KA030125655736516

№ 01-25287 28 / დეკემბერი / 2016 წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს
ბატონ დავით სერგეენკოს
მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის
მოხსენებითი ბარათი

ბატონო დავით,

 წარმოგიდგენთ ,,2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტს.

 დადგენილების პროექტი ითვალისწინებს ჯანმრთელობის დაცვის 21 სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებას და განსაზღვრავს აღნიშნული პროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული საქონლის/მომსახურების მოცულობას, საქონლის/მომსახურების დაფინანსების მოცულობას, დაფინანსების მექანიზმებსა და განმახორციელებელ ორგანიზაციებს.

  ძირითადად  უცვლელი დარჩა 2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის  №660 დადგენილების ფარგლებში გათვალისწინებული  ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფორმატი და დიზაინი.  დადგენილების ზოგად ნაწილში განისაზღვრა გარდამავალი პერიოდისთვის საჭირო ღონისძიებები (ხელშეკრულებების უწყვეტობა, ვაუჩერული პროგამების მიმწოდებლების სტატუსის შენარჩუნება, წინა პერიოდის დავალიანებების დაფარვა)და  დაემატა დადგენილების ძირითად მუხლებს.

საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების მუხლით დაზუსტდა საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების ვადა და  22 დღის ნაცვლად, განისაზღვრა წარდგენიდან არაუმეტეს 45 სამუშაო დღი.

 

  ცვლილებები შევიდა რამდენიმე პროგრამის პროექტში, რომლებიც წარმოდგენილია და განმარტებულია შესაბამისი პროგრამის განხილვისას.      


(1)    ,,დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს შემდეგ მომსახურებებს: (ა) ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, კოლორექტული და პროსტატის კიბოს სკრინინგს. ასევე გრძელდება  საშვილოსნოს ყელის ორგანიზებული სკრინინგი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით,   (ბ) 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა მსუბუქი და საშუალო ხარისხის მენტალური განვითარების დარღვევების პრევენციას, ადრეულ დიაგნოსტიკას და გონებრივი ჩამორჩენილობის პროფილაქტიკას, (გ) ეპილეფსიის დიაგნოსტიკასა და ზედამხედველობას, რაც მოიცავს ეპილეფსიის რეესტრის წარმოებას, ეპილეფსიის პირველად დიაგნოსტიკასა და დიაგნოზის დადასტურების მიზნით პაციენტის ჩაღრმავებულ კვლევებს, (დ) პროგრამის ადმინისტრირებასა და მონიტორინგს.

პროგრამას ემატება დღენაკლულთა რეტინოპათიის სკრინინგის პილოტი, რაც მოიცავს თბილისის მასშტაბით დაბადებული ახალშობილების (გესტაციური ასაკით 34-36 კვირამდე) ან  გესტაციური წონით 2001 გრამზე ნაკლები ყველა დღენაკლული ახალშობილის გამოკვლევას  რეტინოპათიის დიაგნოსტირებისათვის, დღენაკლულთა რეტინოპათიის ეროვნული პროტოკოლის მიხედვით. აღნიშნულ ცვლილებას საფუძვლად დაედო საქართველოს ოფთალმოლოგთა ასოციაციის, საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის, საქართველოს პედიატრთა აკადემიის და ექსპერტ-ოფთალმოლოგთა ინიციატივა (წერილი 16.09.2016წ. №01/70358, 30.08.2016წ. №89994), რომლის თანახმად, დღენაკლულთა რეტინოპათია წარმოადგენს დღენაკლულ ახალშობილებში ბადურა გარსის სისხლძარღვების პათოლოგიური განვითარებით მიმდინარე დაავადებას, რომელიც ბავშვთა ასაკში პოტენციური სიბრმავის ერთ–ერთი ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია. აღნიშნული პრობლემა მეტად აქტუალურია საქართველოსთვის, ვინაიდან, ქვეყანაში წლიურად პირველადად ისინჯება საშუალოდ 600 დღენაკლული, აქედან, დაახლოებით 54% აღენიშნება რეტინოპათია, ხოლო 15-20%-ს სამკურნალო სტადია. საყურადღებოა, რომ დღენაკლულთა რეტინოპათიით გამოწვეული სიბრმავის მაჩვენებელი მერყეობს 10-35%-ის ფარგლებში, რისი პრევენციაც შესაძლებელია დროული დიაგნოსტიკით,  დაავადების ადრეული გამოვლენით და სათანადო მკურნალობით.

