• კორონავირუსთან ბრძოლისას, ხელისუფლების პოლიტიკა არის თანმიმდევრული, რაციონალური და პროგნოზირებადი. ჩვენ საზოგადოებასთან ყოველთვის გულწრფელები და გახსნილები ვიყავით.
• პირველ ეტაპზე, როდესაც ვირუსის შესახებ მსოფლიოში ცოდნა იყო მინიმალური, ჩვენი ამოცანა იყო ვირუსის დროში სწრაფი გავრცელების მაქსიმალურად შეკავება, და ეს ეფექტურად განვახორციელეთ. ეს საერთაშორისოდაც აღიარებულია და დღესაც, საქართველო მწვანე ქვეყანა რჩება.
• დღეს ჩვენ სწორედ იქ ვიმყოფებით, სადაც ყოფნას ვპროგნოზირებდით. ვირუსის აქტიური შეკავების სტადიიდან უკვე გადავედით ვირუსთან ადაპტაციისა და მისი მართვის სტადიაზე.
• ეს სტადია მოიცავს რამდენიმე მიმართულებას: 1) სწრაფი გამოვლენა და გავრცელების შენელება; 2) კლინიკური მართვა; 3) სწრაფი დაბრუნება ცხოვრების "ახალ" ჩვეულ რიტმში - ეკონომიკურ აქტივობაში.
• 1) სწრაფი გამოვლენა - სრულფასოვნად მუშაობს ცხელების ცენტრები, 112-ის სისტემა, კონტაქტების სწრაფად დადგენის სისტემა, საკარანტინო სისტემა და რაც მთავარია, ტესტირება. თებერვალ-მარტში ვაკეთებდით 200 PCR ტესტს, დღეის მდგომარეობით საშუალოდ დღეში 9 000 ტესტს. გარდა ამისა მარტში PCR- ტესტს აკეთებდა მხოლოდ ლუგარის ლაბორატორია დღეს კი, 22 ლაბორატორია.
• 2) კლინიკური მართვა - გამოცდილებიდან და მიღებული ცოდნიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ დაგვიგროვდა სხვადასხვა ეტაპის მკურნალობა გახდა საჭირო - მსუბუქი და უსიმპტომო შემთხვევების მკურნალობა როგორც ბინაზე ასევე კოვიდ-სასტუმროებში. მძიმე შემთხვევების, 65 წელზე მეტი, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების - სტაციონარში.
• 3) სწრაფი დაბრუნება ეკონომიკურ აქტივობაში - სწორედ, აქტიური ეკონომიკური ცხოვრება და სამუშაო ადგილების შენარჩუნება იყო ძირითადი მიზეზი, რის გამოც დავიწყეთ შეზღუდვების ეტაპობრივად და ფრთხილად მოხსნა. უნდა ვისწავლოთ ვირუსთან თანაცხოვრება - ვატაროთ პირბადე, დავიცვათ ჰიგიენის ელემენტარული წესები, დისტანცია.
• რაც უფრო მაღალი დისციპლინა გვექნება ამ მოთხოვნების დაცვაში, მით უფრო დაბალი გვექნება გავრცელება და მით უფრო ნაკლები იქნება დაწოლა როგორც ეკონომიკაზე, ისე ჯანდაცვის სისტემაზე.
• ჩვენ უნდა მოვიგოთ დრო, სანამ მსოფლიოში შეიქმნება ვაქცინა და არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ცალკე აღებული რომელიმე სახელმწიფო, მათ შორის საქართველო დაამარცხებს ვირუსს.
• როდესაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების და მკაცრი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მივიღეთ, ჩვენ გავითვალისწინეთ როგორც ქვეყნის რესურსული მდგომარეობა, ასევე ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობა.
• მოგეხსენებათ, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ბევრ განვითარებულ ქვეყანასთან შედარებით სუსტია, მაგრამ ამ შემთხვევაში კარგად გაუმკლავდა ამ გამოწვევას. არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ 6 თვეში ჯანდაცვის სისტემა რადიკალურად შეიცვალა.
• მკაცრი წესებით, დისციპლინით, მაგრამ არა შეზღუდვებით და ეკონომიკის გაჩერებით ხელი უნდა შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას. რისკების გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვებით ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის სასწავლო პროცესიც.
• დისციპლინით, ელემენტარული წესების დაცვით, პირბადით, დისტანციით, მაგრამ არა შეზღუდვებით და ეკონომიკის გაჩერებით, ხელი უნდა შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას.
• ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც შეიძლება იყოს დაწესებული, იქნება მიზნობრივი და ლოკალური, ეს არ იქნება სისტემური შეზღუდვები ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის ეკონომიკა, განათლება ან თუნდაც პოლიტიკური და საარჩევნო პროცესი.
• ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კოვიდ-19- თან ბრძოლის ამ ადაპტაციისა და მართვის, ვირუსთან ერთად ცხოვრების ეტაპზეც გვქონდეს იგივე წარმატება, რაც წინა ეტაპებზე გვქონდა და კვლავაც მოწინავე პოზიციებს ვიკავებდეთ მსოფლიოში.