From : Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G>
To : etikaradze@yahoo.de
Subject : Fwd: ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი
Received On : 11.01.2020 16:27
Attachments :





Sent from my Samsung Galaxy smartphone.


-------- Original message --------
From: Tengiz Tsertsvadze
Date: 1/11/20 8:20 PM (GMT+04:00)
To: Tamar Gabunia , Zaza Bokhua , Giorgi Tsotskolauri , tikhardziani@gmail.com
Cc: Tengiz Tsertsvadze
Subject: ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი

 

ქალბატონო თამარ, 

ბატონო ზაზა,

ბატონო გიორგი,

ქალბატონო თინათინ,

 

მოგესალმებით.        

 

როგორც ადრე მოგწერეთ. ბ-ნმა გიორგი გახარიამ და ქ-ნმა მაია ცქიტიშვილმა გასული წლის 30 დეკემბრის შეხვედრაზე შემოგვთავაზეს „სამედიცინო ინოვაციების ცენტრის“ შენობა. მათივე თხოვნით გავეცანით ამ შენობას და ა.წ. 8 იანვარს ქ-ნ მაიას გავუგზავნეთ წერილი, სადაც დავაფიქსირეთ ჩვენი მოსაზრება. გიგზავნით აღნიშნული წერილის ასლს.     

 

ჯანდაცვის სამინისტროს დავალებით დაგვიკავშირდა ასევე ბ-ნი ალექსანდრე კალანდაძე (რეგულირების სააგენტოდან) და შემოგვთავაზა დახმარება რეგულაციებთან შესაბამისობასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, ეს საჭირო იქნება. დიდი მადლობა.

 

როგორც მოგეხსენებათ, ცენტრის პრობლემა შედგება ორი ნაწილისაგან: 1. ახალი შენობის მშენებლობა და 2. ახალი შენობის აშენებამდე ცენტრის ფუნქციონირების უზრუნველყოფა. ეს უკანასკნელი არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან „სამედიცინო ინოვაციების ცენტრის“ შენობის გადმოცემის შემთხვევაშიც კი, მის სამუშაო კონდიციამდე მიყვანას სულ ცოტა ერთი წელი დაჭირდება და მანამდე როგორმე უნდა ვიარსებოთ, რაც სულ უფრო და უფრო პრობლემური ხდება.  

 

ბოლო სიახლე: გუშინ ბ-ნმა კურტანიძემ კატეგორიულად მოგვთხოვა ადმინისტრაციული შენობის დაცლა?! (ადრე ამას არ ითხოვდა). როგორია ამხელა ცენტრი ადმინისტრაციის გარეშე?

 

როგორც იცით, ცენტრს ბოლო ექვსი წლის მანძილზე გაუსაძლის მდგომარეობაში უწევს საქმიანობა, მაგრამ ბოლო თვეებში ეს უკვე ფიზიკურად შეუძლებელი გახდა, რადგან

ბ-ნი კურტანიძე მეთოდურად გვიკეტავს ჟანგბადს. საიჯარო ხელშეკრულების არქონის მოტივით ბ-ნი კურტანიძე ითხოვდა სულ ცოტა სამი კორპუსის (სამრეცხაოს, რენიმაციის და C ჰეპატიტის ელიმინაციის) დაცლას. კატეგორიულად გვიკრძალავს „ემერჯენსის“ გახსნას, კომპიუტერული ტომოგრაფის მოწყობას და ყოველგვარ, მათ შორის გადაუდებელ სარემონტო სამუშოებს. მან უკვე დაანგრია სამრეცხაოს შენობა და დავრჩით სამრეცხაოს გარეშე. ბოლო დღეებში ბ-ნმა კურტანიძემ კატეგორიულად მოგვთხოვა, დავცალოთ ადმინისტრაციის შენობა?!  რაც ავტომატურად ნიშნავს ცენტრის ფუნქციონირების შეწყვეტას. გარდა ამისა, ეზოში ავტომანქანების შემოსვლა ფასიანი ხდება ყველასთვის (მათ შორის ჩვენთვის) შპს „ავერსი-ფარმას“ თანამშრომლების გარდა. მოკლედ, ჩვენი ყოფა თანდანთან კოშმარულ სიზმარს ემსგავსება და ამ ყველაფერზე, სამწუხაროდ სამინისტროს არანაირი, აბსოლუტურად არანაირი რეაგირება არა აქვს (სიტყვიერი თანაგრძნობის გარდა). ერთადერთი, რაც სამინისტრომ ამ პერიოდში გააკეთა - მომსახურების სააგენტოს კომისია გამოგვიგზავნა, რომელმაც რაღაც ფორმალური მიზეზებით (მაგ. რენტგენოლოგს ჟურნალში არ ჰქონდა გაკეთებული ჩანაწერი სხივური დატვირთვის თაობაზე) 160 ათასი ლარით დაგვაჯარიმა. სამინისტროს მიზანი თუ ჩვენი დაჯარიმებაა, ამისთვის გაცილებით უფრო წონადი მიზეზები არსებობს, მაგ.: გამწმენდი ნაგებობის და სავალდებულო ვენტილაციის არქონა და ბევრი სხვ. უფრო მეტიც - ცენტრის ფუნქციონირება ასეთ პირობებში საერთოდ არ შეიძლება და სამინისტრომ მისი საქმიანობა უნდა შეაჩეროს.

