Ø წინასწარი შეფასებით, 2020 წლის აგვისტოში ეკონომიკა 5.3 პროცენტით შემცირდა. გლობალური პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე მოსალოდნელი კლების მიუხედავად აშკარაა, რომ ეკონომიკური კლების ტემპი არსებითად შემცირდა და აგვისტოში ეკონომიკური აქტივობის გაჯანსაღების ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდა. წინა თვეებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა ეკონომიკის კლების ტემპი, კერძოდ ივლისში კლება 5.5 პროცენტს, ივნისში 7.7 პროცენტს, მაისში 13.5 პროცენტს, ხოლო აპრილში 16.6 პროცენტს შეადგენდა. შესაბამისად, იანვარ-აგვისტოს საშუალო კლების მაჩვენებელი 5.6 პროცენტია და წლიური კუმულატიური კლება შემცირდა (იანვარ-ივლისის საშუალო კლება 5.8 პროცენტი იყო). აღნიშნული ცალსახად მიუთითებს, რომ მიუხედავად ცალკეულ სექტორებში შენარჩუნებული (მაგალითად ტურიზმის სექტორში) მნიშვნელოვანი გამოწვევებისა, ეკონომიკაში საერთო ჯამში მნიშვნელოვანი გაჯანსაღების ტენდენცია შეინიშნება.
Ø 2020 წლის აგვისტოში ცალკეულ სექტორებში, როგორიცაა - სამთომოპოვებითი მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, განათლება და ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური მომსახურება დაფიქსირდა ეკონომიკური აქტივობის და დამატებული ღირებულების ზრდის მაჩვენებლები.
Ø აღსანიშნავია ისიც, რომ აგვისტოში მთელ რიგ სექტორებში, სადაც რეალური კლება ფიქსირდება, ასევე შენიშნება მნიშვნელოვანი გაჯანსაღება, მათ შორისაა: მრეწველობა, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურებები, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ წინა თვეში უმრავლეს სექტორებში უკვე სახეზე იყო გაჯანსაღების ნიშნები და ეს ტენდენცია გრძელდება.
Ø ანტიკრიზისულ და პოსტკრიზისულ ღონისძიებებზე მიმართული ფისკალური და ეკონომიკის მასტიმულირებელი მონეტარული პოლიტიკის, ასევე მთავრობის მიერ კრიზისის შესამსუბუქებლად განხორციელებული ეკონომიკის მხარდაჭერის პროგრამებისა და საკომპენსაციო ღონისძიებების შედეგად მოსალოდნელია, რომ შემდგომ თვეებში ეკონომიკის მთელ რიგ სექტორებში მნიშვნელოვანი გაჯანსაღება მოხდება. თუმცა, ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად მოქმედ ფაქტორად კვლავ დარჩება საერთაშორისო ტურიზმზე დამოკიდებული საქმიანობები.
Ø აგვისტოში ეკონომიკური გაჯანსაღების კიდევ ერთ დამატებით ფაქტორს წარმოადგენდა ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით გაუმჯობესებული დინამიკა. აგვისტოში ადგილობრივი ექსპორტის ზრდა დაფიქსირდა და 14.9 პროცენტი შეადგინა.
Ø ასევე აღსანიშნავია, რომ 2020 წლის აგვისტოში ფულადი გზავნილების მიმართულებით მნიშვნელოვანი პოზიტიური ტენდენციები დაფიქსირდა. ფულადი გზავნილების მოცულობა წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 25.8 პროცენტით გაიზარდა და 184.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ფულადი გზავნილების მიმართლებით მომდევნო თვეებში დადებითი დინამიკის შენარჩუნება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ეკონომიკაში მოხმარების და შესაბამისად ეკონომიკური აქტივობის ზრდას.
Ø
აღსანიშნავია, რომ მთავრობის მიერ ეკონომიკის სხვადასხვა
სექტორის მხარდაჭერა: დეველოპმენტის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, ინდუსტრიული
მიმართულებით გრძელდება, რაც წლის ბოლომდე დადებითად იმოქმედებს ეკონომიკური აქტივობის
ზრდასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე.