From : Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge>
To : etikaradze@moh.gov.ge
Subject : ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი
Cc : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge>
Received On : 10.07.2020 19:55

ქალბატონო ეკატერინე,  

 

მოგახსენებთ, რომ დღევანდელმა შეხვედრამ  ჩვენზე ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა იმიტომ, რომ თითქმის დადასტურდა ის, რაზეც ადრე მხოლოდ ვეჭვობდით და არ გვინდოდა დაგვეჯერებინა.

 

თქვენს მიმართ გულწრფელად უდიდესი პირადი სიმპათიის და პატივისცემის მიუხედავად, ცენტრის მიზანმიმართულ განადგურებას ვერ შევეგუებით.

 

ვინ დაიჯერებს იმ ზღაპარს, რომ სამინისტრომ სურვილის შემთხვევაში ვერ მოახერხა ბ-ნ კურტანიძესთან იჯარის გაფორმება. ან იმას ვინ დაიჯერებს, რომ ვერ გამოიძებნა შიდსის ცენტრისთვის მართლა სასიცოცხლო მნიშვნელობის (ვენტილაცია, ჟანგბადი, კანალიზაცია და სხვ.) სარემონტო სამუშაოებისთვის 250 ათასი ლარის გამოყოფის მექანიზმი (დანარჩენს „თბილავიამშენი“ იხდის) მაშინ, როცა მთელი მსოფლიო მობილიზებულია COVID-19-თან საბრძოლველად და პატარა საქართველოშიც კი ამაზე მილიონები იხარჯება და უპრეცედენტო (მათ შორის არაპოპულარული) გადაწყვეტილებების მიღებასაც არ ერიდებიან და როცა სწორედ COVID-19-თან საბრძოლველად უამრავი საერთაშორისო დახმარება და ფონდი მოქმედებს. გარდა ამისა ხომ აქვს სამინისტროს მშენებლობის, რეაბილიტაციის და აღჭურვის პროგრამა თავისი თანხით.  თუ შიდსის ცენტრისნაირ დაწესებულებას ვენტილაციას და ჟანგბადს არ გაუკეთებ და/ან სუნთქვის აპარატს ან PCR ანალიზატორს და სხვ. არ უყიდი, მაშინ რომელი კლინიკური სექტორის გაძლიერებასა და მომზადებაზეა ლაპარაკი. შეგახსენებთ, რომ შიდსის ცენტრმა მიუხედავად უპრეცედენტოდ საშინელ პირობებში მუშაობისა, გაატარა ყველაზე მეტი  - 241 ავადმყოფი, ჰყავს მხოლოდ ერთი გარდაცვლილი და ყველაზე მეტი გამოჯანმრთელებული. სხვა კლინიკებისგან განსხვავებით არ ჰყავს არცერთი დაინფიცირებული მედ. პერსონალი და რომელმაც დიდი წარმატებით გაუწია ორგანიზება ქვეყნის მასშტაბით COVID-19-ის და მისი გართულებების (ციტოკინური შტორმი, თრომბოემბოლიები, სეფსისი და სხვ.) დიაგნოსტიკის და მკურნალობის ოპტიმალური მეთოდების და მიდგომების დანერგვას, უკიდურესი სიღატაკის მიუხედავად და სამინისტროსგან ერთი თეთრი დახმარების გარეშეც მოახერხა დაენერგა ინოვაციური მეთოდები და მიდგომები - ინტერლეიკინ-6-ის და იმუნური სტატუსის განსაზღვრა (რომელსაც სხვა არავინ აკეთებს), კონვალესცენტის პლაზმის გადასხმა და ავადმყოფის სისხლის ექსტრაკორპორული გაწმენდა სორბენტების საშუალებით (პირველად აღმოსავლეთ ევროპაში), რამაც რამოდენიმე განწირული ავადმყოფი გადაარჩინა. სამინისტროდან ელემენტარული ყურადღება და დახმარება რომ გვქონოდა, ამაზე გაცილებით უფრო მეტს გავაკეთებდით. ამ ფონზე უკიდურესად მძიმეა თქვენი და ბ-ნი გიორგი წოწკოლაურის ცინიკური დამოკიდებულება ცენტრის პრობლემებისადმი. ჩვენი ერთწლიანი ხვეწნა-მუდარა და თუნდაც პროტესტი არ უნდა ჭირდებოდეს იმას, რომ ამდენი ხანი იჯარა არ გააფორმეთ ვითომ იმ მიზეზით, რომ ჩვენ და ბ-ნი კურტანიძე რაღაცაზე ვერ ვთანხმდებით. რა უნდა დავთანხმდეთ, რომ ჭერგადახდილ შენობაში წვიმის ქვეშ ვიმუშაოთ? ვერ ხვდებით, რომ ამით თქვენ საბოტაჟს მარტო ჩვენ კი არა მთელ ქვეყანას უწევთ? ბატონი სერგეენკო თავისი უმძიმესი დანაშაულისთვის სასტიკად აგებს პასუხს, მაგრამ ეს თქვენ არ გათავისუფლებთ პასუხისმგებლობისგან.