 

ვინ დაიჯერებს, რომ სამინისტროს ხელმძღვანელობამ სურვილის შემთხვევაში შვიდი თვის მანძილზე ვერ მოახერხა ბ-ნ კურტანიძესთან კომუნიკაციაც კი (არაფერს ვამბობ საკითხის დადებით გადაწყვეტაზე). მითუმეტეს, როდესაც თვითონ ბ-ნი კურტანიძე მუდმივად გამოხატავს სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრის სურვილს. საგულისხმოა, რომ ჩვენთან შეხვედრისას ბ-ნმა პრემიერმაც კი გამოხატა ბ-ნ კურტანიძესთან კომუნიკაციის მზადყოფნა. ეს მაინც გამოვიყენოთ.

 

ადრე, როდესაც ყველაფერ ამას ბ-ნი დავით სერგეენკო აკეთებდა, ეს ასე თუ ისე გასაგები იყო. მას სრულიად შეგნებულად მიჰყავდა ცენტრი განადგურებისკენ, მან ისიც იცოდა, თუ რა შედეგით შეიძლება დამთავრებულიყო ყველაფერი ეს პირადად მისთვის და ქვეყნისთვის, მაგრამ თავის ბოღმას ვერ ერეოდა. ჩვენ საჯაროდ გვაქვს გაცხადებული, რომ მისთვის ეს ყველაფერი ასე იოლად არ ჩაივლის და „სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს“. მაგრამ რატომ იქცევა ასე და კიდევ უფრო უარესად სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა - გაუგებარია. ჩემი შიდსის ცენტრის ხელმძღვანელად 35-წლიანი მუშაობის მანძილზე 13 (ცამეტი) ჯანდაცვის მინისტრი შეიცვალა და პირველი შემთხვევაა, როდესაც მინისტრი არ შეხვედრია ცენტრის ხელმძღვანელობას და არ დაინტერესებულა ქვეყანაში აივ/შიდსის, ვირუსული ჰეპატიტების და  სხვა ინფექციური დაავადებების კუთხით.

 

თქვენ კარგად იცით ჩვენი უდიდესი პატივისცემა და მაღალი ნდობა თქვენს მიმართ. ჩვენ დიდი იმედებით შევხვდით ქ-ნი ეკას მინისტრად დანიშვნას და ცალსახად ვუჭერთ მხარს მის მიერ დაწყებულ ფუნდამენტურ ცვლილებებს, რომლებიც მიმართულია თანამედროვე ტიპის ეფექტიანი ჯანდაცვის სისტემის შექმნისკენ. მისი პირველი ნაბიჯებიც ძალიან შთამბეჭდავია. მაგრამ სამინისტროს დამოკიდებულება ჩვენი ცენტრის და მისი პრობლემების მიმართ ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ამიტომ იძულებული ვართ ვიხელმძღვანელოთ არისტოტელეს სიტყვებით „Amicus Plato, sed magis amica veritas“. ეს ჭეშმარიტება კი, სამწუხაროდ შემდეგია:

 

