| From : | Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge> |
| To : | etikaradze@moh.gov.ge |
| Subject : | ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი |
| Cc : | Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Received On : | 16.07.2020 20:01 |
სასწრაფოდ.
ქალბატონო ეკატერინე,
მოგესალმებით.
ამ წერილს მხოლოდ თქვენ, ქ-ნ თინათინს და ქ-ნ თამარს გიგზავნით, რამდენადაც ჯერ კიდევ შესაძლებელია რაღაცის შეცვლა და ქვეყნისთვის სერიოზული უსიამოვნების თავიდან აცილება.
ბოლო შეხვედრაზე თქვენ შეგვპირდით, რომ გაგვაგებინებდით ცენტრის შენობასთან დაკავშირებით პრემიერთან შეხვედრის შედეგებს და გამოგზავნიდით რეგულირების სამსახურის წარმომადგენელს იმის შესაფასებლად, თუ რამდენად შესაძლებელია ცენტრის ასეთ პირობებში ფუნქციონირება. მაგრამ ეს არ მოხდა.
არ ვიცი, როგორ დაგარწმუნოთ, რომ ასე გაგრძელება, კერძოდ ცენტრის უმწვავესი პრობლემების სრული იგნორირება უკვე შეუძლებელია, კერძოდ:
სადღეისოდ რეალობა, მოსწონს ეს ვინმეს, თუ არა, ასეთია, რომ ჩვენი ცენტრი უზრუნველყოფს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სეგმენტებს:
· ცენტრი ექსკლუზიურად (ერთადერთი) ახორციელებს 5 ათასზე მეტი აივ/შიდსით ავადმყოფის მკურნალობას და მოვლას.
· ასრულებს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მთლიანი მოცულობის 20-25%-ს. დღემდე სულ ქვეყანაში ნამკურნალები 70 ათასი C ჰეპატიტით ავადმყოფისგან 18 ათასამდე ავადმყოფი ჩვენს ცენტრზე მოდის.
· ცენტრი ერთადერთი დაწესებულებაა, რომელსაც შეუძლია განსაკუთრებით საშიში ინფექციების სრულფასოვნად მართვა. მაგალითად, 9 ყირიმ-კონგოს ცხელებით ავადმყოფიდან მხოლოდ ერთი (11%) მოკვდა - საუკეთესო მაჩვენებელი ევროპაში. ცნობისთვის, სხვა კლინიკებში (მცხეთა, ბოჭორიშვილი) ნამკურნალები 4 პაციენტიდან ორი (50%) მოკვდა.
· ცენტრს გატარებული ჰყავს COVID-19-ით ავადმყოფების ყველაზე მეტი (245) რაოდენობა. ჰყავს ყველაზე მეტი გამოჯანმრთელებული და მხოლოდ ერთი გარდაცვლილი პაციენტი. სხვა კლინიკებისგან განსხვავებით არ ჰყავს არცერთი დაინფიცირებული მედპერსონალი.
· ცენტრი ახორციელებს ქვეყნის ყველა COVID ცენტრის კლინიკური საქმიანობის კოორდინაციას და მათ მხარდაჭერას, მათ შორის მაღალტექნოლოგიური კვლევებით, რომლებიც მხოლოდ ჩვენთან კეთდება - ინტერლეიკინ -6, იმუნური სტატუსი, ზოგიერთი ბაქტერიოლოგიური კვლევა და სხვ.
ცენტრის ფუნქციონირების შეწყვეტის შემთხვევაში, რაც დღე დღეზე გარდაუვალია, ყველაფერი ზემოთჩამოთვლილი „ჩამოიშლება“ და ნუთუ ვერ აცნობიერებთ, რა შედეგები მოჰყვება ქვეყნისთვის ამას.
ცენტრის წინაშე არსებულ უმძიმესი პრობლემების (რომლებიც ჩამოთვლილია ჩვენს ა.წ. 9 ივლისის წერილში და ამიტომ აღარ გავიმეორებ) მინიმალურად მოგვარებას სულ ცოტა ერთი მილიონი ლარი სჭირდება. მაგრამ ჩვენ მივდივართ უპრეცედენტო თვითშეწირვაზე და სამინისტროსგან ვითხოვთ მხოლოდ იჯარის ხელშეკრულების გაფორმებას და 300 ათას ლარს, სულ ყველაზე უფრო გადაუდებელი და სასიცოცხლოდ აუცილებელი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის - ვენტილაცია, ჟანგბადი, კანალიზაცია, ცხელი წყალი, დამიწება, ოთახის მოწყობა კომპიუტერული ტომოგრაფისთვის და სხვ. ეს პრაქტიკულად ბოლო შანსია სიტუაციის გადასარჩენად და ამაზეც უარს ამბობთ.
ცნობისთვის, ცენტრის მთავარმა მესაფლავემ ბ-ნმა სერგეენკომაც კი თავისი მინისტრობის ბოლო თვეებში 2.6 მილიონი ლარის აპარატურა და აღჭურვილობა შეიძინა ცენტრისთვის და გამწარებით ითხოვდა მშენებლობის „პრარაბად“ დანიშვნას, მაგრამ ბ-ნმა გიორგი წოწკოლაურმა ამის საშუალება არ მისცა. არადა, რომ მიეცა, შეიძლება უკეთესიც ყოფილიყო. კერძოდ, ბ-ნი სერგეენკოს უმკაცრესი დავალებით „აპექს სტუდიო 1“-ს ახალი შენობის პროექტი უნდა ჩაებარებინა 2019 წლის სექტემბერში და მშენებლობა მაშინვე უნდა დაწყებულიყო. ბ-ნი სერგეენკოს წასვლის შემდეგ სამინისტროს არც პროექტი და არც მშენებლობა საერთოდ არ გახსენებია და სულ არ შეწუხებულა იმაზე, რომ პროექტი 2019 წლის სექტემბრის ნაცვლად ახლაც არ არის ჩაბარებული. მართალია, ახლა დღის წესრიგში სხვა შენობა დგას, მაგრამ ეს მხოლოდ 2019 წლის 30 დეკემბერიდან გახდა ცნობილი, ხოლო პროექტი 2019 წლის სექტემბერში მზად უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის სამინისტროდან არავის მოუკითხავს.
