მიღება, იმის მაგივრად, რომ ახლა მაინც სწორი პასუხი გაგეცათ, თქვენ უპასუხეთ, რომ ამის შესახებ ინფორმირებული საერთოდ არ ყოფილხართ?! ასეთ ტყუილს რომ მინისტრი იკადრებს, იმას რა უნდა მოსთხოვო. ასევე განაცხადეთ, რომ ჩვენს ცენტრს დასჯიდით და წინა წლის ბრუნვის 10%-ით დააჯარიმებდით?! („აბა ჩემს შვილს ხომ არ დავსჯის“ პრინციპით) სხვათაშორის, როცა ბ-ნ სერგეენკოს მსგავსი კითხვა დაუსვეს, მას ეყო გამბედაობა (ან ეშმაკობა) ეღიარებინა, რომ ეს ყველაფერი მისი ბრალია და რომ ეს ყველაზე დიდი ტვირთია მის კარიერაში და საქვეყნოდ ბოდიშს იხდის. რა თქმა უდნა, მისი პასუხი გულწრფელი არ იყო, მაგრამ რაც თქვენ სთქვით, იმას მაინც სჯობდა.   

 

თქვენ მართლა გგონიათ, რომ ის ფაქტი, რომ საქართველოს ერთ მილიონ მოსახლეზე ევროპის 49 ქვეყანას შორის ყველაზე ნაკლები (და თან ბევრად ნაკლები) COVID-19-ით გარდაცვლილი ჰყავს და მთელი მსოფლიოსთვის სამაგალითოა, თავისით მოვიდა? ან ქვეყანამ აივ/შიდსის ფართემასშტაბიანი ეპიდემია რომ თავიდან აიცილა უდიდესი ადამიანური მსხვერპლით და სერიოზული ეკონომიკური ზარალით, შემთხვევითობაა?  ან C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით უკვე 70 ათასზე მეტი ადამიანი რომ განიკურნა და სიცოცხლე შეუნარჩუნდა და საქართველო ამ დარგში მსოფლიო ლიდერია, თავისთავად მოხდა? და ა.შ. და ა.შ. თუ თქვენ მართლა ასე გგონიათ - „ნეტარ არიან მორწმუნენი“.

 

დღეს, როდესაც ქვეყანაში (ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში) აღინიშნება COVID-19-ის შემთხვევების სერიოზული მატება, ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხდება ამ დაავადების ეფექტიანი მენეჯმენტი კლინიკურ სექტორში, დაახლოებით ისეთი, როგორც ამას აკეთებს ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო და პირადად საქართველოს პრემიერ მინისტრი, რომელიც უწყვეტ რეჟიმში თანამშრომლობს დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, თქვენს სამინსიტროსთან და ყველა სხვა უწყებასთან. ოპერატიულად იღებს მყისიერ გადაწყვეტილებებს და ასევე ოპერატიულად ასრულებს მათ და სწორედ ეს ფაქტი უზრუნველყოფს, რომ საქართველო დღემდე ევროპის და ამერიკის ყველა სხვა ქვეყანაზე უკეთესად უმკლავდება COVID-19-ის პანდემიას.

 