ცენტრს, რომელიც ერთადერთი ქვეყანაში ემსახურება აივ/შიდსით და სხვა მძიმე, გადამდები და განსაკუთრებით საშიში ინფექციებით ავადმყოფებს, შვიდი წელია არა აქვს საკუთარი ტერიტორია და შენობა-ნაგებობები, იმყოფება „ჯაყოს ხიზნების“ მდგომარეობაში და საქმიანობა უწევს მუდმივი შევიწროვებისა და „ბულინგის“ პირობებში; ცენტრს არა აქვს იურიდიული მისამართიც კი; ცენტრს ერთი წელია არა აქვს საიჯარო ხელშეკრულება და მისი არსებობა და ფუნქციონირება არალეგიტიმურია; ინფრასტრუქტურა იმდენად ამორტიზებულია, რომ პაციენტებს სამედიცინა მომსახურების მიღება უწევთ უმძიმეს, ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში; ცენტრს არა აქვს „ემერჯენსი“ და საკუთარი რადიოლოგიური და სხვა აპარატურა (რაც აქვს, იმასაც ბ-ნი კურტანიძე არ ადგმევინებს), რის გამოც აივ/შიდსით, მენინგიტებით, ჰემორაგიული ცხელებებით და სხვა მძიმე და გადამდები ინფექციური დაავადებებით (მათ შორის მართვით სუნთქვაზე მყოფი) ავადმყოფების ტარება სხვადასხვა კვლევისთვის უწევს მთელ ქალაქში?! ცენტრს არა აქვს გამწმენდი ნაგებობა, სავალდებულო სავენტილაციო სისტემა, გამართული კანალიზაცია, გათბობა, ცხელი წყალი; ცენტრს აღარ აქვს სამრეცხაო. უახლოეს დღეებში შეიძლება დავრჩეთ ადმინისტრაციის?! და რეანიმაციის?! გარეშე;   და ა.შ. და ა.შ. თუ თქვენ შეძლებთ დაგვისახელოთ თუნდაც ერთი ანალოგიური პრეცედენტი ჩვენს ქვეყანაში, ან უცხოეთში, ჩვენ საქვეყნოდ ბოდიშს მოვიხდით და ყველა პრეტენზიას უკან წავიღებთ.

 

გულახდილად გვითხარით - თქვენ შესძლებდით ასეთ პირობებში მუშაობას? ჩვენ გვესმის, რომ შესაძლოა სამინისტროს ვერ მიეღწია ბ-ნ კურტანიძესთან შეთანხმებისთვის, მაგრამ მცდელობა მაინც ხომ უნდა ყოფილიყო? რჩება შთაბეჭდილება, რომ სამინისტრო ექსპერიმენტებს ატარებს ჩვენზე და პაციენტებზე, რათა გაარკვიოს სად გადის ჩვენი გაძლების ზღვარი.

 

ბ-ნ კურტანიძესთან გარიგებულ სასწრაფო დახმარების სამსახურს ყველა ინფექციური ავადმყოფი მიჰყავს „ბოჭორიშვილის კლინიკაში“ და თან ისე, რომ ატყუებს ავადმყოფებს, რომ ინფექციური საავადმყოფო ის არის და არა ჩვენ. საგულისხმოა, რომ დღეს გრიპის ეპიდემიის პიკზე, როცა „ბოჭორიშვილის კლინიკა“ და სხვა კლინიკები გადავსებულია გრიპით ავადმყოფებით და ადგილები არ ყოფნით, ჩვენი ცენტრი ნახევრად ცარიელია და ეს მიუხედავად იმისა, რომ გრიპის მართვის ყველაზე გამოცდილი და კომპეტენტური სპეციალისტები სწორედ ჩვენს ცენტრშია და მთელი ქვეყანა ჩვენი შედგენილი გაიდლაინებით და პროტოკოლებით ხელმძღვანელობს. ამის მოგვარება მაინც ხომ შეუძლია სამინისტროს? ამის მაგივრად სამინისტრომ ჩვენს წერილზე ცინიკურად მოგვწერა, რომ სასწრაფო დახმარების სამსახური უზრუნველყოფს თანაბარ ხელმისაწვდომობას?! ჩვენს ცენტრსა და „ბოჭორიშვილის კლინიკას“ შორის. სინამდვილეში ჩვენს ცენტრში მხოლოდ აივ/შიდსით და იმ მძიმე და განსაკუთრებით საშიში ინფექციებით ავადმყოფებს აწვენენ, რომელთა მკურნალობა და მოვლა სხვებს უბრალოდ არ შეუძლიათ.