(2)   ,,იმუნიზაციის“ სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს: (ა) იმუნიზაციის წარმოებისათვის საჭირო ვაქცინების და ასაცრელი მასა­ლების (შპრიცებისა და უსაფრთხო ყუთების) შესყიდვას, (ბ) სპეციფიკური (ბოტულიზმის, დიფტერიის, ტეტანუსის, გველის შხამის საწინააღმდეგო)  შრატების და ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინების სტრატეგიული მარაგის შესყიდვას; (გ)ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფას; (დ) ვაქცინების, ანტირაბიული სამკურნალო საშუალებების,  სპეციფიკური შრატებისა და ასაცრელი მასალების (შპრიცებისა და უსაფრთხო ყუთების) მიღებას, შენახვასა და გაცემა-განაწილებას „ცივი ჯაჭვის“ პრინციპების დაცვით ცენტრალური დონიდან რეგიონულ/რაიონულ ადმინისტრაციულ ერთეულებამდე; (ე) წითელას მასიური გავრცელების პრევენციისა და გლობალური ელიმინაციის სტრატეგიით განსაზღვრული ღონისძიებების ფარგლებში, მოსახლეობის არაიმუნურ ან არასრულად იმუნიზებულ ფენებში არაგეგმიური იმუნოპროფილაქტიკის წარმოება, ცენტრის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად.

იმუნიზაციის პროგრამა ითვალისწინებს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვას (25 000 დოზის ოდენობით), რაც 2016 წლის ჩათვლით ხორციელდებოდა „ეპიდზედამხედველობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. ვინაიდან, სტრატეგიული და პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ყველა ვაქცინის (გარდა გრიპის ვაქცინისა) შესყიდვა ასევე, გრიპის ვაქცინაციის მომსახურების (აცრა-ვიზიტის) ხარჯები ხორციელდება „იმუნიზაციის“ სახელმწიფო პროგრამით, ღონისძიებების ეფექტური კოორდინაციის მიზნით, მიზანშეწონილად ჩაითვალა გრიპის ვაქცინის შესყიდვაც განხორციელდეს ზემოაღნიშნული პროგრამის ფარგლებში.

 
(3)   ეპიდზედამხედველობის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს: (ა) ეპიდზედამხედველობის განხორციელებას და სამედიცინო სტატისტიკური სისტემის    მუშაობის უზრუნველყოფას: (ბ) იმუნიზაციით მოცვის გაუმჯობესებას საინფორმაციო სისტემისა და ლოჯისტიკის გამართული მუშაობის გზით: (გ) მუნიციპალური სჯდ ცენტრების მიერ სამოქმედო არეალზე მიმდინარე წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებებისთვის ეპიდზედამხედველობითი მხარდაჭერის უზრუნველყოფას; (დ) მალარიისა და სხვა პარაზიტული დაავადებების პრევენციისა და კონტროლის გაუმჯობესებას; (ე) მუნიციპალური სჯდ ცენტრებისთვის (51 ცენტრი) ინტერნეტ სერვისის ყოველთვიური ღირებულების ანაზღაურებას, დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტემის ფუნქციონირების მხარდასაჭერად.

ეპიდზედამხედველობის, იმუნიზაციისა და სამედიცინო სტატისტიკის ღონისძიებათა ფარგლებში მომსახურების დაფინანსების მიზნით,  სჯდ ცენტრისთვის ერთი თვის ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრა 695 ლარით (2016 წლის პროგრამით განსაზღვრულ 595 ლარს დაემატა 100 ლარი), რაც განპირობებულია სჯდ ცენტრების/სამსახურებისთვის მომსახურების მოცულობის გაფართოებით, რაც მოიცავს რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე არსებული სჯდ ცენტრებისთვის ნოზოკომიური ინფექციების ეპიდზედამხედველობას; ვირუსული დიარეების კვლევას;  გრიპის სეზონური გავრცელების პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას. ასევე, დამატებითი ღონისძიებების განხორციელებას, კერძოდ,  „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით, სჯდ ცენტრებს/სამსახურებს დაემატათ კანონით განსაზღვრული ფუნქციები. ასევე, საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში (სილამაზის სალონები)ინფექციური კონტროლის ღონისძიებების ზედამხედველობა, რომლებიც,თავის მხრივ, უკავშირდება ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას.

