| From : | Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge> |
| To : | etikaradze@moh.gov.ge |
| Subject : | ინფექციური პათოლოგიის ცენტრი |
| Cc : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge> |
| Received On : | 28.03.2020 16:46 |
ქალბატონო ეკატერინე,
მოგეხსენებათ, როგორი ძნელია შვიდი წელი „ჯაყოს ხიზნების“ მდგომარეობაში ყოფნა, მაგრამ ათასჯერ უფრო ძნელია, როცა საიჯარო ხელშეკრულების არქონის გამო, ხიზნების უფლებებითაც კი ვერ სარგებლობ. მუშაობა გიწევს გადახდილ ჭერქვეშ და წვიმის დროს სველდები, არა გაქვს ცხელი წყალი, არ ფუნქციონირებს კანალიზაცია და მისი შეკეთების უფლებაც კი არა გაქვს, აყრილია იატაკი, ჩამონგრეულია კედლები, არა გაქვს უფლება მოაწყო სამრეცხაო (დანგრეული სამრეცხაოს შენობის ნაცვლად), არა გაქვს უფლება დაამონტაჟო და აამოქმედო წელიწადნახევრის წინ შეძენილი კომპიუტერული ტომოგრაფი და სხვა ძვირდაღირებული (2.5 მილიონი ლარის) მაღალტექნოლოგიური აპარატურა. იმის გამო, რომ სარეცხის რეცხვიდან დაწყებული ავადმყოფების ყველანაირი გამოკვლევებით დამთავრებული, ყველაფრის გაკეთება კლინიკის გარეთ გვიწევს, ცენტრის მთელი შემოსავალი ამაზე მიდის, რის გამოც ჩვენი ექიმების ხელფასი მხოლოდ 460 (ოთხას სამოცი) ლარია და კიდევ ყველას ყველაფერი უნდა ვეხვეწოთ, რომ უარი არ გვითხრან.
ყველა ბედნიერებასთან ერთად სამინისტრომ სასამართლოშიც გვიჩივლა და თან თავისივე ჩადენილი დანაშაულისთვის (პროცესი ა.წ. 7 აპრილს არის დანიშნული).
გასაგებია, რომ ჩვენ ადამიანებად არ გვთვლით, მაგრამ 5 ათასამდე აივ/შიდსით ავადმყოფი და ათასობით C ჰეპატიტით ავადმყოფი მაინც არ გეცოდებათ? (კორონავირუსით ავადმყოფებზე აღარაფერს ვამბობთ).
მოკლედ, ფაშისტები არ ექცეოდნენ გეტოებში ადამიანებს ისე, როგორც ჩვენ ჩვენი სამინისტრო და სახელმწიფო გვექცევა.
ჩვენ ათასჯერ გთხოვეთ, რომ ან მიგეღწიათ შეთანხმებისთვის შპს „ავერსი-ფარმასთან“ ან თუ ამის გაკეთება არ შეგეძლოთ ან არ გინდოდათ, ამის შესახებ პირდაპირ გეთქვათ და ჩვენ თავს მივხედავდით. როდემდე შეიძლება ეს სადომაზოხიზმი გაგრძელდეს?
ჩვენ აგრეთვე არაერთგზის მოგმართეთ წერილობით ზოგიერთ სხვა პრობლემასთან დაკავშირებით: აივ/შიდსის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის და დეცენტრალიზაციის მიზნით ახალი სერვის ცენტრების გახსნა ქვეყნის ქალაქებსა და რაიონებში (თელავი, გორი, ახალციხე და სხვ.), მაგრამ უშედეგოდ, რის გამოც საგანგებო მდგომარეობის პირობებში აივ/შიდსით პაციენტები ვეღარ ახერხებენ მედიკამენტების წასაღებად რეგიონებიდან ჩვენს ცენტრში ჩამოსვლას, რაც მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის; გთხოვეთ აგრეთვე დახმარება აივ/შიდსით ავადმყოფებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან იმ მედიკამენტების შეძენაზე, რომლებიც არ არის რეგისტრირებული ჩვენს ქვეყანაში და არ მოიპოვება ქვეყნის ბაზარზე და ამ მედიკამენტების არქონის გამო აივ/შიდსით ავადმყოფთა სიკვდილობა მკვეთრად გაიზრდება; ასევე გთხოვდით აღგეკვეთათ უხეში დისკრიმინაცია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მხრიდან და სხვ., მაგრამ ყველაფერი უშედეგოდ.
სამინისტრო პრინციპულად არ აფორმებს საიჯარო ხელშეკრულებას „ავერსი-ფარმასთან“, რისი გაკეთებაც დიდი ხნის წინ შეიძლებოდა და ახლა მითუმეტეს ადვილი იყო. არ ჩქარობს ცენტრისთვის ახალი შენობის გადაცემის ხელისშეწყობას. არანაირი მატერიალური ან სხვა სახის დახმარება არ გაუწევია ცენტრისთვის, არც კი უკითხავს ვინმეს რამე გვიჭირდება, თუ არა და ა.შ. ამ სიტუაციაში ჩვენი თხოვნა იქნება, იქნებ რამოდენიმე ტაშტი მაინც მოგვაწოდოთ, რათა იმ ადგილებზე დავალაგოთ, სადაც წვიმის დროს წყალი ჩამოდის.
ჩვენთვის ვინმეს რომ ეთქვა, რომ სამინისტროს ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ, სისხლის სამართლის დამნაშავე ბ-ნი სერგეენკო სანატრელი გაგვიხდებოდა, გიჟად ჩავთვლიდით. ის კაცი ცენტრისთვის დროდადრო რაღაცას მაინც აკეთებდა და თან ბოდიშებს მაინც იხდიდა.
პატივისცემით,
თენგიზ ცერცვაძე