 

თუ სამინისტრო ასე იმიტომ იქცევა, რომ ჩვენი ცენტრი არასერიოზულ, მეორეხარისხოვან სამედიცინო დაწესებულებად მიაჩნია, ძალიან ცდება. ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის გარეშე გვინდა განვაცხადოთ, რომ ქვეყნის არცერთ სამედიცინო დაწესებულებას (მათ შორის ვისი მოგებაც მილიონობით იზომება და ხელფასები 10 ათასი ლარიდან იწყება) არ გაუკეთებია ქვეყნისთვის იმდენი და არ გადაურჩენია იმდენი ადამიანის სიცოცხლე, რამდენიც ჩვენს ცენტრს. საკმარისია ითქვას, რომ ცენტრმა ქვეყანას თავიდან ააცილა აივ/შიდსის ფართემასშტაბიანი ეპიდემია, მისგან გამომდინარე უდიდესი ადამიანური მსხვერპლით და სერიოზული ეკონომიკური ზარალით და სწორედ ცენტრი და არა თვითმარქვია სერგეენკო, იყო მსოფლიოში უპრეცედენტო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ძირითადი ინიციატორი და განმახორციელებელი. ცენტრი აგრეთვე უზრუნველყოფს მენინგიტებით, ყირიმ-კონგოს ცხელებით და სხვა განსაკუთრებით საშიში ინფექციებით ავადმყოფების სიკვდილობის ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებლებს და ყველაფერი ამისთვის ერთადერთს აღმოსავლეთ ევროპაში მიღებული აქვს ჯანმოს უმაღლესი ჯილდო -                    Dr. Lee Jong-Wook-ის პრემია და 85 ათასი აშშ დოლარი, რომლის მსგავსიც ჯერ არა აქვს მიღებული აღმოსავლეთ ევროპის არცერთი ქვეყნის არცერთ სამედიცინო დაწესებულებას.

 

თვალსაჩინოებისთვის მინდა მოვიყვანო ერთი მაგალითი. საქართველოში ღვიძლის ტრანსპლანტაცია გაკეთებული აქვს სულ 60-მდე პაციენტს ( ქ. თბილისსა და ქ. ბათუმში). საზღვარგარეთ - კიდევ დაახლოებით 100 პაციენტს და ქვეყანამ და/ან თვითონ პაციენტებმა ამაში მილიონობით ლარი/დოლარი დახარჯეს. მაშინ, როდესაც მარტო ჩვენმა ცენტრმა (და არა მთლიანად ელიმინაციის პროგრამამ) უმკურნალა და განკურნა 20 ათასამდე C ჰეპატიტით ავადმყოფი, რაც იმას ნიშნავს, რომ ღვიძლის ტრანსპლანტაციას და/ან სიკვდილს გადაარჩინა სულ ცოტა 6-7 ათასი პაციენტი. რა უფრო მნიშვნელოვანია და ღირებულია ქვეყნისთვის და ადამიანებისთვის: 60-მდე ღვიძლის ტრანსპლანტაციით გადარჩენილი პაციენტი (რომელთაგან ნაწილი შემდგომში მაინც დაინვალიდდა ან მოკვდა), თუ ცენტრის მიერ ღვიძლის ტრანსპლანტაციას და სიკვდილს გადარჩენილი ათასობით პაციენტი.  

 

ჩვენ, რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ და უკვე ამოვწურეთ ჩვენი შესაძლებლობები და ვიხსნით ყველა პასუხისმგებლობას. შეუძლებელია წლების მანძილზე იმუშაო ასეთ გაუსაძლის პირობებში და თან მუდმივად ხვეწნა-მუდარის რეჟიმში იყო. ამიტომ ჩვენ სამინისტროს/სახელმწიფოს აღარაფერს ვთხოვთ. თუ მათ ვჭირდებით, თავად გვთხოვონ, თუ არადა მოიქცნენ თავიანთი შეხედულებისამებრ. 

 

პატივისცემით,

 

თენგიზ ცერცვაძე

 

P.S. სულ სხვა საკითხი. გუშინ და დღეს, როგორც იცით, მთელი საინფორმაციო საშუალებები C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე ლაპარაკობენ და ცოტა გაუგებარია, თუ რატომ არ ჩათვალა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა საჭიროდ ჩემი ჩართვა ამ პროცესში. არ გვგონია, რომ ვინმეს პროგრამის ავკარგიანობაზე ჩემზე უფრო არგუმენტირებულად შეეძლოს საუბარი. მე მხოლოდ საღამოს 6 საათისთვის დამირეკა ქ-ნმა ეკა ადამიამ, მაგრამ ამ დროისთვის ყველა ძირითად ტელევიზიაში რესპოდენტები უკვე განაწილებული იყო, ხოლო ვიღაც მეათეხარისხოვან სააგენტოებთან სატელეფონო კომენტარზე მე ვთქვი უარი.