(4)   ,,უსაფრთხო სისხლის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში  გათვალისწინებულია: (ა) დონორული სისხლის კვლევა B და C ჰეპატიტზე, აივ-ინფექცია/შიდსსა და ათაშანგზე, (ბ) ხარისხის გარე კონტროლის და მონიტორინგის უზრუნველყოფა, (გ) სისხლის უანგარო, რეგულარული დონორობის მხარდაჭერისა და მოზიდვის ეროვნული  კამპანიის  განხორციელების  მიზნით  გასატარებელი ღონისძიებები, მათ შორის "უანგარო დონორთა მსოფლიო დღესთან" დაკავშირებული ღონისძიებების მხარდაჭერა.

პროგრამის ფარგლებში უანგარო დონაციების წახალისების მიზნით, განისაზღვრა დაფინანსების დიფერენცირებული მექანიზმი, კერძოდ: (ა) ნაცვლად 22 ლარისა ყველა ბანკს თითო დონაციაში მიეცეს 20 ლარი; (ბ) იმ შემთხვევაში, თუ ყოველი კვარტლის ბოლოს სისხლის ბანკს ექნება წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით უანგარო დონაციათა ხვედრითი წილი გაზრდილი 10%-ით, საანგარიშგებო კვარტალში შესრულებულ ყველა დონაციაზე მიეცეს დამატებით 2 ლარი; (გ) ყოველი კვარტლის ბოლოს,  თუ სისხლის ბანკს არ ექნება 10%-იანი მატება წინა წლის ხვედრით მაჩვენებელთან შედარებით, მაგრამ უანგარო დონაციათა ხვედრითი წილი შეადგენს არანაკლებ 40%-ს, დამატებით საანგარიშგებო კვარტალში შესრულებულ ყველა დონაციაზე მიეცეს დამატებითი 2 ლარი;

სისხლის უანგარო რეგულარული დონორობის მხარდაჭერისა და მოზიდვის ეროვნული კომპანიის განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების კომპონენტის ფარგლებში დაემატა ფოკუს ჯგუფების კვლევა (კერძოდ: დონორები, მოსახლეობა, სამედიცინო პერსონალი) დონორობის მოტივაციური ფაქტორების გამოსავლენად.

 (5)   ,,პროფესიულ დაავადებათა პრევენციის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს სხვადასხვა ტიპის საწარმოში დასაქმებულთა პროფესიული ჯანმრთელობის კვლევას მიზნობრივი ჯგუფების მიხედვით და გამოვლენილ პროფესიულ დაავადებათა დიაგნოზების აგრეგირებას მონაცემთა ბაზაში; სამუშაო ადგილებზე არსებული პროფესიული რისკების ინვენტარიზაციასა და შეფასებას; პროფესიული რისკფაქტორების პირველადი პრევენციის ღონისძიებათა კომპლექსისა და მავნე ფაქტორების ექსპოზიციის დონის შემცირების რეკომენდაციების შემუშავებას კონკრეტული საწარმოსათვის; დასაქმებულთა ჯანმრთელობის მონიტორინგის ოპტიმალური სქემისა და სამედიცინო შემოწმების პერიოდულობის განსაზღვრას მიზნობრივი ჯგუფების მიხედვით; საწარმოს ადმინისტრაციისა და დასაქმებულთა სწავლებას პროფესიული დაავადებების პრევენციის, პროფესიული რისკების შეფასებისა და კონტროლის მექანიზმების საკითხებზე; ქვეყნის მასშტაბით კონკრეტულ საწარმოებში არსებული პროფესიული რისკების ეპიდემიოლოგიური რუკისა და შესაბამისი მონაცემთა ბაზის ფორმირებას. ასევე, ევროასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებების შესასრულებლად, პროგრამით გათვალისწინებულია შესაბამისი საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის მომზადების კომპონენტი ექსპერტული მომსახურების შესასყიდად.

(6)   „ინფექციური დაავადებების მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სხვადასხვა ინფექციური ნოზოლოგიების დროს სტაციონარული მკურნალობის ანაზღაურება თანა­გადახდის პრინციპის გამოყენებით.

