| From : | Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: ჰეპატიტის მრჩეველთა ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრა |
| Received On : | 24.10.2019 21:10 |
თამუნა, საღამო მშვიდობის,
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ველაპარაკე ნსდს და ჩვენ საერთაშორისოს გოგოებსაც. სამინისტრო უშუალოდ საორგანიზაციო საკითხებში (მოწვევების დაგზავნა, დარბაზის დაჯავშნა, მასალების ბეჭდვა და სხვა) არასდროს არ ყოფილა ჩართული და არც ამ ეტაპზე ითხოვენ.
ჩვენი მხრიდან დასჭირდებათ ისეთი ტიპის მხარდაჭერა, როგორიცაა სტუმართა სიების შეთანხმება, პრეზენტაციების/პრეზენტატორების (მინისტრი/მოადგილე?) შეთანხმება, მინისტრის მონაწილეობის შეთანხმება და მსგავსი საკითხები (წინა წლების გამოცდილებით, ამ თემებს აგვარებდნენ
საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსის მეშვეობით).
პატივისცემით,
ეკა
ქალბატონო ეკატერინე,
C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა ქვეყანაში ხორციელდება 2015 წლიდან და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია საერთაშორისო ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის მუშაობა. ჯგუფის წევრები შეირჩა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა (აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია) და აკადემიური სფეროს (ემორის უნივერსიტეტი) წარმომადგენელ პარტნიორებთან ერთად, რათა შექმნილ ჯგუფში შესულიყვნენ ექსპერტები C ჰეპატიტის პრევენციისა და კონტროლის ყველა დარგიდან, რომლებიც მოცემულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გლობალურ სამოქმედო ჩარჩო დოკუმენტში, როგორიცაა განათლება და ადვოკატირება, ეპიდზედამხედველობა, პრევენცია, სკრინინგი, მოვლა და მკურნალობა. საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ექსპერტები შემდეგი ორგანიზაციებიდან: აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ემორის უნივერსიტეტი (აშშ), ჯონს-ჰოპკინსის უნივერსიტეტი (აშშ), ბერნეტის ინსტიტუტი (ავსტრალია) და ა.შ.
ჯგუფი რეგულარულად განიხილავს საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის არსებულ მდგომარეობას, პროგრამის შედეგებსა და მიღწევებს, წინა რეკომენდაციებით გათვალისწინებული საკითხების მდგომარეობას, ასევე C ჰეპატიტის პრევენციისა და კონტროლის საკითხებში მიღწეულ პროგრესს და ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებს. ჯგუფი ყოველწლიურად აფასებს ჩატარებულ სამუშაოებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს პრიორიტეტული ინტერვენციების, პროგრამის ინდიკატორებისა და ელიმინაციის მომდევნო ფაზების შესახებ.
აღნიშნული ჯგუფის შეხვედრა იმართება თბილისში ყოველწლიურად ნოემბერ-დეკემბერში. მიმდინარე წელს 18 -20 ნოემბერს დაგეგმილია საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის რიგით მე-5 შეხვედრა, რომელსაც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში ტრადიციულად ატარებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად.
შეხვედრის პირველ დღეს ტარდება სამეცნიერო სიმპოზიუმი, სადაც წარდგენილ იქნება C ჰეპატიტის ელიმინაციის საკითხებთან დაკავშირებული კვლევების შედეგები, მეორე-მესამე დღეს კი სტრატეგიის სხვადასხვა მიმართულებებზე დეტალური ანგარიშები. თანდართული დოკუმენტით გიზიარებთ შეხვედრის დღის წესრიგის წინასწარ ვერსიას.
მოგმართავთ თხოვნით, სამინისტროს მხრიდან დასახელდეს პასუხისმგებელი პირი, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და აშშ CDC-ის ოფისის წარმომადგენლებთან ერთად კოორდინირებას გაუწევს შეხვედრის საორგანიზაციო საკითხებს.
პროგრამისა და აღნიშნული შეხვედრის აქტუალობიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამინისტროს ხელმძღვანელობის და პირადად თქვენს ჩართულობას, როგორც შეხვედრის ოფიციალური გახსნის, ასევე მთავარი მოხსენების წარდგენისა და შემაჯამებელი სხდომის დროს.
პატივისცემით,
ამირანი
ამირან გამყრელიძე, მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
გენერალური დირექტორი
კახეთის გზატკეცილი 99, თბილისი 0198
ტელ.: +995 32 2192599
Email: a.gamkrelidze@ncdc.ge