საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის დადგენის პროცესში საქართველოსთვის საზიანოდ მიღწეული შეთანხმებების კანონიერებას საქართველოს გენერალური პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში სწავლობს. მუხლის ფორმულირება ასე ჟღერს:
მუხლი 308. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა
1. საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება, მიმართული უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ, -
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
2.იგივე ქმედება, რამაც საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის დაკარგვა ანდა სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, -
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
საგულისხმოა, რომ
2007 წლამდე მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით 308-ე მუხლში აღწერილი
დანაშაული „სახელმწიფოს ღალატად“ ითვლებოდა:
მუხლი 307. სახელმწიფოს ღალატი
საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა; ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკებების წარმოება; საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა; უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა; საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა; სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა; ჯაშუშობა; შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად; საბოტაჟი; უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
ისიც ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული მუხლის საკანონმდებლო რეფორმა 2007 წელს, მას შემდეგ განხორციელდა, რაც საქართველოსთვის საზიანოდ შეთანხმდა დავითგარეჯას მიმდებარე საზღვრის მონაკვეთები.
ახლა ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, რატომ და რა მიზნით გააქრეს სამართლებრივი სივრციდან 2007 წელს სააკაშვილმა და ნაციონალირმა მოძრაობამ „სახელმწიფოს ღალატის“ ცნება, რადგან რასაც ეს ძალა აკეთებდა და აკეთებს დავითგარეჯასთან დაკავშირებით, სამართლებრივადაც და მორალურადაც სწორედ სახელმწიფოს და სამშობლოს ღალატია.
ამასთან, ერთი განმარტება ბრალდებულების - მელაშვილის და ილიჩოვას პოლიტიკური ადვოკატირების თაობაზე:
რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, სამართლებრივ ნიუანსებში ჩაუხედავ მოქალაქეების აზრით მანიპულირებას და თავს ახვევს მოსაზრებას, რომ ვინაიდან დღეისათვის აზერბაიჯანთან საზღვარი ოფიციალურად დადგენილი არ არის და 3500 ჰექტარი ქართული მიწა ჯერ არ დაგვიკარგავს, თითქოს დანაშაულიც არ არის სახეზე, რაც სიცრუეა, რადგან კანონმდებელი ამ დანაშაულს (გადახედეთ 308-ე მუხლს) დამდგარი შედეგის თვალსაზრისით ორად ყოფს: მუხლის პირველი ნაწილით, დასჯადია ნებისმიერი ქმედება, მიმართული მთელი ტერიტორიის ან ისი ნაწილის გადაცემისკენ, რაც 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ტერიტორია დაიკარგება, ამ მძიმე შედეგის დადგომის შემთხვევაში, ბრალეულ პირს ამ მუხლის მეორე ნაწილი შეერაცხებოდა, რაც 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფები იურიდიული ცნებებით მანიპულირებას და ჟონგლიორობას ეწევიან იმ მიზნით, რომ საკუთარი მოღალატეობრივი პოზიცია გაამართლონ და გაექცნენ პასუხისმგებლობას.
ამავე მიზანს ემსახურება ნაციონალური მოძრაობის ტაქტიკური სვლა - ამ საქმეს „კარტოგრაფების საქმე“ ეწოდოს და ასე აღიბეჭდოს მოქალაქეთა მეხისერებაში, არადა ეს არის „სახელმწიფო ღალატის“ საქმე, რომელშიც მათი პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხსმგებლობის საკითხი აუცილებლად გაირკვევა და დადგება, როგორც მართლმსაჯულების განხორციელების ფარგლებში, ასევე გამოვა ხალხის სამსჯავროზე.