 
(7)   ,,ტუბერკულოზის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: (ა)ამბულატორიული მომსახურება, (ბ) ეპიდზედამხედველობა, (გ) ლაბორატორიული კონტროლი და ნახველის ლოჯისტიკა,  (დ) სტაციონარული მომსახურება, (ე) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებისთვის ტუბერკულოზის მართვის მიზნით მედიკამენტების, სხვა სახარჯი და დამხმარე მასალების შესყიდვა და გადაცემა, ვ) ტუბერკულოზის პროგრამის რეგიონული მართვა და მონიტორინგი, ზ) ტუბერკულოზის სამკურნალო პირველი რიგის მედიკამენტების (სრულად)და მეორე რიგის მედიკამენტების (სრული ღირებულების 25%-ის) შესყიდვა, მიღება და ტრანსპორტირება, თ) სენსიტიური და რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობაზე დამყოლობის გაუმჯობესების მიზნით, ფულადი წახალისების საშემოსავლო გადასახადისა და რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულთა ფულადი წახალისების დაფინანსება.

პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება სრულად და არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან. პაციენტებისთვის ანტიტუბერკულოზური მედიკამენტებისა და ტუბერკულოზის სადიაგნოსტიკო/სახარჯი მასალების ნაწილის უზრუნველყოფას ახორციელებენ დონორი ორგანიზაციები.

ტუბერკულოზის პროგრამის ფარგლებში მოსარგებლეებად განისაზღვრა საქართველოში მყოფი ბაქტერიაგამომყოფი (მგბ+) პირები მკურნალობის შედეგად აბაცილირების შემთხვევაშიც, ვინაიდან, მხოლოდ ბაქტერიაგამომყოფი ფორმის მკურნალობის შემთხვევაში (როგორც 2016 წლის პროგრამაში  იყო) აბაცილირების შემდგომაც არსებობს საზოგადოებისთვის საფრთხე რეზისტენტული ფორმის განვითარების გამო.

სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში გადაიხედა რეგიონის საწოლდღის განფასება (გაიზარდა 5 ლარით და ნაცვლად 40 ლარისა, გახდა 45 ლარი), რეალურად გაწეული ხარჯის და ამჟამად არსებული საშუალო საბაზრო ღირებულებების გათვალისწინებით, რაც საბიუჯეტო პარამეტრების ზრდის გარეშე, საშუალებას მოგვცემს ბენეფიციარებმა  პროგრამის  ფარგლებში მიიღონ გაუმჯობესებული სერვისი, ხოლო მედპერსონალს და მიმწოდებელ დაწესებულებებს ჰქონდეთ პროგრამაში მონაწილეობის გაზრდილი მოტივაცია.

 

(8)    ,,აივ-ინფექცია/შიდსის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იფარება შემდეგი სახის მომსახურებები: (ა) აივ-ინფექციაზე/შიდსზე მაღალი რისკის ჯგუფის პირთა ნებაყოფლობითი კონსულტაცია და ტესტირება; (ბ) აივ-ინფექციით/შიდსით დაავადებულთა უზრუნველყოფა ამბულატორიული მომსახურებით;  (გ) აივ-ინფექციით/შიდსით დაავადებულთა უზრუნველყოფა სტაციონარული მკურნალობით; დ) აივ-ინფექცი/შიდსის სამკურნალო პირველი და მეორე რიგის მედიკამენტების შესყიდვა, მიღება და ტრანსპორტირება. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება სრულად და არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან. პაციენტებისთვის აივ-ინფექციის/შიდსის სამკურნალო მედიკამენტებისა და აივ-ინფექციის/შიდსის სადიაგნოსტიკო/სახარჯი მასალების ნაწილის უზრუნველყოფას ახორციელებენ დონორი ორგანიზაციები.

,,აივ-ინფექცია/შიდსის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანტირეტროვირუსული მედიკამენტების მიმღებად განისაზღვრა  საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი.

(9)   დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 2014 წლის საქართველოს მონაცემებით 100 000 ცოცხალშობილზე 20 თანდაყოლილი სიფილისი დარეგისტრირდა. შესაბამისად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გარკვეული ღონისძიებების გათვალისწინება სიფლისის ტრანსმისიის საწინააღმდეგოდ. კერძოდ, ემატება განმეორებითი სკრინინგი მესამე ვიზიტისას (ორსულობის 30-ე-32-ე კვირებზე) სიფილისზე; ასევე, სიფილისის მკურნალობის ღონისძიებები.

