ქალბატონო თამარ, ბატონო ამირან
წარმოგიდგენთ C ჰეპატიტის სკრინინგის ყოველკვირეულ ბოლო ანგარიშს 2019 წელს, 29 დეკემბრის მდგომარეობით. ამასთან, წარმოგიდგენთ მიმდინარე წლის ძირითად მიღწევებს:
1. მიმდინარე წელს ჩატარდა ყველაზე მეტი სკრინინგი (1,17,315 ტესტი) ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, გამოკვლეული იქნა ყველაზე მეტი უნიკალური პირი (575,426), გამოვლენილი იქნა 21,148
C ჰეპატიტზე ანტისხეულდადებითი უნიკალური პირი.
სულ გამოკვლეულია 1,78 მლნ მოზრდილი პირი, რომელთაგან პირადი ნომრით იდენტიფიცირებულია 1,7 მლნ პირი, მ.შ. სკრინინგით დადებითი 146,4 ათასი პირი (8,2%), მ.შ. პირადი ნომრით იდენტიფიცირებულია 127,9 ათასი პირი (7,5%).
2. დასკრინულ პირებში C ჰეპატიტზე ანტისხეულდადებითი პირების გამოვლენის მაჩვენებელი 2018 წელს 4,7%-დან შემცირდა 3,7%-მდე, ბოლო თვის მონაცემებით გამოვლენის მაჩვენებელი შემცირებულია 3,5%-მდე.
3. წინა წელთან შედარებით კონფირმაციული კვლევების რაოდენობა შემცირებულია 2,340 ერთეულით. ეს ნაწილობრივ უკავშირდება იმ გარემოებას, რომ ანტისხეულდადებითი პირების ძირითადი ნაწილი წინა წლისგან განსხვავებით გამოვლენილია ამბულატორიულ სექტორში ინტეგრირებული სკრინინგის ფარგლებში, შესაბამისად ჰოსპიტალიზებული პაციენტებისგან განსხვავებით ამბულატორიულ სექტორში კონფირმაციული კვლევისადმი ხელმისაწვდომობა ერთი ფანჯრის პრინციპით შედარებით შეზღუდულია. დეცენტრალიზაციის ფარგლებში თითოეულ მუნიციპალიტეტში სერვისის მინიმუმ ერთი მიმწოდებლის შექმნის შედეგად ამ სერვისისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდის პარალელურად სავარაუდოდ გაიზრდება კონფირმირებულთა რაოდენობა.
4. გაფართოვდა პირველად ჯანდაცვაში ინტეგრირებული სკრინინგის გეოგრაფია და მოიცვა საქართველოს ყველა რეგიონი, გარდა სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლისა. მიმდინარე წელს ჩატარებული იქნა დაახლოებით 385 ათასი სკრინინგი და გამოვლენილი იქნა 4,3 ათასზე მეტი
C ჰეპატიტზე ანტისხეულდადებითი პირი. მომავალ წელს დაგეგმილია აღნიშნული პროექტის გაგრძელება, წინასწარი შეთანხმებით ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ (აჭარისა და თბილისის მასშტაბით მიმდინარე სკრინინგებისა, რომლებიც ფინანსდება სხვა მექანიზმით) გამოყოფილია 1,035 ათასი ლარი, რაც წინა წელთან შედარებით 380 ათასი ლარით მეტია. ერთადერთი რეგიონი, რომელსაც თანხა არ გაუთვალისწინებია მომავალ წელს არის სამცხე-ჯავახეთის რეგიონი.
5. პირადი ნომრით იდენტიფიცირებული მოზრდილი მოსახლეობის 60% (1,7 მლნ პირი 2,8 მლნ-დან) გამოკვლეულია და ამ კუთხით ელიმინაციის მიზნის მისაღწევად დამატებით გამოსაკვლევია 1,1 მლნ პირი, რომელთა 70% კონცენტრირებულია თბილისში (481 ათასი პირი) და 10 დიდ ქალაქში (312 ათასი პირი). მოცვის მაღალი მაჩვენებლები მიღწეულია რაჭაში, გურიაში, სამეგრელოში, იმერეთსა და აჭარაში, ყველაზე დაბალი მოცვა გვაქვს სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და თბილისში.
6. წინა წელთან შედარებით მცირედით გაიზარდა მკურნალობაში ჩართულთა საშუალოთვიური რაოდენობა.
სკრინინგით მოცვის მინიმუმ იგივე მაჩვენებლების მიღწევის შემთხვევაში, რაც იქნა მიღწეული მიმდინარე წელს, 2020 წლისთვის შესაძლებელი იქნება მოზრდილი მოსახლეობის 80-82%-ით მოცვა.
აქვე მინდა წინასწარ მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი, გისურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება თქვენს ოჯახებთან ერთად და გისურვებთ წარმატებებს დასახული მიზნების მისაღწევად.
პატივისცემით
ხვიჩა