| From : | Lana Tsanava <l.tsanava@mia.gov.ge> |
| To : | eadamia@moh.gov.ge |
| Subject : | ბრძანება №01 -41/ნ |
| Cc : | adarakhvelidze@mia.gov.ge |
| Received On : | 06.08.2020 16:23 |
მოგესალმებით, ქალბატონო ეკა,
გიგზავნით „ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01 -41/ნ ბრძანებაში შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის შესაბამისი ცვლილებების საჭიროების შესახებ ინფორმაციას.
კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტში ფუნქციონირებს სამედიცინო მომსახურების სამსახური, სადაც ხელშეკრულებით დასაქმებული სამედიცინო პერსონალი მომსახურებას უწევს ქვეყნის მასშტაბით 24 იზოლატორში მოთავსებულ პირებს. სამსახურის თანამშრომლებს გააჩნიათ სამედიცინო განათლებისა და შესაბამისი სპეციალობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერთიფიკატი (ზოგადი პროფილის ექიმი, შინაგანი სნეულებები ან/და საოჯახო მედიცინა).
ექიმების სამუშაო გრაფიკი განსხვავდება იზოლატორების მიხედვით, კერძოდ, ზოგიერთ იზოლატორში ექიმები მუშაობენ 24 საათიან ცვლებში, ხოლო იზოლატორების ნაწილში სამუშაოს გამოძახების რეჟიმში ასრულებენ. რაც შეეხება პაციენტებს, იზოლატორში მოთავსებული პირების დაყოვნების პერიოდი საშუალოდ 2 დღეს მოიცავს.
იზოლატორში დასაქმებული ექიმები ახორციელებენ შემდეგი სახის სამედიცინო მომსახურებას:
1. დაკავებული პირის იზოლატორში მოთავსებისას პირველადი სამედიცინო შემოწმება, რაც გულისხმობს მოსათავსებელი პირის გამოკითხვას, ანამნეზის შეკრებას, ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას, ანამნეზის საფუძველზე პირველადი/სავარაუდო დიაგნოზის დადგენას, სხეულზე არსებული დაზიანებების აღწერას;
2. დაკავებული პირის იზოლატორიდან გაყვანისას განმეორებითი სამედიცინო შემოწმება, რაც გულისხმობს მოთავსებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას, სხეულზე არსებული დაზიანებების აღწერას;
3. დაკავებული პირის იზოლატორში ყოფნის პერიოდში, კომპეტენციის ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება, რაც გულისხმობს სიმპტომურ მკურნალობას და საჭიროების შემთხვევაში პირველად გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.
ნებისმიერი სხვა სახის სამედიცინო მომსახურების საჭიროებისას, ხდება პირის სამოქალაქო სექტორის დაწესებულებაში რეფერირება, მაგალითად, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევებისთვის, ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციებისთვის და სხვა.
იზოლატორებში მხოლოდ შეზღუდული ტიპის მომსახურებების გაწევის, ასევე მოთავსებულ პირთა დაყოვნების გათვალისწინებით, სამედიცინო პუნქტებში ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის უმეტესი ნაწილი შეუვსებელი დარჩება, კერძოდ, არ შეივსება შემდეგი დოკუმენტები:
· „იმუნიზაციის ცხრილი“ – ფორმა № IV-200–1/ა (დანართი №2);
· „დასკვნითი დიაგნოზების ცხრილი“ – ფორმა № IV-200–3/ა (დანართი №4);
· „კლინიკურ–დიაგნოსტიკური გამოკვლევის შედეგების“ – ფორმა № IV-200–6/ა (დანართი №7);
· „სამედიცინო ჩარევის ოქმი“ – ფორმა № IV-200–7/ა (დანართი №8);
· „ანტე/პერინატალური ანამნეზი“ – ფორმა № IV-200–9/ა (დანართი №10);
· „გეგმიური მეთვალყურეობის ფორმა“ – ფორმა № IV-200–10/ა (დანართი №11);
ზემოაღნიშნული მოცემულობის გათვალისწინებით, ასევე ვერ მოხდება ლაბორატორიული გამოკვლევების ჟურნალი – ფორმა № IV-200–11/ა (დანართი №12), ამბულატორიული პაციენტის რეგისტრაციის ჟურნალი – ფორმა № IV-200–12/ა (დანართი№13), ამბულატორიული პაციენტის ვიზიტების და ბინაზე/ადგილზე გამოძახების რეგისტრაციის ჟურნალის – ფორმა № IV-200–13/ა (დანართი№14) ჟურნალების წარმოება.
ამავდროულად, ვინაიდან იზოლატორში წარმოებს ,,იზოლატორში მოსათავსებელი/მოთავსებული პირის სამედიცინო შემოწმების ფორმა“, რომელიც შემუშავებულია სტამბოლის პროტოკოლის სტანდარტების შესაბამისად და სადაც სრულყოფილად ხდება ძალადობის/სექსუალური ძალდოსბის დოკუმენტირება, არ დგას ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის „გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობის/სექსუალური ძალადობის დოკუმენტირების“ – ფორმა №IV-200-5/ბ (დანართი №61) და „ბავშვის მიმართ ძალადობის/სექსუალური ძალადობის დოკუმენტირების“ - ფორმა №IV-200-5/გ (დანართი №62), შევსების საჭიროება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტისთვის მოხდეს ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათისგან ნაწილობრივ განსხვავებული დანართების დამტკიცება №01 -41/ნ ბრძანებაში.
თქვენი თანხმობის შემთხვევაში წარმოგიდგენთ შესაბამისი ცვლილების პროექტს.
პატივისცემით,
ლანა ცანავა
შსს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე