| From : | Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: კორონავირუსი ჩინეთში |
| Cc : | Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Paata Imnadze <pimnadze@ncdc.ge>; Lela Tsotsoria <ltsotsoria@moh.gov.ge>; Tamar Meliqidze <tmeliqidze@yahoo.com> |
| Received On : | 21.01.2020 15:17 |
| Attachments : |
ქალბატონო ეკატერინე,
ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ სიახლეები ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, რომელიც ვრცელდება ოფიციალური წყაროებით.
ცენტრისთვის, როგორც ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების (IHR 2005) ეროვნული კოორდინატორისთვის ხელმისაწვდომია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადასტურებული სიახლეები და ირკვევა, რომ ხვალ, 22 იანვარს ჯანმოს გენერალური დირექტორი შეკრებს საგანგებო კომიტეტს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული პნევმონიის საკითხებზე. დღის წესრიგშია 3 საკითხი:
1. ახალი კორონავირუსით 2019-nCoV გამოწვეული პნევმონიის სტატუსის გადახედვა დაზარალებულ ქვეყნებში;
2. გენერალური დირექტორისთვის მოსაზრებების მიწოდება, არის თუ არა საერთაშორისო განგაშის საგანგებო სიტუაცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის
3. გენერალური დირექტორისთვის მოსაზრებების მიწოდება შესაძლო დროებითი რეკომენდაციების გაცემის შესახებ.
ჯანმო-ს ინფორმაციით, 2019 წლის 31 დეკემბრიდან (პრველი ანგარიშგების თარიღი) 19 იანვრის ჩათვლით ლაბორატორიულად დადასტურებულია 2019-nCoV-ით გამოწვეული 202 შემთხვევა, მ.შ. 3 დასრულებული ლეტალურად. შემთხვევები ქვეყნების მიხედვით შემდგენაირად ნაწილდება: ჩინეთი 198 შემთხვევა 3 დასრულებული ლეტალურად, ტაილანდი - 2, იაპონია -1, კორეის რესპუბლიკა -1. ჩინეთში ჰოსპიტალიზებული 170 შემთხვევიდან 126 - საშუალო სიმძიმისაა, 35 - მძიმე და 9 - კრიტიკული. შემთხვევები ჰოსპიტალიზებულია და იზოლაციური ღონისძიებების დაცვით მკურნალობას გადის ვუჰანის შერჩეულ სამედიცინო ინსტიტუციაში. დასახელებული შემთხვევებიდან 2 ანგარიშგებულია პეკინიდან და ერთი - ქალაქ შენზენიდან (გუანჯოუს პროვინცია).
აფეთქების წყარო ჯერ კიდევ არაა ცხადი და კვლევის საგანია ქ. ვუჰანში. პირველადი კვლევებით, გარემოს ნიმუშები, ქალაქ ვუჰანის ზღვის პროდუქტების ჰუანანის საბითუმო ბაზრიდან, დადებითი აღმოჩნდა nCoV-ზე, თუმცა ლაბორატორიულად დადასტურებული ზოგიერთი შემთხვევა არ უკავშირდება აღნიშნულ ადგილს. შემთხვევათა შეტყობინება გრძელდება ვუჰანიდან და ჩინეთის სხვა პროვინციებიდან. შემთხვევათა კვლევა კვლევა უნდა გაგრძელდეს ავადმყოფთა ინფიცირების გზების, ადამიანიდან-ადამიანზე გადაცემის ხარისხის, კლინიკური სპექტრისა და გეოგრაფიული გავრცელების დადგენის მიზნით.
US CDC ჩინეთის პასუხისმგებელ პირებზე დაყრდნობით აქვეყნებს 200-მდე დადასტურებული შემთხვევის შესახებ ჩინეთში და ექსპორტირებული შემთხვევების შესახებ ტაილანდში (2), იაპონიასა (1) და სამხრეთ კორეაში (1).
რაც შეეხება ECDC-ის, 18 იანვრის მონაცემებით, სულ 2019 წლის 31 დეკემბრის შემდეგ ვუჰანში აღრიცხულია 198 ლაბორატორიულად დადსტურებული შემთხვევა, მ.შ. სამი გარდაცვალება. გარდა ვუჰანისა შემთხვევები რეგისტრირებულია პეკინში 2, გუანჯოუში 1, ტაილანდში 2, იაპონიაში 1, სამხრეთ კორეაში 1. ყველას აქვს ვუჰანში მოგზაურობის ისტორია.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ იძლევა რაიმე სპეციფიურ რეკონდაციას მოგზაურთათვის.
მიუხედავად იმისა, რომ ცენტრი საქართველოში დაავადების შემოტანისა და გავრცელების რისკს აფასებს როგორც მინიმალურს, ჩვენს მიერ უკვე შემუშავდა დაავადების გავრცელების პრევენციისა და კონტროლის ძირითადი პრინციპების კონცეპტუალური ჩარჩო. ჩარჩოს ფარგლებში შეიქმნა ზედამხედველობის მიზნებისათვის შემთხვევათა განსაზღვრების დროებითი სამუშაო ვერსია, მართვისა და კონტროლის ძირითადი ასპექტების სამუშაო დოკუმენტი, ეპიდსიტუაციის მართვის სქემა.
ქვეყნის უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ მიზანშეწონილია სამინისტროს დონეზე განხილულ იქნას ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნის ასპექტები და განისაზღვროს სხვა უწყებების ჩართულობის საჭიროება. თქვენი დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ცენტრი მზადაა ჩაერთოს საკითხის პირველად განხილვაში სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ჯანდაცვის სამმართველოსა და სსიპ- საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან ერთად.
კომპეტენციის ფარგლებში ჩვენ ვაგრძელებთ სიატუაციის მონიტორინგს და განახლებულ ინფორმაციას წარმოგიდგენთ დაუყოვნებლივ.
პატივისცემით,
ამირანი
ამირან გამყრელიძე, მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
გენერალური დირექტორი
კახეთის გზატკეცილი 99, თბილისი 0198
ტელ.: +995 32 2192599
Email: a.gamkrelidze@ncdc.ge