გარწმუნებთ, კლინიკურ სექტორში დღეს ძალიან ბევრი სერიოზული ხარვეზია. სამინისტრო მათ გამოსასწორებლად პრაქტიკულად არაფერს აკეთებს და მხოლოდ ცალკეული ექიმების მაღალი პროფესიონალიზმის, ენთუზიაზმისა და თავგანწირვის ხარჯზე ხერხდება შევინარჩუნოთ კარგი მდგომარეობა, მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. პრაქტიკულად არ არსებობს კომუნიკაცია სამინისტროს ხელმძღვანელობასა და კლინიკურ ჯგუფს შორის. სამინისტრო კლინიკურ ჯგუფს არათუ არაფერს უთანხმებს, ასე განსაჯეთ ახალ COVID კლინიკების დამატებისას საქმის კურსშიც კი არ გვაყენებს, არადა ამ კლინიკებს ხომ ჩვენ უნდა ვასწავლოთ და ჩვენ უნდა დავეხმაროთ ავადმყოფების, განსაკუთრებით მძიმე ავადმყოფების მართვაში. რვა თვის მანძილზე მე და თქვენ პრაქტიკულად არცერთხელ არ გვისაუბრია ამ თემაზე (თუ ვხვდებოდით, მხოლოდ შენობის და რემონტის საკითხებზე). მაშინ როდესაც პირადად პრემიერი თითქმის ყოველდღე ხვდება NCDC-ის ხელმძღვანელობას და ასე განსაჯეთ რამოდენიმეჯერ ჩვენც კი შეგვხვდა.  თქვენ არცერთხელ არ დასწრებიხართ კლინიკური ჯგუფის სხდომას, ისევე როგორც CCM-ის სხდომას და C ჰეპატიტის კომისიის სხდომას. არცერთი მნიშვნელოვანი საკითხი არ თანხმდება კლინიკურ ჯგუფთან, თუ არ ჩავთვლით იმ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც სიმბოლურად გვიგზავნიან კონფირმაციისთვის. კლინიკური ჯგუფი ვერ ახერხებს, ხოლო სამინისტრო არ ინდომებს მიიღოს ყველა COVID კლინიკისაგან ინფორმაცია პაციენტებზე ანალიზის გასაკეთებლად, რაც ესოდენ აუცილებელია სწორი მენეჯმენტისათვის. COVID კლინიკების შერჩევა ხდება ხშირად არასწორად, კლინიკის რეალური რესურსის, შესაბამისი პროფილის და გამოცდილების სპეციალისტების არსებობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინების გარეშე. ასე მაგალითად, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული იყო COVID-19-ით 147 ავადმყოფი, მაშინ როცა საავადმყოფოს სულ 3 ლიცენზირებული ექიმი ჰყავს და მათაც COVID-19-ის დარგში არანაირი მომზადება არა აქვთ გავლილი და არც არანაირი გამოცდილება გააჩნიათ. ან კიდევ, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელსაც თქვენ პირადად კურირებთ, COVID-19-ით ავადმყოფებს მხოლოდ ერთი - რუხიდან გადმოყვანილი ექიმი ატარებდა, რომელსაც ასევე არა აქვს სპეციალური მომზადება ამ დარგში. COVID კლინიკების და ოჯახის ექიმების უმრავლესობას არა აქვს სპეციალური მომზადება და არ გაუვლია ტრენინგი (მიუხედავად იმისა, რომ პრეს-კონფერენციაზე საწინააღმდეგო განაცხადეთ) და სხვ. და სხვ. კლინიკების ნაწილში არ/ვერ ტარდება COVID-19 პაციენტის მართვისთვის აუცილებელი რიგი გამოკვლევები (კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიის რეჟიმში, კვალიფიციური ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა, პროკალციტონინი, D-დიმერი და სხვ.) ხოლო ზოგიერთი უმნიშვნელოვანესი გამოკვლევა (სისხლში ინტერლეიკინ 6-ის განსაზღვრა, იმუნური სტატუსი) მხოლოდ ჩვენს ცენტრში ტარდება. არ არის დარეგულირებული დაფინანსების და ანაზღურების საკითხი. სამინისტროს და რეგულირების სამსახურის ინერტულობისა და ბიუროკრატიის გამო დღემდე ვერ ხერხდება უაღრესად პრესტიჟული საერთაშორისო კლინიკური კვლევების დაწყება. არადა, ეს კვლევები მოიცავს სადღეისოდ ყველაზე იმედისმომცემი მედიკამენტების გამოყენებას, რომლებიც სხვა გზით არ არის მისაწვდომი არც ქვეყნისთვის და არც ავადმყოფებისთვის, მაგ. რემდესივირი, ბეტა ინტერფერონი, აკალაბრუტინიბი, კამოსტატი და განსაკუთრებით SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო მონოკლონური ანტისხეულები, რომელ კვლევაზეც საქართველოს რეკომენდაცია პირადად მსოფლიო ლიდერმა Anthony Fauci-იმ მისცა და ამ კვლევაზე მსოფლიოს ბევრი წამყვანი ქვეყანა ოცნებობს.  