(10) ნარკომანიის სახელმწიფო პროგრამას 2017 წლის 1 ივლისიდან  ემატება "აივ-შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის" პროექტის დაფინანსებით განხორციელებული ღონისძიებები. მათ შორის,  ოპიოიდებზე დამოკიდებულ პირთა მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის (მჩთ) კომპონენტის 800-მდე პაციენტი, ასევე, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისი, რაც 3 დღის სარეაბილიტაციო ცენტრის ბაზაზე ხორციელდება (ერთდროულად 100 ბენეფიციარის უზრუნველყოფა).

გლობალური ფონდის პროგრამების დაფინანსების მოდელი და ბენეფიციართა კატეგორია არ ემთხვევა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მჩთ სერვისის დაფინანსების პრინციპებს (გლობალური ფონდის მჩთ პროგრამები სრულად ფარავს მომსახურების ხარჯებს, მაშინ როცა სახელმწიფო პროგრამა თანადაფინანსებით მიმდინარეობს და გამორიცხავს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ სერვისის მიღების შესაძლებლობას).

მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაზრდის მიზნით, არსებული მომსახურების ფარგლებში, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბენეფიციართათვის  თანაგადახდის პრინციპის გაუქმების თაობაზე, რაც გამორიცხავს გლობალური ფონდის პროგრამების პაციენტთა პოზიტიურ დისკრიმინაციას, ხელს შეუწყობს ბენეფიციართა ჩართულობას სამკურნალო პროცესში, და დადებითად აისახება ქვეყნის იმ  მიზნების განხორციელებაზე, რასაც ითვალისწინებს ნარკომიასთან ბრძოლისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო სტრატეგიები.

ამავე დროს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს (იმ პირებს, რომლებიც გამომგზავრების მომენტისთვის იმყოფებოდნენ მეთადონით ჩანაცვლებით თერაპიაზე),  მიეცათ უფლება  მიიღონ მეთადონის ჰიდროქლორიდი სახელმწიფო პროგრამის სერვის-ცენტრებში.

გარკვეულად შეიცვალა ასევე, ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი დარღვევების კომპონენტი. კერძოდ, დაკორექტირდა ნოზოლოგიური კოდები  და  დიაგნოზებზე, რომლებიც პაციენტის სიცოცხლისა და საკუთარი თუ გარშემომყოფთა უსაფრთხოების მაღალი რისკის მატარებელია (ალკოჰოლური აღკვეთის მდგომარეობა დელირიუმით F10.4 მწვავე ფსიქოზური აშლილობა F10.5, აღკვეთის მდგომარეობა გულყრებით  F10.31) გათვალისწინებულ იქნა პაციენტთა ფინანსური ტვირთის მინიმიზაცია. კერძოდ, თანაგადახდის წილი 30%-იდან შემცირდა 10%-მდე.

(11)    ,,ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა მოიცავს (1)თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერებას, (2) ჯანსაღი კვების შესახებ განათლებასა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, (3) ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობას, (4) C ჰეპატიტის პრევენცია და მოსახლეობის განათლების ხელშეწყობას, (5) ჯანმრთელობის ხელშეწყობის პოპულარიზაცია და გაძლიერებას, ასევე (6) ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობა და ნივთიერება დამოკიდებულების პრევენციას.

 

(12)ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა მოიცავს ამბულატორიულ (ამბულატორიული მომსახურება, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობა, ფსიქიატრიული კრიზისული ინტერვენცია, თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება) და სტაციონარულ მომსახურებას (ბავშვთა და მოზრდილთა სტაციონარული მომსახურება, ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტი).

 

პროგრამის ფარგლებში შეიცვალა სტაციონარული მომსახურების დაფინანსების მექანიზმი. კერძოდ, ბიუჯეტი განისაზღვრა დაწესებულებების მიხედვით გლობალური ბიუჯეტის სახით. ცალკეული დაწესებულების ბიუჯეტის გათვალისას გათვალისწინებულ იქნა ფაქტობრივად დატვირთული საწოლების (მ.შ. მწვავე და ქრონიკული ცალ-ცალკე) რაოდენობა, ასევე დიფერენცირებული მიდგომით დაითვალა მწვავე (შემთხვევის თვის ღირებულება განისაზღვრა 690 ლარით, საწოლზე საშუალო დაყოვნების მაჩვენებელი განისაზღვრა არაუმეტეს 2 ერთეულით) და ქრონიკული შემთხვევები (საწოლდღის ფასი განისაზღვრა 19 ლარით).

