1 - ეპიდსიტუაციაზე:
• ბოლო პერიოდის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია აშკარაა, თუმცა მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს და მართვადია.
• არაერთხელ გვითქვამს, რომ შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, სხვა ქვეყნების მსგავსად, შემთხვევების რაოდენობა ჩვენთანაც მოიმატებდა და სწორედ ამიტომ უნდა გვესწავლა ვირუსთან ერთად თანაცხოვრება - ადაპტაცია და წესების ზედმიწევნით დაცვა.
• დღეს სწორედ ვირუსთან ადაპტაციის პროცესში ვიმყოფებით.
• საწყის ეტაპზე დროულად გამოცხადებული მკაცრი კარანტინით და შეზღუდვებით ჩვენ შევძელით დიდი ადამიანური დანაკარგების და ბევრად უფრო ღრმა სოციალურ-ეკონომიკური ზიანის თავიდან აცილება.
• დღეს ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ჩვენი ეკონომიკის აღდგენა მაქსიმალურად სწრაფად ისე რომ არ შევუქმნათ რისკი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას. ეს შეუძლებელია გარკვეული წესების დაცვის გარეშე.
• უნდა ვატაროთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია და ჰიგიენის ელემენტარული წესები.
• ვხედავთ, რომ კერძო სექტორს აქვს მოლოდინები, რომ კვლავაც განვახორციელებთ შემზღუდავ ღონისძიებებს -კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ - არანაირი ჩაკეტვა არ იგეგმება!
• ამ ეტაპზე ვირუსთან ბრძოლა წერტილოვნად, მიზნობრივად მოხდება და ეს შესაძლოა იყოს მხოლოდ ლოკალური შეზღუდვები, თუმცა მკაცრი სისტემური შეზღუდვები ქვეყანაში აღარ განმეორდება.
• ყველა საერთაშორისო შეფასებით საქართველოს ექნება ერთ-ერთი საუკეთესო სასტარტო პირობები პოსტკრიზისულ ეკონომიკაში და, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ.
• უნდა ვისწავლოთ ადაპტაცია - ყველამ წესების დაცვით უნდა გავაგრძელოთ საქმიანობა, რათა დროულად გადავლახოთ კრიზისი.
2- რეგულარული ფრენების აღდგენაზე ქუთაისის აეროპორტიდან:
• მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპისთვის აღდგენილ საერთაშორისო მიმოსვლას 4 ოქტომბრიდან დაემატოს რეგულარული ფრენები ქუთაისი-რიგის მიმართულებით.
• ამ დროისთვის, პირდაპირი ფრენები ევროპის მიმართულებით თბილისიდან ხორციელდება Lufthansa-ს, air france-ს, Airbaltic-ის და ეროვნული გადამზიდავის მიერ.
• 4 ოქტომბრიდან ქუთაისიდან განხორციელდება Wizz Air-ის პირდაპირი რეისი რიგის მიმართულებით. შესრულდება მხოლოდ კვირაში 1 რეისი.
• ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ გონივრულად და ფრთხილად, რათა ჩვენი ეკონომიკა ამოძრავდეს კიდევ უფრო სწრაფად. თანმიმდევრულად გავაგრძელებთ საქართველოს საჰაერო სივრცის გახსნას, პირველ რიგში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით და ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე.
3 -სტუდენტების გამგზავრებაზე სუბსიდირებული რეისით:
• ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებიც ბერლინში სწავლობენ, 23 სექტემბერს კიდევ ერთი სუბსიდირებული რეისი შესრულდება.
• საქართველოს მთავრობა განაგრძობს ქართველი სტუდენტების დახმარებას, რომ ისინი ეტაპობრივად დაბრუნდნენ სხვადასხვა ქალაქში, სადაც ისინი სწავლობენ და მუშაობენ.
• ჩვენ უკვე განვახორციელეთ 3 სუბსიდირებული რეისი და 500-მდე სტუდენტი გადავიყვანეთ ევროპის სხვადასხვა ქალაქში.
• რა თქმა უნდა, ბილეთების ფასი კვლავ არაუმეტეს 199 ევრო იქნება.
4 -მიკროგრანტების პროგრამის გაფართოებაზე:
• მთავრობის გადაწყვეტილებით, 5 ოქტომბრიდან „აწარმოე საქართველოში“-ს მცირე მეწარმეების მხარდასაჭერი პროგრამა ფართოვდება და მისი ბიუჯეტი 41 მილიონ ლარამდე იზრდება.
• იზრდება ერთჯერადი დაფინანსების მოცულობაც - 20 000-დან და 30 000 ლარამდე.
• ამ ეფექტიანი და პოპულარული პროგრამით, უკვე საქართველოს 9400-მა მოქალაქემ ისარგებლა. ახლა, ეკონომიკური კრიზისის პირობებში კი, ის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
• ეს არის გრანტის სახით მნიშვნელოვანი დახმარება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომელსაც შეუძლიათ და სურთ დაიწყონ საკუთარი საქმე და ბიზნესი.
• მოქალაქეები ამ პროგრამების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ საზოგადოებრივ ცენტრებში ან იუსტიციის სახლებში, მათივე ქალაქებსა და რეგიონებში. განაცხადების მიღება კი 5 ოქტომბრიდან დაიწყება.