 

საჭიროა პირადად ჩაუდგეთ სათავეში COVID-19-ის საწინააღმდეგო ღონისძიებების მართვას - როგორც ამას პრემიერი გახარია აკეთებს. სასწრაფოდ შექმნათ შტაბი ან კომისია, გამოყოთ პასუხისმგებელი სტრუქტურები და პირები და მოაწესრიგოთ ის უამრავი ხარვეზი, რომელიც დღეს კლინიკურ სექტორშია - COVID კლინიკების სწორი შერჩევა და მათი უზრუნველყოფა სპეციალური მომზადების და გამოცდილების მქონე, მოტივირებული და პროფესიონალი მედპერსონალით, პაციენტების მართვის და მოძრაობის ოპტიმალური ალგორითმის შემუშავება, ქვეყნის მასშტაბით კლინიკების და ოჯახის ექიმების მომზადება და ტრენინგი, საჭირო ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების სისტემის დანერგვა და მოწესრიგება, ანაზღაურების სისტემის მოწესრიგება და სხვა, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს.

 

ერთ წერილში ყველაფერს ვერ ჩაატევ, მაგრამ მაინც გვინდა ყურადღება გავამახვილოთ ერთ ფაქტზე. სრულიად მიტოვებულია C ჰეპატიტის და განსაკუთრებით აივ/შიდსის პროგრამები, რაც უმოკლეს დროში ძალიან მძიმე შედეგებს გამოიღებს. ჩვენ ჯერ კიდევ 2019 წლის ივლისში მოგმართეთ თხოვნით დაგხვმარებოდით აივ/შიდსით ავადმყოფებისათვის იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანაში, რომლებიც ფარმაცევტული კომპანიებისათვის არ წარმოადგენს კომერციულ ინტერესს და ამიტომ საქართველოს ბაზარზე არ იშოვნება - ინტრავენური ტრიმეტოპრიმ/სულფამეტოქსაზოლი (ბისეპტოლი), ამფოტერიცინი, პირიმეტამინი, რიფაბუტინი, ვორიკონაზოლი, ნიტაზოქსანიდი, საინფუზიო განციკლოვირი და სხვ. ამის გაკეთება იოლი არ არის, მაგრამ სავსებით შესაძლებელი იყო და ამისთვის ბევრი გზა არსებობს, მაგრამ ეს არ გააკეთეთ, რასაც არც მეტი არც ნაკლები 47 აივ/შიდსით ავადმყოფის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომლებიც კონკრეტულად ამ მედიკამენტების არქონის გამო მოკვდნენ და ეს მთლიანად სამინისტროს სინდისზეა. მხოლოდ ახლა ჩვენს მიერ გამოთქმული მკვეთრი პროტესტის შემდეგ გადადგა სამინისტრომ ნაბიჯები ამ მედიკამენტების შემოსატანად. „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“, მაგრამ იმ 47 გარდაცვლილ ავადმყოფს რას ვეუბნებით?

 

პატივისცემით,

 

თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის

გენერალური დირექტორი

პროფესორი

 

P.S. ა.წ. 10 სექტემბერს კლინიკური ჯგუფის შეკრებაზე ქ-ნმა თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ სამინისტრო კლინიკური სექტორის მართვას ოპტიმალურად ახორციელებს?! მისი ფუნქცია მხოლოდ პოლიტიკის და ძირითადი მიმართულებების განსაზღვრაა და არა პრაქტიკული საკითხების მართვა და შესაბამისად, დანარჩენი პრობლემები და საკითხები თვითონ სამედიცინო დაწესებულებებმა უნდა გადაწყვიტონ.  მან ასევე განაცხადა, რომ ყველაფერი რაც საჭიროა, COVID-19-ის გაიდლაინში წერია და COVID კლინიკებს შეუძლიათ ამ გაიდლაინით ისარგებლონ.