აღნიშნული მექანიზმით მიღებული მწვავე და ქრონიკული თვიური ბიუჯეტები შეიკრიბა დაწესებულებების მიხედვით და განისაზღვრა დაწესებულებების გლობალური ბიუჯეტები. ამასთან, არანებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი მსჯავრდებულების დაცვით უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის შესაბამისი სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებას ემატება ყოველთვიურად 36 185 ლარი. ჯამურად სტაციონარის ბიუჯეტმა შეადგინა 11 476 848 ლარი.

 

პროგრამის სხვა კომპონენტების ფარგლებში ნარჩუნდება 2016 წელს არსებული ბიუჯეტები. აღნიშნული მექანიზმი 2017 წელს მოგვცემს ბიუჯეტის გარკვეულად ეფექტური ხარჯვის შესაძლებლობას.

(13)    „დიაბეტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამა მოიცავს „შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურების“, „სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარების“ და „შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებული მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ კომპონენტებს.

„შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურების“ კომპონენტში გაიზარდა  ერთი მოსარგებლისათვის განკუთვნილი სამედიცინო ვაუჩერის ღირებულება, ვაუჩერის ღირებულების ზრდა განპირობებულია სავალუტო კურსის ცვალებადობით, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ვაუჩერის ფარგლებში გათვალისწინებული საანალიზო-ტექნიკური საშუალებების შესყიდვაზე. შესაბამისად, პაციენტთათვის სერვისის შეუფერხებლად მიწოდების მიზნით, მიზანშეწონილად ჩაითვალა, ვაუჩერის ღირებულების ზრდა

(14) „ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამა მოიცავს ონკოჰემატო­ლოგიური დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიულ და სტაციონარულ მკურნალობას.


(15)    ,,დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია (ა) ჰემო- და პერიტონეული დიალიზით უზრუნველყოფა, (ბ) თირკმლის ტრანსპლანტაციის ოპერაციების ანაზღაურება და (გ) ორგანოგადანერგილთა იმუნოსუპრესული მედიკამენტებით უზრუნველყოფა.

2015 წელს ჰემოდიალიზის კომპონენტის ფარგლებში სისხლძარღვოვანი მიდგომით უზრუნველყოფა გამოტანილ იქნა ცალკე კომპონენტად, ცენტრალიზებული შესყიდვის გზით, და ბიუჯეტის გათვლა განხორციელდა დაწესებულებების მიერ მოწოდებული, მათ მიერ შესრულებული ისტორიული მონაცემების გათვალისწინებით. თუმცა, აღნიშნულ მონაცემებთან შედარებით, 2015 წელსვე დაფიქსირდა შემთხვევათა მნიშვნელოვანი ზრდა.

2016 წელს ბიუჯეტი განისაზღვრა 234 000 ლარით. კომპონენტის ფარგლებში შესრულება გართულებულია ბენეფიციართა გაზრდილი რაოდენობის და შესაბამისად რიგების გამო.  ერთი შემსრულებლის ფარგლებში სერვისის მიწოდება ვერ ხორციელდება დროულად, ასევე ფიქსირდება უკმაყოფილება ოპერაციების ხარისხთან მიმართებით

აღნიშნული პრობლემებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული სერვისის მიწოდება შესასრულებლად დაუბრუნდეს დაწესებულებებს და არსებული საბიუჯეტო რესურსის ფარგლებში, ჰემოდიალიზის სეანსის ღირებულებას სერვისის უზრუნველსაყოფად დაემატოს შესაბამისი ფინანსური რესურსი.

 
(16)    „ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის“ სახელმწიფო პროგრამა მოიცავს (ა) „ინკურაბელურ პაციენტთა ამბულატორიული პალიატიური მზრუნველობის“, (ბ) „ინკურაბელურ პაციენტთა სტაციონარული-პალიატიური მზრუნველობის და სიმპტომური მკურნალობის“ და (გ) „ინკურაბელურ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ კომპონენტებს.

