From : Besik Datukishvili <bdatukishvili@ssa.gov.ge>
To : pharm2019 spa gov ge <pharm2019@spa.gov.ge>; Nino Gamrekeli <NGamrekeli@spa.ge>
Subject : „პირფერიდონის“ და სხვა სპეციფიკური მედიკამენტების შესყიდვა
Cc : tmodebadze@ssa.gov.ge; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; kshalamberidze@spa.ge; lmamulashvili@ssa.gov.ge; kchkhartishvili@ssa.gov.ge; igobejishvili@ssa.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
Received On : 30.05.2019 13:59

მოგესალმებით, პატივცემულო კოლეგებო!

 

გვსურს, მოგაწოდოთ ჩვენი მოსაზრებები „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის“ სახელმწიფო პროგრამის, „იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტის“ ფარგლებში, მედიკამენტი „პირფერიდონის“ შესყიდვასთან დაკავშირებით. აგრეთვე, გამოვთქვათ ჩვენი აზრი, ჯანმრთელობის დაცვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამათა ფარგლებში, სპეციფიკური მედიკამენტების შესყიდვის შესახებ.

 

უპირველეს ყოვლისა, გვსურს, თქვენი ყურადღება გავამახვილოთ იმ საკითხზე, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომ ტექსტში - „სააგენტო“) წარმოადგენს ფარმაცევტული პროდუქტის უმსხვილეს შემსყიდველს ქვეყნის მასშტაბით. ამასთანავე, „სააგენტოს“ მიერ შესასყიდი მედიკამენტები, პირობითად, შესაძლებელია დაიყოს ორ ჯგუფად:

 

ა) ფარმაცევტული პროდუქტი (შემდგომში - „ა ჯგუფის მედიკამენტი“), რომლის შეძენა შეუძლია ნებისმიერ მსურველს (ფიზიკურ/იურიდიულ პირს), სააფთიაქო ქსელის მეშვეობით - აღნიშნულს განეკუთვნება „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამკურნალო საშუალებები (მაგ.: Metoprolole; Isosorbide Mononitrate; Thiamazole; Salbutamol Sulphate და ა. შ.);

 

ბ) ფარმაცევტული პროდუქტი (შემდგომში - „ბ ჯგუფის მედიკამენტი“), რომლის შეძენა სააფთიაქო ქსელის მეშვეობით პრაქტიკულად შეუძლებელია (მორფინის ჰიდროქლორიდი/სულფატი; მეთადონი; სისხლის ფაქტორები და ა. შ.) ან თუ შესაძლებელია, შეზღუდული/მინიმალური რაოდენობით და იმ ფასად, რომელიც მრავალჯერ აღემატება სახელმწიფოს მიერ შესყიდული იდენტური მედიკამენტის ღირებულებას (მაგ.: ინსულინი; ინსულინის ანალოგები; ორგანოგადანერგილ პაციენტთათვის აუცილებელი მედიკამენტები და სხვა).

 

უნდა აღინიშნოს, რომ, მიუხედავად კონსოლიდირებული ტენდერების მეშვეობით „ა ჯგუფის მედიკამენტების“ შესყიდვისას არსებული სირთულეებისა (რომელთა შესახებ თქვენთვის დეტალურად არის ცნობილი და მათზე აქ აღარ შევჩერდებით), ფარმაცევტული პროდუქტის მოწოდების დაგვიანება ან თუნდაც დეფიციტის შექმნა, არ იწვევს განსაკუთრებით მძიმე შედეგებს, ვინაიდან, როგორც ზემოთ ითქვა, ისინი ხელმისაწვდომია ყველა მსურველი პირისთვის.

 

რაც შეეხება „ბ ჯგუფის მედიკამენტებს“ მათი დაგვიანება და, მით უფრო, დეფიციტის არსებობა, პირდაპირ მიაყენებს ზიანს შესაბამისი კატეგორიის პაციენტთა ჯანმრთელობას/სიცოცხლეს გამოიწვევს კატასტროფულ შედეგებს (აღარაფერს ვამბობთ სოციალურ ფონზე, რომელიც ამგვარმა მდგომარეობამ შეიძლება შექმნას).