ძალიან გთხოვთ გააცნობიეროთ, რომ თქვენ მინისტრი ბრძანდებით, ქვეყნის ბედი გაბარიათ და ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელობის საკითხის გადაწყვეტისას არ შეიძლება იხელმძღვანელოთ პიროვნების ან დაწესებულების მიმართ პირადი დამოკიდებულებით და არ შეიძლება მოიქცეთ ისე, რომ თითქოს არაფერი არ დაშავდება, თუ ყველაფერი უცვლელად გაგრძელდება.
თუ თქვენ თვლით, რომ მე როგორც ხელმძღვანელი არ ვვარგივარ და ჩემი მოთხოვნები არასწორია და/ან ჩვენი ცენტრის საქმიანობა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი არ არის, მაშინ თქვენ ვალდებული ხართ
· მე გამანთავისუფლოთ სამსახურიდან
და/ან
· ცენტრის ფუნქციონირება დაუყოვნებლივ შეაჩეროთ.
ხოლო თუ თქვენ ასე არ თვლით, მაშინ ვალდებული ხართ, რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, ცენტრისთვის ყველაზე გადაუდებელი სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემები გადაწყვიტოთ. მესამე გზა უბრალოდ არ არსებობს. თქვენ კი არც ერთს აკეთებთ (ჩემი განთავისუფლება და/ან ცენტრის ფუნქციონირების შეჩერება) და არც მეორეს (ცენტრის რეაბილიტაციისთვის 300 ათასი ლარის დახარჯვა და საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება) და ამით კატასტროფული საფრთხის წინაშე აყენებთ სახელმწიფოს.
ცალკე მინდა მოგახსენოთ COVID-19-თან ბრძოლის კლინიკური სექტორის შესახებ.
თქვენ, თქვენი და ჩვენი ოპონენტების საპასუხოდ ხშირად აცხადებთ, რომ კლინიკური სექტორის გასაძლიერებლად და COVID-19-ის მეორე ტალღისთვის მოსამზადებლად ყველაფერი კეთდება. სინამდვილეში ეს ასე არ არის. მართლა ყველაფერი კეთდება მათ შორის სამინისტროს აქტიური მონაწილეობითაც, მხოლოდ სხვა (არაკლინიკურ) მიმართულებებში, სადაც ფულიც ბევრი იხარჯება და გადაწყვეტილებებიც ოპერატიულად მიიღება. მაგრამ არამც და არამც კლინიკური სექტორში. აქ 180 გრადუსით საპირისპირო მდგომარეობაა. სამინისტროს საერთოდ არ აინტერესებს კლინიკური სექტორის პრობლემები და საერთოდ არაფერს არ აკეთებს მის მხარდასაჭერად და გასაძლიერებლად, რაც ასევე ძალიან ცუდად დამთავრდება განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ COVID-19-ით ავადმყოფების რიცხვი მოიმატებს. ამ წერილში არ შევუდგები იმის განხილვას, თუ რა უნდა კეთდებოდეს კლინიკურ სექტორში და რა არ კეთდება, მაგრამ დამიჯერეთ, ამ საკითხში რაღაცა მესმის.
ქ-ნო ეკა. ალბათ, გახსოვთ, რომ თქვენ ECMO-ს აპარატის და COBAS 6800 პჯრ სისტემის შეძენასაც კი შეგვპირდით. სინამდვილეში კი ერთი თეთრისაც კი არაფერი შეგიძენიათ და ჟანგბადის და ვენტილაციის გაკეთებაზეც კი უარს გვეუბნებით.
თუ კლინიკური სექტორის საჭიროებების სრული იგნორირება ჩვენი ფაქტორით არის გამოწვეული, მაშინ თქვენ ვალდებული ხართ ჩვენ ჩამოგვაცილოთ ამ საქმეს და ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები ჩვენთან დაპირისპირებას არ გადააყოლოთ.
კიდევ ერთხელ და უკანასკნელად გთხოვთ დადგეთ პირად დამოკიდებულებებზე მაღლა, შეგვხვდეთ უმოკლეს დროში (ისევ ქ-ნ თამარ გაბუნიასთან და ბ-ნ გიორგი წოწკოლაურთან ერთად) და გადავწყვიტოთ ცენტრის ყველაზე გადაუდებელი პრობლემები, ისევე როგორც მთლიანად კლინიკური სექტორის პრობლემები. ეს ჩვენი ბოლო მცდელობაა და თუ თქვენ ამჟამადაც არ გამოგვეხმაურებით, ჩვენ ვიხსნით ყველა პასუხისმგებლობას მოსალოდნელ შედეგებზე.
პატივისცემით,
თენგიზ ცერცვაძე
P.S. ქ-ნო ეკა. თქვენ აღნიშნეთ, რომ ჩვენ ხასიათებით ვგავართ ერთმანეთს. შესაძლოა, ეს მართლაც ასეა, მაგრამ მოდით, ეს ფაქტორი საქმის გასაკეთებლად და პრობლემების გადასაჭრელად გამოვიყენოთ და არა პირიქით.