 
(17)    „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის“ სახელმწიფო პროგრამა მოიცავს: (ა) 18 წლამდე იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების ამბულატორიულ ზედამხედველობას, (ბ) იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ 18 წლამდე ასაკის პაციენტთა სტაციონარულ მკურნალობას, (გ) ჰემოფილიით და სისხლის შედედების სხვა მემკვიდრული პა­თო­ლოგიებით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას, (დ) ჰემოფილიით, მუკოვისციდოზით, ფენილკეტონურიით, იუვენილური რევმატოიდული ართრიტით (18 წლამდე),  დიდი თალასემიით, ზრდის ჰორმონის საჭიროების და ბრუტონის დაავადების (18 წლამდე) მქონე პაციენტების სპეციფიური მედიკამენტებით უზრუნველყოფას.

(18)სასაწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირების პროგრამით განსაზღვრული მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე, რეფერალური დახმარების ეფექტური და დროული  განხორციელების  მიზნით,  საჭიროა მომსახურების მომწოდებელი რეანიმობილების ჩართვა ცენტრალიზებულად მართულ ერთიან GPS სისტემაში, შესაბამისად მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული სამედიცინო ტრანსპორტირების კომპონენტს დაემატოს ქვეკომპონენტი - „რეფერალური დახმარების მართვა - რეფერალური დახმარების მიწოდების ორგანიზებისათის ერთიანი ცენტრალიზებული თავსებადი ფუნქციონირების და GPS სისტემის ტექნიკური მართვის უზრუნველყოფა“; კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრა 40,000 ლარით; რეფერალური დახმარების მიმწოდებელ დაწესებულებებს (კატასტროფის სამსახურებს) განესაზღვრათ ზემოაღნიშნული კომპონენტით შესყიდულ ერთიან ცენტრალიზებულ თავსებად GPS სისტემაში ჩართვის და ასევე, შემთხვევის შესახებ ინფორმაციის შემთხვევის დასრულებიდან არა უგვიანეს 24 სთ-ში „კატასტროფების მართვის ელექტრონულ პროგრამაში“ სრულად ასახვის ვალდებულება.

სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების (35 03 03 07 02) კომპონენტის ერთ-ერთი ქვეკომპონენტია „სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტიდან კოორდინაციის საფუძველზე მომსახურების გაწევა“, რაც რიგ შემთხვევებში რეგულირდება სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიებების განხორციელებისათვის გამოცემული შესაბამისი ნორმატიული აქტებით, აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული  სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების (35 03 03 07 02) კომპონენტის .ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის კოორდინაციისა და  მოთხოვნის საფუძველზე (.. შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიებების განხორციელებისათვის), სსდ ცენტრის შესაძლებლობების ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე, საჭირო მომსახურების უზრუნველყოფა“.

საგანგებო სიტუაციებისა და სპეციალური ოპერაციების დროს მაღალი ხარისხის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების მიწოდებისათვის აუცილებელია კრიტიკული მედიცინის ბრიგადები დაკომპლექტებული იყვნენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რაც პერმანენტულად მოითხოვს სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალის უწყვეტ პროფესიულ განათლებას, აქედან გამომდინარე მიზანშეწონილია სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების (35 03 03 07 02) კომპონენტის „საგანგებო სიტუაციებისა და სპეციალური ოპერაციების დროს სასწრაფო სამედიცინო მომსახურების მიწოდებისათვის მზაობის უზრუნველყოფა/შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო ბრიგადის თანხლება და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის“ ქვეკომპონენტს დაემატოს -  „საჭიროების შემთხვევაში – სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალისათვის უწყვეტი განათლების უზრუნველყოფა“. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამედიცინო ტრანსპორტირების (35 03 03 07 01) კომპონენტის „საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების ხელმძღვანელთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების“ ქვეკომპონენტით და „რეფერალური მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამის „საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა და მათი ოჯახის წევრთა გეგმური სამედიცინო დახმარების ხარჯების ანაზღაურების“ ქვეკომპონენტით განსაზღვრული მომსახურებათა განსაკუთრებული სპეციფიკიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს მაღალი სტანდარტის  სამედიცინო სერვისის მიწოდების  აუცილებელობას; სათანადოდ აღჭურვილი, თანამედროვე ტიპის რეანიმობილებითა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული კრიტიკული მედიცინის ბრიგადებით მომსახურებას, დაუყოვნებელი სერვისის მიწოდების მზაობით 24/7 რეჟიმში და ოპერირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ყოველთვიურად უშუალოდ სერვისის მიწოდება შესაძლოა არც განხორციელდეს, თუ არ შეიქმნა საჭიროება,  თუმცა მისთვის მზადყოფნა მუდამ უნდა არსებობდეს, არსებული ადამიანური და ფინანსური რესურსების უფრო ხარჯთეფექტურად გამოყენების მიზნით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული აღნიშნული ორი ქვეკომპონენტისსასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების“ (35 03 03 07 02) კომპონენტში გადმოტანა, შესაბამისი (კომპონენტისთვის განსაზღვრული) ბიუჯეტის ცენტრის ბიუჯეტზე დამატების პირობებში:

