KA030101201545817

№ 01-8518 25 / აპრილი / 2017 წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს
ბატონ დავით სერგეენკოს
მინისტრის მოადგილის
ზაზა სოფრომაძის
მოხსენებითი ბარათი

ბატონო დავით,

წარმოგიდგენთ „2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის N638 დადგენილების ცვლილების პროექტს.

აღნიშნული დადგენილების ცვლილების პროექტის მომზადების საფუძველს წარმოადგენს:

ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ახალი პროექტის, ,,ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის“ დამატება.

            მოგეხსენებათ, არაგადამდები დაავადებები მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს გლობალური ჯანმრთელობისათვის. არაგადამდები დაავადებების ავადობისა და სიკვდილიანობის მზარდი ტენდენცია მძიმე ტვირთად აწვება მოსახლეობასა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემას. შესაბამისად, ხელშემშლელი ფაქტორია გლობალური, სოციალური და ეკონომიკური განვითარებისათვის.

     ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2014 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სიკვდილობის 94% გამოწვეულია არაგადამდები დაავადებებით. ამასთან, საერთო სიკვდილიანობის 69% მოდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე,  1% - დიაბეტზე, 4% - ქრონიკულ რესპირაციულ და 6% სხვა არაგადამდებ დაავადებებზე.

        ,,საქართველოში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის“ სამიზნეს 2020 წლისთვის წარმოადგენს: არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილის შემცირება, ძირითადი არაგადამდები დაავადებების მკურნალობისათვის საჭირო  მედიკამენტებზე, მათ შორის ჯენერიკებზე, 80%-იანი ხელმისაწვდომობა, მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის პრევენციისათვის სამიზნე პოპულაციის სულ მცირე 50%-ის უზრუნველყოფა მედიკამენტოზური მკურნალობით, ხოლო სტრატეგიულ ამოცანათა შორის დაფიქსირებულია არაგადამდებ დაავადებათა სამედიცინო მომსახურებასა და მის მედიკამენტურ მკურნალობაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

    ამ მიზნით, შემუშავდა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის პროექტი. სამიზნე პოპულაციად შეირჩა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ქულას (დაახლოებით 670 000 ადამიანი). 

      მედიკამენტების სახეობისა და დოზების შერჩევა მოხდა იმ ესენციური მედიკამენტების ნუსხიდან, რომლებიც თანამედროვე კლინიკური რეკომენდაციებით გამოიყენება აღნიშნული დაავადებების ქრონიკული მედიკამენტური მკურნალობისათვის (მონოთერაპიაში, კომბინაციებში და მაღალი ეფექტურობის მედიკამენტურ ნაკრებებში) რუტინულ ამბულატორიულ კლინიკურ პრაქტიკაში.       გადათვლებისას დაშვებულია მედიკამენტების მაღალი უტილიზაცია - 80%. მედიკამენტების გამოყენებას შეზღუდავს ძირითადი უკუჩვენებები, მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები, წამლის აუტანლობა - ჯამში ბენეფიციართა 20%-ში. დამყოლობის მაჩვენებლად, სხვადასხვა კვლევასა და საერთაშორისო გაიდლაინზე დაფუძნებით, სხვადასხვა დაავადებების შემთხვევაში აღებულ იქნა 60-90%. საშუალო დღიური დოზა შეესაბამება მიზნობრივი დაავადებების ხანგრძლივი მედიკამენტური მართვისთვის რეკომენდებულ დოზებს. ფასის დადგენისთვის შერჩეულია სააფთიაქო ქსელში დღეს არსებული ჯენერიკული მედიკამენტის მომწოდებელი ევროპული ფარმაცევტული კომპანიების მედიკამენტებზე დადგენილი ფასები.

მოსარგებლეებისათვის გათვალისწინებულია მომსახურების ღირებულების გადახდა მედიკამენტ(ებ)ის თითოეული გატანისას, გატანილი მედიკამენტ(ებ)ის ღირებულების 10%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 0,05 ლარის (5 თეთრი) და არაუმეტეს 1 (ერთი) ლარისა.

ბენეფიციარებისათვის მიწოდებული მედიკამენტების ხარისხის უზრუნველსაყოფად, პროექტით განსაზღვრულია შესასყიდი ფარმაცევტული პროდუქტის სავალდებული მახასიათებლები, მათ შორის „სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სიის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის N188 დადგენილებით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილება, ან WHO-ს პრეკვალიფიცირებული ლაბორატორიის მიერ ფარმაცევტული პროდუქტის თითოეულ ჯერზე მოსაწოდებელი ფარმაცევტული პროდუქტის კონკრეტულ სერიაზე გაცემული  ხარისხის სერთიფიკატი/ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, რომელიც უნდა ადასტურებდეს, რომ შემოთავაზებული ფარმაცევტული პროდუქტი აკმაყოფილებს მწარმოებლის სპეციფიკაციით განსაზღვრულ ყველა მოთხოვნას.

 პროექტის განსახორციელებლად წლის ბოლომდე საჭირო ბიუჯეტი შეადგენს 3 360 000 ლარს.

პროექტის დაფინანსება განხორციელდება „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო  ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების, კერძოდ ,,C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამით“  დაზოგილი რესურსის ფარგლებში  და იგი არ არის დაკავშირებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფასთან.

გთხოვთ, თქვენს გადაწყვეტილებას.

თქვენი თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაავალოთ იურიდიულ დეპარტამენტს სამართლებრივი ექსპერტიზისა და პროექტის შემდგომი მსვლელობის უზრუნველყოფა.


პატივისცემით,

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ზაზა სოფრომაძე