 

თქვენი ცინიზმის კიდევ ერთი გამოხატულება იყო ჩვენი შედარება ონკოცენტრთან, რომელიც სრულიად არარელევანტური იყო. ჯერ ერთი ჩვენს ცენტრს - ყველაზე წარმატებულ სამედიცინო დაწესებულებას, რაღა მაინცდამაინც ყველაზე გაუბედურებულ დაწესებულებას ადარებთ. მეორე - ონკოცენტრს ჩვენგან განსხვავებით საკუთრი შენობა და ტერიტორია მაინც აქვს. მესამე - მათ ჭერგადახდილ შენობაში წვიმის ქვეშ მაინც არ უწევთ მუშაობა. მეოთხე - მათ არ უწევთ კომბინიზონში გახვეული და მართვით სუნთქვაზე მყოფი ავადმყოფების სხვაგან ტარება CT-ს გადასაღებად. მეხუთე - მათ არ აუცილებელიათ ქვეყნისთვის აივ/შიდსის სრულმასშტაბინი ეპიდემია უდიდესი ადამიანური მსხვერპლით და ძალიან სერიოზული ეკონომიკური ზარალით. მეექვსე - მათ არ მიუციათ ქვეყნისთვის უპრეცედენტო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელმაც სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ 70 ათასი C ჰეპატიტით ავადმყოფი განკურნა და დაახლოებით 25 ათასი ადამიანი უცილობელ სიკვდილს გადაარჩინა. მეშვიდე - ისინი არ ასრულებენ ფლაგმანის როლს COVID-19-თან ბრძოლაში. მერვე - მათ არ მიუღიათ ჯანმო-ს უმაღლესი ჯილდო Dr. Lee Jong-Wook-ს პრემია და 85 ათასი აშშ დოლარი და ა.შ. და ა.შ.

 

ნაბიჯები, რომლებზეც დღეს ილაპარაკეთ  - იჯარის და ცენტრის რემონტის თემაზე სხვადასხვა სამინისტროების და უწყებების, მათ შორის პროკურატურის წარმომადგენლის და თვითონ ბ-ნ კურტანიძეს მოწვევა, ძალიან დაგვიანებულია. ეს ერთი წლის წინ, 6 თვის წინ ან უკიდურეს შემთხვევაში 3 თვის წინ (ამ დროს COVID-19-ის ეპიდემია უკვე დაწყებული იყო) უნდა გადაგედგათ და დღეს რაღაც შედეგი უკვე იქნებოდა. აწი რომ ამას დაიწყებთ, ეს კვირეები და თვეები გაიჭიმება. ჩვენი მუშაობა კი ასეთ პირობებში ერთი კვირითაც კი არ შეიძლება.

 

რატომ გინდათ თქვენც (ბ-ნ გიორგისაც ვგულისხმობ) ბ-ნ სერგეენკოსავით ჰეროსტრატეს სახელით შეხვიდეთ ისტორიაში. ვერ ვხვდები, რაში გჭირდებათ ეს. ბ-ნ სერგეენკოს თავისებური მოტივი მაინც ჰქონდა - ბოღმა და შური.

 

თქვენ მკითხეთ ყირიმ-კონგოს ცხელებაზე. მოგახსენებთ დაზუსტებულ მონაცემებს. სულ სადღეისოდ საქართველოში დაფიქსირდა (2020 წელს) ყირიმ-კონგოს ცხელების 13 შემთხვევა, მათგან 9 გატარდა (ან ახლა ტარდება) ჩვენს ცენტრში და მათგან მხოლოდ 1 გარდაიცვალა - 11,1%. დანარჩენი 4 ავადმყოფი გატარდა ბოჭორიშვილის კლინიკასა და მცხეთაში და მათგან 2 გარდაიცვალა - 50%. მოგახსენებთ, რომ ჯანმო-ს ოფიციალური მონაცემებით ყირიმ-კონგოს ცხელების დროს ლეტალობის მაჩვენებელი 10-დან 40%-მდეა. ანუ აქაც (ისევე როგორც შიდსში და COVID-19-ში) ჩვენს ცენტრს ლეტალობის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. რატომ გინდათ მაინცდამაინც ასეთი დაწესებულების განადგურება?

 

თუ დღეს თქვენთან ძირითადად გადაუდებელი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის (ვენტილაცია, ჟანგბადი, კანალიზაცია და სხვ.) 250 ათასი ლარის და მხარდაჭერის თხოვნით მოვედი (ამაზეც თუ უარს იტყოდით, ნამდვილად რა მეგონა), ახლა ყველაფერი გასაგებია და მხოლოდ ერთი თხოვნით მოგმართავთ - უმოკლეს დროში - ორშაბათსვე გამოგზავნოთ ცენტრში რეგულაციის სამსახური, რათა დაადგინონ ცენტრის ფუნქციონირების გაგრძელება ამ სახით შესაძლებელია, თუ არა. ჩვენის აზრით ცენტრის ასეთ პირობებში მუშაობა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

 

პატივისცემით,    

 

თენგიზ ცერცვაძე