 

„ბ ჯგუფის მედიკამენტების“ შესაძენად განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და „სააგენტოს“ ერთ-ერთ ძირითად პრეროგატივას წარმოადგენს. შესაბამის სახელმწიფო პროგრამათა უმრავლესობა, ხორციელდება XX საუკუნის ბოლოდან ან 2000-იან წლების დასაწყისიდან და შემსყიდველ ორგანიზაციას დაგროვილი აქვს დიდი გამოცდილება ამ მედიკამენტების შეძენის სფეროში. აღნიშნულმა გამოცდილებამ, საშუალება მოგვცა, რომ უკვე მრავალი წლის განმავლობაში, სამინისტროს/სააგენტოს მიმწოდებლებად ჩამოყალიბებულიყვნენ ისეთი მსხვილი საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიები, როგორიცაა - „Sanofi-Aventis Private Co. Ltd“, „Novo Nordisk AS“, „BERLIN-CHEMIE Aktiengesellschaft“, „F.Hoffmann-La Roche Ltd“ და ა. შ. აღნიშნულ ორგანიზაციებს, საკუთარი წარმოების ფარმაცევტულ პროდუქტზე, ელექტრონულ ტენდერებში განხორციელებული აქვთ მაქსიმალური ფასდაკლება შესასყიდ მედიკამენტზე და უშუალოდ მათთან ხელშეკრულების გაფორმების დროს, არ არსებობს შუალედური რგოლი (დისტრებუტორი), რაც საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად შევამციროთ შესასყიდი პროდუქციის ღირებულება.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ რიგ შემთხვევაში, კონკრეტული სპეციალიზაციის გამო, უცხოელი კონტრაჰენტები არ აწარმოებენ ამა თუ იმ CPV ქვეკოდით მოცულ მედიკამენტებს ან თუ აწარმოებენ, მათი გასაყიდი ფასი მრავალჯერ აღემატება, ამავე პროდუქტის მიმდინარე ეტაპზე სხვა მიმწოდებლების მიერ ტენდერებში დაფიქსირებულ ფასს. კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადებისას, ამა თუ იმ CPV ქვეკოდით განსაზღვრული ფარმაცევტული პროდუქტის ერთიანად შესყიდვა, უდიდესი ალბათობით, გამოიწვევს არარეზიდენტი მიმწოდებლების მიერ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობაზე უარის თქმას და, შესაბამისად, ზიანს მიაყენებს სახელმწიფო პროგრამების უწყვეტობას, პაციენტთა ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი აზრით, კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის ჩატარება კონკრეტულად „ბ ჯგუფის მედიკამენტების“ შესასყიდად, ვერ გამოიღებს როგორც პრაქტიკულ, ისე მატერიალურ (საბიუჯეტო თანხების ეკონომიის კუთხით) ეფექტს.

 

რაც შეეხება უშუალოდ ფარმაცევტულ პროდუქტს - „პირფერიდონი“, იგი განეკუთვნება „ბ ჯგუფის მედიკამენტებს“. ბაზრის კვლევაში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა ორგანიზაციამ, უშუალოდ პრეპარატის მწარმოებელმა, ზემოხსენებულმა - „F.Hoffmann-La Roche Ltd“-მ. დაფიქსირებული ერთეულის ფასი (1 ფლაკონი - 1 550 აშშ დოლარი) წარმოადგენს მაქსიმალურად ფასდაკლებულ ღირებულებას და ელექტრონული/კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, არ შეიცვლება.

 

გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ფარმაცევტული კომპანია ელექტრონულ ტენდერებში/გამარტივებულ შესყიდვებში მონაწილეობას იღებს უშუალოდ, სათაო ოფისის მეშვეობით. შესაბამისად, თუ მიუხედავად ზემოთ მოცემული მსჯელობისა, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მაინც გადაწყვეტს კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადებას, ფარმაცევტული პროდუქტის შესასყიდად შემუშავებული ტიპური დოკუმენტაცია, ამ კონკრეტული შესყიდვისთვის აუცილებლად უნდა დაექვემდებაროს გადამუშავებას.

 

აქვე, ხაზგასმით უნდა შევეხოთ, ჯანმრთელობის დაცვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამათა ფარგლებში, „ბ ჯგუფის მედიკამენტების“ შესყიდვის საკითხს. ჩვენი მხრიდან ზემოთ მოყვანილი არგუმენტების, აგრეთვე იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ „სააგენტოს“ მიერ შესასყიდი, ამ ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის აგრეგირება სხვა მედიკამენტებთან ფაქტობრივად შეუძლებელია, სახელმწიფო პროგრამების უწყვეტობისა და პაციენტთა სიცოცხლის/ჯანმრთელობის დასაცავად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, მომავალი წლის ელექტრონული ტენდერები გამოცხადდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ. ამასთან, თუ მიუხედავად ზემოთ მოცემული მსჯელობისა, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მაინც გადაწყვეტს კონსოლიდირებული ტენდერების გამოცხადებას, სათანადო პროცესი უნდა დაიწყოს არა უგვიანეს ა. წ. სექტემბრისა, თითოეულ მედიკამენტზე უნდა გამოცხადდეს ცალკე შესყიდვა და თითოეული დოკუმენტაცია შედგენილი უნდა იქნეს კონკრეტული ფარმაცევტული პროდუქტის თავისებურებიდან გამომდინარე.

 

საუკეთესო სურვილებით,

ბესიკ დათუკიშვილი

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს

შესყიდვების სამმართველოს უფროსი

ტელ.: 577 730 742