 

ყველასთვის ცნობილია ჩემი მრავალწლიანი, განსაკუთრებული პატივისცემა ქ-ნი თამარისადმი , მისი პროფესიონალიზმისა და გამორჩეული პიროვნული ღირსებებისადმი. მიმაჩნია, რომ ის უბრალოდ საუკეთესოა, მაგრამ მისი პოზიცია სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ასე მაგალითად არცერთ გაიდლაინში არ წერია, რომ საავადმყოფოში, რომელსაც სულ სამი არასპეცილისტი გამოუცდელი ექიმი ჰყავთ, 147 COVID-19-ით ავადმყოფის დაწვენა არ შეიძლება. ან ის, რომ COVID-19-ის წამყვან კლინიკას შეიძლება ჟანგბადის მიწოდების სისტემა, აუცილებელი ვენტილაცია, დამიწება, კანალიზაცია და სხვ. არ ჰქონდეს და ა.შ.  

 

პანდემიისა და სხვა კრიტიკულ სიტუაციებში სამინისტრო უნდა მუშობდეს სულ სხვანაირად, მაგ. ისე, როგორც ეს ხდებოდა 2009-2010 წლებში ე.წ. „ღორის გრიპის“ ეპიდემიის დროს, როდესაც სამინისტროში შექმნილი იყო სპეციალური შტაბი, მინისტრი ბ-ნი ჭიპაშვილი, მოადგილე ბ-ნი ფრუიძე და სხვები პირადად იყვნენ ჩართული ამ შტაბის მუშაობაში 24 საათის მანძილზე. ყოველდღე იმართებოდა შეკრებები, ოპერატიულად ხდებოდა გადაწყვეტილებების მიღება და მათი განხორციელება. ყოველდღიურად ვახდენდით გაიდლაინების განახლებას და ექიმებისთვის მათ მიწოდებას. ყოველდღიურად იმართებოდა სხვადასხვა ჯგუფის ექიმების (კლინიკა, პოლიკლინიკა, სასწრაფო და სხვ.) ტრენინგი და ჯამში ასეთი ტრენინგი გაიარა 3000-მდე ექიმმა და ა.შ. და ა.შ.

 

ან კიდევ მეორე ძალიან კარგი მაგალითი - თუ როგორ მუშაობდა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის სახელმწიფო კომისია 2015-2017 წლებში. რა გმირობებს ჩადიოდნენ ბ-ნი ვალერი კვარაცხელია, ქ-ნი ეკა ადამია და სხვები. ასე განსაჯეთ, თვით ბ-ნი სერგეენკოც კი. ორ თვეში მოხერხდა პროგრამის მონაცემთა ურთულესი ელექტრონული ბაზის შექმნა, რომელიც დუბლირებული იყო ამერიკის CDC-ში. ახლა კი სამინისტრომ 8 თვის მანძილზე ის ვერ მოახერხა, უფრო სწორად არც კი მოინდომა, რომ COVID კლინიკები გატარებული პაციენტების შესახებ ელემენტარულ ინფორმაციას იძლეოდნენ, რაც აუცილებელია ამ ახალი და ამოუცნობი დაავადების მიმდინარეობის და გამოსავლების ანალიზისთვის და საბოლოო ჯამში - მართვის ოპტიმიზაციისათვის.

 

მოკლედ, დიდ გალაკტიონს რომ დავესესხოთ - „ყველაფერი არის ძლიერ კარგად -ყველაფერი ძლიერ ცუდათ არის“.

 

კარგით, რაც იყო იყო. დაბეჯითებით გთხოვთ, უმოკლეს დროში შედგეს ჩვენი შეხვედრა პირადად თქვენთან, ქ-ნ თამართან, ბ-ნ წოწკოლაურთან, ქ-ნ ეკა ადამიასთან და სხვა პირებთან, ვისაც თქვენ ჩათვლით საჭიროდ, რათა განვიხილოთ და შევათანხმოთ COVID-19-ის კლინიკური სექტორის საქმიანობის საკვანძო საკითხები.

 

წინააღმდეგ შემთხვევაში კლინიკურ სექტორს ის ბედი მოელის, რასაც ჩვენი ჩასაფრებული მტრები და ოპონენტები პანდემიის პირველივე დღიდან გვიწინასწარმეტყველებდნენ.