  •  სასწრაფო სამედიცინო მომსახურების მიწოდებისათვის მზაობის უზრუნველყოფა;
  • საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთათვის  შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო ბრიგადის თანხლება;
  • საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების ხელმძღვანელთათვის, დელეგაციის წევრებისა და თანმხლებ პირთათვის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო ბრიგადის თანხლება და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა;
  • საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა და მათი ოჯახის წევრთა, საქართველოს ტერიტორიაზე, გადაუდებელი და გეგმური სამედიცინო მომსახურების (.. საქართველოში რეგისტრირებული მედიკამენტების) ხარჯების ანაზღაურება. ამასთან, სსდ ცენტრის მიერ აღნიშნული ბენეფიციარებისათვის თანხის ანაზღაურება განხორციელდება წარმოდგენილი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.
გარდა ამისა, სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების (35 03 03 07 02) კომპონენტის „ბრიგადის მიერ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის“ ქვეკომპონენტის ფარგლებში დაზუსტდა ექიმის და ექთნის მინიმალური ხელფასი

(19)    „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამა  მოიცავს „პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“, „სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდების“, „შიდა ქართლის სოფლების ამბულატორიული ქსელის ხელშეწყობის და განვითარებისა“ და „სპეცდაფინანსებაზე მყოფი რიგი სამედიცინო დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით, დამატებითი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფის“ კომპონენტებს.
წერილობითი მომართვების გახილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე, პროგრამის არსებული საბიუჯეტო რესურსის ფარგლებში დაკორექტირდა/გადანაწილდა შპს „შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის“ თვიური ბიუჯეტი. ხოლო, შპს „ახალგორის რაიონული პოლიკლინიკისთვის“  ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნა ექიმ-ფტიზიატრის და ფტიზიატრის მედდის მომსახურების ანაზღაურება ამავე დადგენილების ტუბერკულოზის მართვის პროგრამით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად.

 

  

 

(20) „რეფერალური მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამა შედგება ოთხი კომპონენტისგან: ა) სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ  მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა შემთხვევების დროს მოსახლეობის  სამედიცინო დახმარების კომპონენტი; ბ) ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევის კომპონენტი; გ) მსჯავრდებულთა კომისიური შემოწმების უზრუნველყოფის კომპონენტი.

 

 

საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა და მათი ოჯახის წევრთა გეგმური სამედიცინო დახმარების ხარჯების ანაზღაურებ“ კომპონენტი თავისი ბიუჯეტით (310,000 ლარი) გადავიდა „სასწრაფო გადაუდებელი დახმარების და სამედიცინო ტრანსპორტირების“ სახელმწიფო პროგრამის სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების“ (35 03 03 07 02) კომპონენტში. 


(21)     „სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმების“ სახელმწიფო პროგრამა მოიცავს სამხედრო ძალებში გასაწვევ პირთა ამბულატორიულ შემოწმებას და სამხედრო ძალებში გასაწვევ პირთა დამატებით სამედიცინო გამოკვლევებს.   მომსახურების მიწოდება ხორციელდება  საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შე­საბამისად.

   პროექტის დაფინანსება განხორციელდება „საქართველოს 2017  წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

        თქვენი თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაავალოთ იურიდიულ დეპარტამენტს სამართლებრივი ექსპერტიზისა და პროექტის შემდგომი მსვლელობის უზრუნველყოფა.

 

                პატივისცემით, 

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ზაზა სოფრომაძე